საქართველოს პრეზიდენტი ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და კალათბურთელებსა და კალათბურთის მოყვარულებს ეს უდიდესი გამარჯვება მიულოცა.
პრეზიდენტის განცხადებით, მიუნხენში მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამის საფუძველზე საქართველო, სხვა ევროპული ქვეყნებთან - იტალიასა და ჩეხეთთან ერთად უმასპინძლებს ,,ფიბას“ რამდენიმე თამაშს. ,,ამით ევროპა შემოდის საქართველოში და საქართველო შედის ევროპაში.
ასეთი დიდი ნაბიჯი და გამარჯვება მართლაც მოსალოცია. ამ გადაწყვეტილების მიღებისას მე ვიყავი მიუნხენში და ძალიან ამაყი ვარ. ეს ქართველი კალათბურთელების, კალათბურთის ფედერაციისა და ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, რომლებიც წლების მანძილზე ჩართულნი იყვნენ ამ საქმეში.
მე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღე ქართული მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. ბატონო პრემიერო, მინისტრო და დედაქალაქის მერო, ჩვენ, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ თამაშების ჩასატარებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დროულად დაიწყება და დამთავრდება.
მე რაც ვნახე პროექტის სახით, შესანიშნავია, არა მხოლოდ ჩვენი სპორტსმენებისათვის, არამედ ჩვენი რიგითი მოქალაქეებისათვისაც, რათა სპორტი ჩვენი საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს. მინდა, ევროპული დონის სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნაც მოგილოცოთ. სპორტი საზოგადოების ჯანსაღი ცხოვრებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ვისარგებლო დღევანდელი დღით და მივულოცო ნიკოლოზ ბასილაშვილს გამარჯვება. მისი და თქვენი მაგალითი კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ქართველ ახალგაზრდებს, რომ სპორტის გარეშე ბედნიერი ცხოვრება არ არსებობს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, კალათბურთს ფედერაციის ხელმძღვანელები და ეროვნული ნაკრების წევრები ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებს შორის კალათბურთში 3×3 ტურნირი ჩატარდა.