პრეზიდენტი: ევროსაბჭოს პასუხისმგებლობა და მოვალეობაა ხმა ამოიღოს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ანუ ხალხის მიმართ ძალადობაზე, მოსახლეობის ყველა უფლების შეზღუდვაზე - მისი პირველი მოვალეობა სწორედ ამის გაპროტესტება და დაგმობაა

გუშინ ღამით დავბრუნდი სტრასბურგიდან, სადაც ევროპარლამენტს მივმართე. მინდა გადმოგცეთ ევროპარლამენტარებისგან საქართველოს მოსახლეობის უდიდესი მხარდაჭერა. 

ყველას კარგად ესმის რა ხდება დღეს საქართველოში, რასაც ცდილობს დღეს ის არალეგიტიმური ხელისუფლება: რითაც უნდა ხალხის ხმის, ხალხის პროტესტის გაჩერება, რაღაცნაირად პროტესტის გადაგორება; ყველას ესმის, რომ თუ არა ახალი არჩევნები, თუ არა ხალხისთვის იმ საშუალების მიცემა, რომ თავისი მომავალი და თავისი ხმა დაიბრუნოს ეს სიტუაცია ასე გაგრძელდება და ჩვენ უფრო ღრმა კრიზისსა და უფრო ღრმა ჩიხში შევალთ, ამიტომ ყველას აქვს სურვილი, რომ მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ამ რთულ, მაგრამ ძალიან მშვიდობიან ბრძოლაში.

გუშინ და დღეს ევროკავშირის ევროპულ საბჭოს ჰქონდა შეხვედრები, სადაც ქართველ დიპლომატებზე ის სავიზო შეზღუდვები გადაწყდა და ურსულა ფონ დენ ლაიენმა უკვე გააკეთა განცხადება, სადაც ამბობს, რომ ქართველი ხალხი აპროტესტებს მთავრობის არჩევანს, რომ შეაჩერა ევროპული მიმართულება და საქართველოს ევროპული გზა, რომ მშვიდობიან პროტესტს საქართველოს ხელისუფლებამ პოლიციური ძალადობა დაუპირისპირა, მისი გზავნილი საქართველოს დიპლომატების მიმართ ძალიან მკაფიოა - ნუღარ აშავებთ საკუთარ ხალხს. ეს არის ურსულა ფონ დერ ლაიენის ძალიან მკაცრი და ძალიან ნათელი გზავნილი. 

ასევე, ძალიან მკაფიო გზავნილებია სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩვენ ვიცით ახალი დასანქცირების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილების, რომელიც სწორედ იმ ადამიანებს ეხება, ვინც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და იმ მოსახლეობის მხარდაჭერაა, რომელიც თბილისის ქუჩებში მშვიდობიანად ამბობს თავის სათქმელს.

ახლახან შევხვდი ევროპული საბჭოს გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომლებიც ცოტა არ იყოს და გაუგებრობაში არიან, კარგად არ ესმით აქაური სიტუაცია. მე ავუხსენი, რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში მოსვლა, როცა შენ წარმოადგენ ყველაზე ძველ, ევროპულ ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია მხოლოდ დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და ადამიანების თავისუფლების დაცვაზე. ამ ორგანიზაციას აქვს ერთი პასუხისმგებლობა და მოვალეობა - ხმა ამოიღოს იმაზე, რა ხდება მის წევრ ქვეყანაში - საქართველოში, ანუ ხალხის მიმართ ძალადობაზე, მოსახლეობის ყველა უფლებების შეზღუდვაზე და ასეთი ორგანიზაციის პირველი მოვალეობა სწორედ ამის გაპროტესტება და დაგმობაა. 

მე ძალიან ნათლად ავუხსენი გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომ მათი არც მანდატი, არც მოვალეობა, არც უფლება არ არის, რომ რაღაც კომისია დანიშნონ ჯერ არავისგან არაღიარებულ ხელისუფლებასთან, მით უმეტეს, რომ განიხილონ რუსული კანონი, ვის აინტერესებს ახლა რუსული კანონის შეცვლა - არ შეცვლა. 

ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ იტყუება ეს ხელისუფლება წლების განმავლობაში, ხან უკან მიმაქვს, ხან წინ მომაქვს, შემდეგ ისევ უკან მიმაქვს და ახლა [ამბობს] რაღაცას ფორმალურად შევცვლი და ამით ჰგონიათ, რომ ვიღაცას მოხიბლავენ. შესაძლოა, ვიღაც მოხიბლონ, მაგრამ ამით ვერ მოხიბლავენ ვერც ქართველ ხალხს და ვერც ჩვენს პარტნიორებს, რომლებსაც კარგად ესმით საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, 

შეიძლება ვიღაცას უფრო ნაკლებად ესმის და აქ ჩამოსვლის შემდეგ, შეიძლება გაერკვევა იმ ტყუილებსა და პროვოკაციებში, რომელიც ხელისუფლებას ახასიათებს. სწორედ პროვოკაციულია ის, რაც დღეს მოვისმინეთ, ამერიკის გადაწყვეტილების შემდეგ, ძალადობაზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსნების დასანქცირების შესახებ.

ამის პასუხი იყოს ის, რომ დე ფაქტო პრემიერი, როგორც კი დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება ღირსების ორდენით დააჯილდოებს იმავე მაღალჩინოსნებს, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი რეპრესიებზე, ძალადობაზე და იმ მხეცობაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა და აქვს თბილისის ქუჩებში.

ეს არის პროვოკაციული განცხადება. ჩვენ მიჩვეული ვართ ამ პროვოკაციულ განცხადებებს, თუმცა ეს არის იმ გენერალური მდივნის შეურაცხყოფა, რომელთანაც ახლა მქონდა საუბარი, მისი შეურაცხყოფაა, როცა ის შევიდა ვითომც (როგორც ჰგონია) კონსტრუქციულ დიალოგში, ამაში შეიყვანეს და მერე მეორე წუთში ასეთი პროვოკაციული განცხადება გააკეთეს. ყველაფერი ნათელია. მგონია, ჩვენი გზაც ძალიან ნათელია. არაფერი არ უნდა შეგვეშალოს და არ უნდა შეგვეშინდეს. წინ არის მშვიდობიანი გზა. ჩვენი პარტნიორები არიან იქ, სადაც უნდა იყვნენ, მხარს გვიჭერენ და კიდევ და კიდევ უფრო ნათლად ვნახავთ ამას ამ დღეებში.