დავიწყებ ხვალინდელი დღით, უაზრო და აშკარა პროვოკაციაა ის, რასაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, რომელმაც ბავშვებთან ერთად ხვალ, 19:00 საათზე ვითომდა ნაძვის ხის ანთება დაგეგმა.
ორ კვირაზე მეტია იმ ადგილას, უწყვეტი პროტესტია და რადგანაც ხვალ პარლამენტში პაროდია იმართება, უთუოდ, იქნება ძალიან დიდი პროტესტი. ყველას კარგად გვესმის, ეს რას ნიშნავს, რატომ არის გაკეთებული და რას ემსახურება. თავად ექიმები ამბობენ, რომ ის ადგილი გაზით არის გაჟღენთილი და ალბათ, სასურველი არ არის იქ ბავშვების მოყვანა.
მე მინდა გავაფრთხილო ქალაქის მერი, რომ მისი პროვოკაცია ალბათ, არაფერს გამოიწვევს, რადგან ქალაქში არსებული პროტესტი ძალიან მშვიდობიანია და თავად მოახერხებენ ამ პროვოკაციის თავიდან აცილებას, მაგრამ მე მინდა მაინც ვუთხრა ქალაქის მერს, რომ თუ ეს პროვოკაცია არ არის, მოდის ბარბარობა და მე ვთავაზობ, გადაიტანოს ეს ორბელიანის წინ, აქ მოიყვანოს ბავშვები და მოაწყოს ის ღონისძიება, რომელსაც აპირებდა პარლამენტის წინ.
მაგრამ მომხდარზე, პასუხისმგებლობა მთლიანად და მხოლოდ პირადად მასზე იქნება.
საქართველო დგას და იდგება! დღეს ქუჩებში სოლიდარობა, სიყვარული, სითბო, მოთმინება, ერთიანი, ეროვნული განცდის ის მშვიდობიანი გამოხატულებაა, რაც საქართველოს სჭირდებოდა!
პროტესტმა მოიცვა მთელი ქვეყანა და დიასპორა, საჯარო სექტორი, რამაც გამოიწვია კანონის უმკაცრესად ცვლილება, მიიღეს ახალი კანონი, რომელიც, საჯარო სექტორზე პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტია.
ვერ დააშინებთ და ვერ დააპატიმრებთ ყველას! არც მუქარა და არც ტოტალიტარული რეჟიმების გამოცდილი ხერხები ვერ გაჭრის საზოგადოებაზე!
შეიკრა სამოქალაქო საზოგადოება, ევროპული საქართველოს იდეამ გააერთიანა ერი და შედგა ეროვნული თანხმობა, რომელიც იდეიდან რეალობად იქცევა!
კრიზისიდან გამარჯვებით გამოსვლის ერთადერთ გზა - ახალი არჩევნების გზაა!
მე აქ ვარ და ვიქნები იმისთვის, რომ დავსხდეთ და ვიფიქროთ, თუ როგორ მოვაწყოთ ეს არჩევნები იმისთვის, რომ დავუბრუნოთ ამ ქვეყანას მშვიდობა, სამართლიანობა და მომავალი. ეს არის ერთადერთი გზა. და ამაში ვართ ყველანი ერთად: ვინც გარეთ დგას ქუჩაში და ვინც აქ, თქვენზე ფიქრობს და თქვენთვის ამზადებს მომავალს!