სალომე ზურაბიშვილი - აუცილებელია საქართველოს პარლამენტში დიასპორას ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი და ინტერესების დამცველი

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებულ კონფერენციაზე ქართულ დიასპორასთან დაკავშირებით რამდენიმე ინიციატივა დააყენა, რომელიც საქართველოს პარლამენტში დიასპორის წარმომადგენლის საჭიროებასა და დიასპორის სახლის დაარსებას ეხებოდა.
 
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის განვითარების პროცესში ჩართულობის თვალსაზრისით, საჭიროა, გაიზარდოს და გაფართოვდეს დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობის პოლიტიკური ფორმები და საქართველოს პარლამენტში დიასპორას ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი.
 
"აუცილებელია, საქართველოს პარლამენტში დიასპორას ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, თავისი ინტერესების დამცველი. ასეთი პრაქტიკა არსებობს ბევრ ქვეყანაში, რომლებსაც გააჩნიათ ძალიან დიდი დიასპორა და რომლებმაც გააცნობიერეს, რომ დიასპორას უნდა მიეცეს პარლამენტში სიტყვისა და კანონშემოქმედებით საქმიანობაში ჩართვის უფლება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
პრეზიდენტმა მიმართა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, პარტიული სიის პირველ თხუთმეტკაციან შემადგენლობაში ჩასვან დიასპორის ერთი წარმომადგენელი.
 
"ეს დიდი სიახლე და ძალიან დიდი გზავნილი იქნება ჩვენი დიასპორისათვის. თუკი ამ მიმართულებით სხვადასხვა პარტიებს შორის პოზიტიური შეჯიბრებითობა გაჩნდება, ეს ძალიან სასარგებლო იქნება, როგორც ქვეყნისათვის, ასევე დიასპორისათვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
 
სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი ინიციატივა საქართველოში დიასპორის სახლის შექმნის იდეას ეხებოდა.
 
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში დაბრუნებულ ჩვენს თანამემამულეებს ხშირად სჭირდებათ დეტალური ინფორმაცია დასაქმების სფეროების, საინვესტიციო მიმართულებების, სწავლის გაგრძელებისა და ყველა იმ შესაძლებლობის შესახებ, რასაც სთავაზობს მათ ქვეყანა. ამომწურავი ინფორმაციის გაცემით დიასპორის სახლი შეასრულებს ძალიან კონკრეტულ და აუცილებელ ფუნქციას.
 
პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლეში გამოიყოს ერთი კაბინეტი, რომელიც შეასრულებს დიასპორის სახლის ფუნქციას და მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს დანიშნოს საკუთარი წარმომადგენელი, რომელიც სასახლეში მიიღებს დიასპორის წარმომადგენლებს.
 
პრეზიდენტმა საერთაშორისო კონფერენციაზე ქართული დიასპორის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით იმის გამო, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, საქართველო თავს თვლიდა არაემიგრანტების ქვეყნად, საიდანაც არავინ მიდიოდა და რომელსაც არავინ ტოვებდა, იგი არ იყო მზად დიასპორის პრობლემის დასაძლევად; უცებ კი, ძალიან მოკლე დროში, იქცა ქვეყნად, რომელსაც საზღვარგარეთ ძალიან დიდი დიასპორა ჰყავს.
 
"ჩვენ არ ვიყავით მზად გაგვეცნობიერებინა რას ნიშნავს დიასპორა, როგორ შეიძლება ერთდროულად დიასპორა გამოიყენო ქვეყნის მშენებლობისთვის და თან გაუწოდო ხელი, შეუქმნა პირობები, რათა სამუდამო დიასპორად არ იქცეს.
 
მე გავიზარდე ემიგრაციაში და ყოველთვის მიკვირდა, როცა სხვა ქვეყნების ემიგრანტებს ვხვდებოდი და მეუბნებოდნენ, რომ დაიწყეს ახალი ცხოვრება, ახალ ქვეყანაში და საკუთარ ქვეყანასთან არანაირი კავშირი აღარ სურდათ. თუმცა, ჩვენი დიასპორის განწყობა ასეთი არ არის. უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს გული ყოველთვის სამშობლოსკენ მოუწევთ. მათსა და ქვეყანას შორის უფსკრულის არსებობის განცდა საბედნიეროდ, არ არსებობს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მეტი არ უნდა ვიმუშაოთ, რათა არსებული სულიერი კავშირი უფრო ქმედით კავშირად გადავაქციოთ.
 
დიასპორას ერთდროულად, უნდა მივცეთ პერსპექტივა ამ ქვეყანაში და თავიანთი პოტენციალის მაქსიმალური გაშლის შესაძლებლობა უცხო ქვეყანაში, რათა ყველგან ძალიან ღირსეულად ვიყოთ წარმოდგენილი”, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
 
პრეზიდენტის თქმით, ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენი პარტნიორებისთვის არალეგალური ემიგრაცია პრობლემას წარმოადგენს, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დიასპორა ძალიან ბევრ ქვეყანაში არ არის ძალიან კარგად მიღებული და არ არის ძალიან ბევრის მიმცემი თავისი კულტურითა და გამოცდილებით.
 
"მე საფრანგეთში ვცხოვრობდი და ვიცი როგორი დაფასებულნი არიან საფრანგეთის ყველა ქალაქში და ყველა საავადმყოფოში ქართველი ექიმები. ჩვენი ექიმები დაფასებული არიან მთელ მსოფლიოში, როგორც მეცნიერებაში, ასევე პრაქტიკული საქმიანობისას. ეს ჩვენი გენეტიკური, ერთ - ერთი ძალიან დიდი პოტენციალია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
 
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ემიგრაციასთან კავშირების შენარჩუნებაზე, იმთავითვე ისმება მათი დაბრუნების საკითხი. ეს თემა კი, დღევანდელ მსოფლიოში სულ სხვანაირად დგას. დღეს, გამარტივებული კომუნიკაციისა და ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში, მრავალი სხვადასხვა ფორმით შეიძლება დაბრუნდე შენს ქვეყანაში - დაბრუნდე დროებით, სხვადასხვა კავშირებით, უცხოეთში ცხოვრობდე და სამშობლოში მოღვაწეობდე და სხვა.
 
"პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცხოეთიდან ჩამოყვანილი ქართველი სტუდენტი - სტაჟიორები, ჩემი ადმინისტრაციის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ და ყველაზე საინტერესო ნაწილს წარმოადგენენ, თავიანთი იდეებით, თავისუფლებითა და ინიციატივის უნარით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და რომელიც ყველაზე უფრო გვაკლია”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
 
საქართველოს პრეზიდენტმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს სამშობლოში დაბრუნებისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არცერთი დაბრუნება არ არის ისეთი ღირსეული და შედეგიანი, როგორც დაბრუნება საკუთარ რეგიონში, მხარესა, თუ ქალაქში.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან