საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა - ეს ჯილდო სიმბოლოა იმისა, რომ ნატოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება, გაძლიერდება და საბოლოო მიზნამდე მიგვიყვანს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისათვის ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია დღეს ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მოქალაქეებისა და ქართველი ხალხის სახელით, მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს.
,,ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ვაღიაროთ და აღვნიშნოთ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გოტმიოლერის ღვაწლი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მშვიდობას მიუძღვნა.

გვინდა ვაღიაროთ თქვენი როლი საქართველო - ნატოს თანამშრომლობაში, რაც მშვიდობის სამსახურის კიდევ ერთი გზაა. ჩვენი თანამშრომლობის მიზანი რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის გაძლიერებაა, რაც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს დღევანდელ სამყაროში. მნიშვნელოვანია ის, რაც გააკეთეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად და საქართველოს მხარდაჭერის გასაზრდელად. 2019 წელი განსაკუთრებული წელია ნატო - საქართველოს თანამშრომლობაში. ამას თქვენ გიმადლით და ვფიქრობ, რომ დღეს ოქროს საწმისის ორდენის მონიჭება თქვენთვის, ეს საქართველოს მეგობრად თქვენი აღიარების გზაა. ეს ჯილდო სიმბოლოა იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან გაგრძელდება, გაძლიერდება და საბოლოო მიზნამდე მიგვიყვანს“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა როუზ გოტმიოლერს.

როუზ გოტმიოლერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს მინიჭებისათვის და აღნიშნა, რომ ნატო - საქართველოს უნიკალური პარტნიორობის 30 წლის განმავლობაში კავშირები გაღრმავდა და განვითარდა.

,,ამ საზეიმო მომენტში, მინდა, ყველა იმ მამაც მეომარს მივაგო პატივი, რომელმაც სიცოცხლე დათმო ავღანეთის მისიაში. ჩვენ ჭეშმარიტად მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ვამაყობ ნატო - საქართველოს მიერ ჩატარებული ერთობლივი სამუშაოთი. ერთ დღეს საქართველო გახდება ნატოს წევრი მე ველოდები ამ დღეს“, - აღნიშნა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.

სხვა სიახლეები