სალომე ზურაბიშვილი - საქართველოსთვის თავდაცვის პოლიტიკა ნიშნავს ნატოს, როგორც უსაფრთხოების მთავარი უზრუნველმყოფის, ღია კართან მაქსიმალურ მიახლოებას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების მე-13 კონფერენცია - GDSC გახსნა და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა:
 
"
როგორც საქართველოში, ისე რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევები იზრდება. საქართველო არც ისე შორს არის, რეგიონის ეგრეთ წოდებული კრიზისული თაღისგან, სადაც ომი, ტერორიზმი, შიდა პოლიტიკური არეულობა ან მიგრაცია საფრთხეს უქმნის მშვიდობას, უსაფრთხოებასა და განვითარებას. საქართველომ შეძლო სტაბილურობის კუნძულის შენარჩუნება და მოახერხა მისი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების დაცვა არასასურველი ეფექტებისგან. მაგრამ ეს ძალისხმევა შესანარჩუნებელი და გასაორმაგებელია მოახლოებული ტერორიზმის პრევენციისთვის. ეს ნიშნავს პარტნიორებთან ინფორმაციის აქტიურ გაცვლას, მეტ გამჭვირვალობას, საზღვრების და საზღვრების კვეთის მეტ კონტროლს.
 
საფრთხეები სხვადასხვა ფორმას იღებს, და როგორც ბევრ ქვეყანაში, ჩვენთანაც კიბერუსაფრთხოება მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდა. გასულ კვირას საქართველოში 13,000 დომეინზე განხორციელდა კიბერშეტევა; მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც მოხვდა მსხვერპლთა რიცხვში. საქართველო ახალი რესურსების მობილიზაციას ახდენს და მზადაა უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის, რათა გავუმკლავდეთ ამ საფრთხეებს და მოვემზადოთ სისტემების უკეთესი დაცვისთვის.
 
შავი ზღვა საქართველოსთვის როგორც მომავალი ეკონომიკური განვითარების პოტენციალს, ისე უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს.
 
მისი პოტენციალი არის ევროპასა და აზიას შორის ჰაბის როლი, ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტები უფრო და უფრო პირდაპირ აკავშირებს საქართველოს ევროკავშირის პარტნიორებთან მეორე ნაპირზე.
 
ეს კი ნიშნავს, რომ შავი ზღვით და მის გარშემო ეკონომიკურ თანამშრომლობას თან უნდა ერთოდეს უსაფრთხოების გაცნობიერება და სტრატეგიული და თავდაცვითი თანამშრომლობა, რათა ავიცილოთ ყველანაირი ინციდენტი ან ესკალაცია, როგორიც აზოვის ზღვაში ვნახეთ.
 
ბათუმის და ფოთის პორტებში ნატოს გემების შემოსვლა მყარი მხარდაჭერის მაჩვენებელია. ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას შავ ზღვაში.
 
სტაბილურობის გამოწვევები არა მარტო სამხედრო ხასიათისაა: ჩვენ ვხედავთ როგორ ემუქრება დეზინფორმაცია, ცილისწამება და ცრუ ინფორმაცია საზოგადოების ფუნდამენტებს. ასეთი იყო ბოლო დღეებში თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე და მის ლიდერზე. საბედნიეროდ, ასეთ გამოწვევაზე საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ დაადასტურა მისი მოწიფულობა და უნარი ასეთ მანიპულაციებს არ დაექვემდებაროს.
 
ახალი და მრავალმხრივი საფრთხეების გარდა საქართველოს მთავარი და ყოველდღიური უსაფრთხოების გამოწვევად რჩება ოკუპირებული ტერიტორიები, ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე კონტროლის არ ქონა.
 
ეს ოკუპაცია ნიშნავს რუსეთთან მუდმივ დაძაბულობას, დაუსრულებელ ინციდენტებს, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს უფრო სახიფათო სიტუაციაში; საქართველო მუდმივად ცდილობს მათ თავიდან აცილებას, ვინაიდან ცალმხრივად აქვს უარი ძალის გამოყენებაზე.
 
მაგრამ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარულ გაჭირვებას შეუძლია ნებისმიერ დროს საფრთხე შეუქმნას მშვიდობას და მშვიდობიან განვითარებას.
 
მხოლოდ წინა კვირას ორი ჰუმანიტარული ტრაგედია განვითარდა: მარგო მარტიაშვილი გარდაიცვალა, ვინაიდან გამშვებ პუნქტზე არ გაატარეს და ვერ მიიღო სამედიცინო დახმარება, მეორე ქალი - თამარ გიგაური იბრძვის თავისი სიცოცხლისთვის, რადგან ძალით გადაიყვანეს ცხინვალის საავადმყოფოში, სადაც ის ვერ იღებს ისეთ სამედიცინო დახმარებას, რაც მხოლოდ საოკუპაციო ხაზის აქეთ მხარეს არის ხელმისაწვდომი.

მე მინდა ეს ფორუმი გამოვიყენო და თქვენი მეშვეობით მივმართო საერთაშორისო საზოგადოებას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, რომ სასწრაფოდ ჩაერთონ ამ ჰუმანიტარულ ტრაგედიაში და მოძებნონ ეფექტური გადაწყვეტის გზები.

ადეკვატური პასუხის არარსებობა ამ სიტუაციაში, რაც 2008 წლის მერე გრძელდება, თავად წარმოადგენს უსაფრთხოების გამოწვევას.
 
მოსახლეობის უიმედობას და გაჭირვებას შეიძლება მოყვეს ინციდენტები, რომელთა თავიდან აცილება და კონტროლი ჩვენს საერთო ინტერესშია.
 
რუსეთი უნდა დავარწმუნოთ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაში და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოვიძიოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზების გადაწყვეტის შესაძლებლობები ჟენევის, სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. რეგიონში ხანგრძლივი უსაფრთხოების მიღწევის ეს ერთადერთი გზა არსებობს.
 
საქართველოს პასუხი ამ გამოწვევებზე მის თავდაცვის პოლიტიკაში და ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაშია.
 
საქართველოსთვის თავდაცვის პოლიტიკა ნიშნავს ნატოს, როგორც უსაფრთხოების მთავარი უზრუნველმყოფის, ღია კართან მაქსიმალურ მიახლოებას.
 
ინტეგრაციის ეს პროცესი დღეს კონსტიტუციით გარანტირებული, მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი და შეუქცევადია.
 
ეს პროცესი არა მარტო მომავალს გვპირდება, არამედ უკვე აძლევს ქართულ შეიარაღებულ ძალებს გაზარდოს თავისი თავდაცვისუნარიანობა.

ერთობლივად ჩვენ განვახორციელეთ მრავალი წვრთნა, წარმატებით დავასრულეთ ნატო - საქართველოს არსებითი პაკეტი და ახალი ფაზის დაწყებისთვის ვემზადებით, აგრეთვე ინტენსიური ორმხრივი თანამშრომლობა გვაქვს პარტნიორებთან. 
 
ამ პროცესში საქართველოს თავისი სრული წილი შეაქვს როგორც თავდაცვის საჭიროებებზე მშპ-ს 2%-ის ხარჯვით, ისე სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით ავღანეთში, ცენტრალურ აფრიკასა და მალიში.
 
საქართველოს პასუხი მის ეკონომიკურ განვითარებაშია, მის 5%-იან ზრდაში; ტურისტული და სასტუმრო სექტორის, აგრეთვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიების და სოფლის მეურნეობის განვითარებაში.
 
ჩვენი პასუხი მყარი დემოკრატიული განვითარებაა, ახალი კონსტიტუციით, მშვიდობიანი არჩევნებით და ახლა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შემუშავებული ახალი საარჩევნო კანონმდებლობით, რომელიც ძალაში შევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და სასამართლო რეფორმით, რომელიც გადამწყვეტ ფაზაშია.
 
საარჩევნო მარათონის ერთ-ერთი გამოწვევა ცრუ ინფორმაცია, დეზინფორმაცია და პოლარიზაციაა, რომელიც საქართველომ უნდა გადალახოს.
 
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩვენ ჩვენს მეზობლებს და პარტნიორებს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ ძლიერ, ცოცხალ და მშვიდობიან საქართველოს ვთავაზობთ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კონფერენციაზე, 2 დღის განმავლობაში, განიხილება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესი და გაწევრიანების პერსპექტივები, ჰიბრიდული საფრთხეები და საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა.
 
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.



 

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან