დიასპორა ის ადამიანური კაპიტალია, რომელიც ქვეყნის განვითარების საქმეში უნდა ჩაერთოს. სწორედ დიასპორის ამ ჩართულობის შესაძლებლობებსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ახალ კვლევაზე მსჯელობდნენ დღეს ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გამართულ პირველ, საკოორდინაციო შეხვედრაზე, რომელშიც აღმასრულებელი, საკანონმდებლო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი კვლევა იმ სპეციალურ პროგრამას ეხება, რომლის საშუალებითაც ორგანიზაციამ ონლაინ მოიძია წარმატებული ქართველები და მოახდინა მათი კლასიფიკაცია საქმიანობის სფეროების მიხედვით. საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, ქეთევან მახარაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ქართული დიასპორის საკითხები საკუთარი საქმიანობის პრიორიტეტად გამოაცხადა. იგი დაინტერესებულია დიასპორის წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს დამატებითი რესურსები. "სამუშაო შეხვედრებს შემოუერთდებიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, რომ მაქსიმალურად განვითარდეს ქართულ დიასპორასთან დაკავშირებული ის პროდუქტები, რომლებიც უკვე არსებობს და ბევრად უფრო გაუადვილდეთ მათ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა ქეთევან მახარაშვილმა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია დადებითად აფასებს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას ქვეყნის განვითარების საქმეში ქართული დიასპორის ჩართულობასა და მობილიზაციაზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციების შეკრებასთან დაკავშირებით. "IOM-მ ქართული დიასპორის განვითარებისა და მობილიზაციისათვის ერთდროულად დანერგა სხვადასხვა ინიციატივები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს დიდ გავლენას მოახდენს დიასპორის მობილიზაციაზე და ასევე ხელს შეუწყობს დიასპორის მონაწილეობას საქართველოს განვითარებაში“, - განაცხადა IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სანია ჩელებიჩ ლუკოვაციმ.