“გზა ნატოსკენ - ეს არის გზა გლობალური მშვიდობისკენ, ეს არის გზა რეგიონის სტაბილურობის გაძლიერებისკენ”, - საქართველოს პრეზიდენტმა ეს განცხადება ორფოლოს პოლიგონზე, მრავალეროვნული სწავლება “მტკიცე სული - 2019"- ის დასრულებისას გააკეთა.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მტკიცე სული ეს არის რაც ქართველ მეომრებს ახასიათებდა საუკუნეების მანძილზე და წლევანდელი სწავლების წარმატებით დასრულებით ჩვენ კიდევ უფრო ვუახლოვდებით მიზანს, რომელიც მდგომარეობს მრავალეროვნული სწავლების მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებაში.
“ამ სწავლების მთავარი გზავნილი - „ძალა პარტნიორობაშია“ - მთლიანად შეესაბამება ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ არჩეული გზის ერთგულებას. გზა ნატოსკენ - ეს არის გზა გლობალური მშვიდობისკენ, ეს არის გზა რეგიონის სტაბილურობის გაძლიერებისკენ; გზა უსაფრთხოებისკენ. ამ გზაზე საერთაშორისო პარტნიორობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
პრეზიდენტმა სიტყვისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სოლიდური წვლილის შეტანა შეუძლია ჩვენს რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნასა და შენარჩუნებაში.
“საქართველო, თავისი ნაბიჯებით, სამხედრო და პოლიტიკური რეფორმებით, თავისი ეკონომიკური მდგრადობით სულ უფრო სანდო და საიმედო პარტნიორი ხდება. თავდაცვასა და შეიარაღებაზე ზრუნვისას ჩვენ ნატოს სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ: თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%, შეიარაღებაზე კი - თავდაცვის ბიუჯეტის 20% იხარჯება. ჩვენ საამაყო ჯარისკაცები გვყავს, რომლებიც როგორც აქ, ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ - სამშვიდობო მისიებში იცავენ მშვიდობას და იმსახურებენ ჩვენი პარტნიორების დიდ პატივისცემას და ნდობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე თვეში საქართველოში დაგეგმილია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობა, რაც ალიანსის მხრიდან მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის ნათელი გზავნილია”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ჩვენი ყოველი ნაბიჯი, რომელიც თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება, საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკიდან გამომდინარეობს.
“საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო, ორიენტირებულია მშვიდობის განმტკიცებაზე, კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტასა და სახელმწიფოებრივ განვითარებაზე. ჩვენ ამ კურსიდან არ გადავუხვევთ. ჩვენი გზა - ეს არის გზა, რომელიც თანაბრად სჭირდება საქართველოს და მის საერთაშორისო პარტნიორებს, რამეთუ მშვიდობა და სტაბილურობა, უსაფრთხო გარემო დღეს ძალიან სჭირდება არა მხოლოდ ცალკეულ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს. ჩვენთვის, ქართველებისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ ამ საქმეში ჩვენი წვლილის შეტანა შეგვიძლია”.