პრეზიდენტი - დიასპორა მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული და არჩევნებში ჩართული

საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ დიასპორასთან საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ონლაინშეხვედრა გამართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ 20 სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები 70-ზე მეტი ქალაქიდან.

,,მოგესალმებით! ძალიან დიდი მადლობა შეხვედრაში მონაწილეობისათვის. მიმდინარე წელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება არჩევნები. ყველამ იცით, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს არჩევნები და მასში თქვენი, როგორც დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობა. 

დიდი ხანია დიასპორიდან არჩევნებისადმი ასეთი ინტერესი არ ყოფილა და გასაგებია, რომ ეს დაკავშირებულია ახალ იმედთან, რაც დაიბადა მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ეს წელი ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რამეთუ წლის ბოლოს შესაძლებელი, მოსალოდნელი და საიმედოა, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნას, მაგრამ ამ ყველაფრისთვის მაქსიმალური აქტიურობაა საჭიროა. 

დიასპორაში დღეს დაახლოებით, ჩვენი მილიონი მოქალაქე ცხოვრობს. აქამდე, არჩევნებში მონაწილეობას ამ მილიონიდან დაახლოებით, 17 000 იღებდა, ეს აბსურდია. ეს ნიშნავს იმას, რომ დიასპორა არ იყო ჩართული და ამ მიმართულებით - არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, არ იყო საჭირო ძალისხმევა განხორციელებული. 

ეს ძალისხმევა მოითხოვს იმას, რომ ჩვენ, ქვეყნის ყველა სახელმწიფო უწყება - პრეზიდენტის ინსტიტუტი, ცესკო, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქედან ვიყოთ ჩართული, რათა მაქსიმალურად გაგიადვილოთ ეს პროცესი; მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ თქვენი მხრიდან უნდა არსებობდეს მზადყოფნა და მობილიზება იმისთვის, რომ მაქსიმალურად დარეგისტრირდეთ, მაქსიმალურად ჩაეწეროთ საარჩევნო სიებში და მაქსიმალურად უკვე დღეიდან დაიწყოთ მუშაობა დამატებითი უბნების გასახსნელად. 

არ დაგიმალავთ, რომ ეს ალბათ, ადვილი არ იქნება. ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრები ცესკოსთან, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებთან და ამ კუთხით არის მხარდაჭერა, მაგრამ საჭირო იქნება დიდი მობილიზება რათა, ის, რაზედაც გვეუბნებიან, რომ ,,რატომაც არა, მაგრამ რთულია“, - გაკეთდეს! ეს დროულად უნდა გაკეთდეს. უბნების გახსნა არ ხდება არჩევნებამდე ერთი თვით, თუ ორმოცი დღით ადრე, ამაზე მუშაობა დღეს იწყება, ამაზე მოთხოვნები და ამაზე ხელმოწერები დღესვე უნდა გაიგზავნოს. 

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ შეხვედრაში მონაწილეობისათვის და შემდეგი თანამშრომლობისთვის. ჩვენ ერთად მივაღწევთ იმას, რომ დიასპორა ამ არჩევნების მნიშვნელოვანი მონაწილე გახდეს“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, როდესაც საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით 50 კაცი მოამზადებს დოკუმენტს და მოაწერს ხელს, დოკუმენტის დედანი უნდა მიიტანოს საკონსულოში, ან გადაუგზავნოს მას ფოსტით.

,,თუმცა მე გთხოვთ, რომ ამ დოკუმენტის ასლი გაგზავნოთ ცესკოში და ასევე, ჩვენთან [პრეზიდენტის ადმინისტრაციაში] იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს საშუალება, რომ ეს ინფორმაცია მივიღოთ საგარეოდან. ცესკო გვეუბნება, რომ თუ არ მიიღებს ინფორმაციას საგარეოდან, ვერ დაიწყებს უბნის გახსნისათვის საჭირო ღონისძიებებსა და ძალისხმევას შენობის დაქირავებისა თუ  ყველა სხვა იმ ზომების შესახებ, რაც უბნის დროულად გახსნისათვისაა საჭირო. ეს ახლა უნდა მოხდეს, ახლა უნდა დაიწყოს ცესკომ ამაზე მუშაობა.

ამიტომ, თქვენ, ვინც მოწადინებული ხართ, რომ მოითხოვოთ უბნის გახსნა, უნდა გაიაროთ საკონსულო აღრიცხვა, მეორე - გადააგზავნოთ დედანი საკონსულოში, (და მერე ჩვენც დაგეხმარებით იმაში, რომ საგარეოდან მივიღოთ პასუხი, რაზეც გარანტიას ვერ მოგცემთ, რადგან ჩვენთან ბოლო შეხვედრაზე როცა ცესკო, ელჩები და არასამთავრობოები იყვნენ წარმოდგენილი, საგარეომ თავისი წარმომადგენელიც არ გამოუშვა, მაგრამ მე იმედს არ ვკარგავ. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავიაროთ, უნდა ვიბრძოლოთ. დაბოლოს, ყოველთვის არის იმის საშუალება და კარგი ნიშანი იქნება, რომ ჩამოხვიდეთ და აქ მისცეთ ხმა, მაგრამ ეს სხვა საკითხია, ჯერ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად მივაღწიოთ საარჩევნო უბნები გაიხსნას“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტმა უპასუხა ასევე, ხშირად დასმულ კითხვას, რომელიც არალეგალურად მცხოვრები ადამიანების არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, ქვეყნიდან დეპორტაციის საფრთხეს ეხებოდა. 

,,არალეგალურად მცხოვრები ადამიანებისათვის დეპორტის საშიშროება არ არსებობს. ამის დასტური მივიღე ელჩებისგან, რომლებსაც სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით შევხვდი. 

არ არსებობს პრაქტიკა, რომ არჩევნები იდენტიფიკაციისათვის იყოს გამოყენებული, რათა შემდგომში ამ ადამიანების დეპორტი მოხდეს. ამის ბევრი მაგალითია - ბევრი სხვადასხვა ქვეყნების არჩევნები ტარდება საელჩოებში, ან სხვადასხვა უბნებში, იქ რიგებია იმ ადამიანების, რომელთა დიდი ნაწილი არალეგალები არიან და ეს, ამ ფორმით, არ არის გამოყენებული [დეპორტაციისათვის] და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. 

ზოგჯერ ვრცელდება [მსგავსი ინფორმაცია] საშიშროებასა და საფრთხეზე, სწორედ იმისთვის რომ ადამიანები არ მივიდნენ და არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა. ასე რომ, ესეც არის რაღაც ფორმის პროპაგანდა - ანტისაარჩევნო პროპაგანდა, რომელიც უნდა დავძლიოთ და ვიცოდეთ, რომ ეს [არჩევნებში მონაწილეობა]  შეიძლება. მიდით თქვენს საელჩოებში (მიდიხართ კიდეც სხვადასხვა საჭიროებისათვის) და ეს არასოდეს ყოფილა დეპორტის მიზეზი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დასკვნით სიტყვაში განაცხადა, დიასპორასთან მსგავსი შეხვედრები გარკვეული სიხშირით გაგრძელდება, ამის გარდა, საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობისა და უბნების გახსნის პროცედურულ საკითხებზე პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე და სოციალურ ქსელებში განთავსდება დეტალური ინფორმაცია. 

პრეზიდენტმა მოუწოდა დიასპორის წარმომადგენლებს დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართონ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მიაწოდონ ინფორმაცია მათი ინიციატივების შესახებ და ასევე სად ითხოვენ საარჩევნო უბნების გახსნას, ან თუ არსებობს დიასპორული სივრცე, რომელიც შეიძლება საარჩევნო უბნის გახსნისთვის იყოს გამოყენებული ,,ამ ყველა საკითხში გავაგრძელოთ თანამშრომლობა და ჩვენ მივაღწევთ შედეგს და ეს შედეგი როგორი იქნება, თქვენზეა დამოკიდებული“, - განაცხადა პრეზიდენტმა ონლაინშეხვედრაზე, რომელიც 2 საათს გაგრძელდა.

კითხვები შეეხებოდა ასევე, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის შესაბამის პროცედურულ საკითხებს, როგორც საარჩევნო რეგისტრაციას ასევე, საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნის დაყენების პროცედურებს.

სხვა სიახლეები

პრეზიდენტი - მნიშვნელოვანია ის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რათა ქვეყანა არ დაბრუნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც იქნება ცენზურა, სადაც შეზღუდული იქნება ჩვენი არჩევანი, სადაც შეზღუდული იქნება გამოხატვის თავისუფლება და სადაც შეზღუდული იქნება ის უფლებები, რომლებიც თავისუფალ საზოგადოებას ქმნის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი: მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ხელი შეუწყოს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება