პრეზიდენტი - წლევანდელი 10 დეკემბერი მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის, ხოლო საქართველოში ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღეა

დღეს 10 დეკემბერია. მსოფლიოში 10 დეკემბერს ადამიანის უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. დღეს ეს დღე, არათუ ადამიანის უფლებების აღნიშვნის, არამედ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღეა საქართველოში და ასე დარჩება ეს დღე ქვეყნის ისტორიაში, ყველა ის, ვინც მონაწილეობდა, ან კიდევ მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესში უთუოდ შევა საქართველოს ისტორიაში, რადგან ქართველი ხალხი ამას არასოდეს დაივიწყებს. ყველაფერი გამოირკვევა ვინ სად იყო და რაც უნდა ნიღბები ატარონ, ყველას დავიმახსოვრებთ.

დღეს არათუ ირღვევა, არამედ ფეხქვეშ ითელება ადამიანის ყველა უფლება. მშვიდობიანი აქციის ჩატარება, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ცრემლსადენი გაზისა და ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, სპეციალური დანიშნულების რაზმების გამოყენება, რომლებიც არ ატარებენ არანაირ მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს, იმ ადამიანების გამოუძიებელი საქმეები, რომლებიც ამ რეპრესიებს ახორციელებენ, სისტემური დაუსჯელობა, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობა, როგორც დაკავების, ასევე დაკავების შემდეგ პერიოდში (რაც ყველგან დაგმობილია),  სახალხო დამცველმა, თავად გამოიყენა წამების დეფინიციად და ესეც შევა ისტორიაში.

სამოქალაქო სექტორის ხმის ამოღებამ, რაც ჩვენს ქვეყანაში ახალია, ნამდვილად იმის ნიშანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება იზრდება და ბევრად უფრო შეგნებულია დღეს, ვიდრე ოდესღაც - ახლო წარსულში, გამოიწვია დაშინება და მუქარა.

უნდა აღინიშნოს თბილისის მერის ცნობილი განცხადება (მაგრამ არამხოლოდ მისი), რომელიც ემუქრება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც გაბედეს და პროტესტს მოაწერეს ხელი, ეს ხომ ყველაზე ნათელი ნიშანია გამოთქმის თავისუფლების შეზღუდვისა. ეს ყველაფერი თქვენც კარგად იცით, ეს იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში რეალურად დაიწყო არამხოლოდ ადამიანის უფლებების შეზღუდვა, არამედ ჩვენ უკვე გადავედით რეჟიმში, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე, საზოგადოების ყველა სეგმენტებზე ნამდვილ ტერორს  აწარმოებს და არ ერიდება წამებასაც. ეს არის სხვა სიტყვებით და მოკლედ აღწერილი უკვე რუსული რეჟიმი. ამ ქმედებებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე მუხლი - ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა, მეჩვიდმეტე მუხლი - აზრის გამოხატვა და მისი გამოხატვის თავისუფლება, ოცდამეერთე მუხლი - შეკრების თავისუფლება, ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მეცხრამეტე მუხლი - გამოხატვის თავისუფლება, მეოცე მუხლი - შეკრებისა  და გაერთიანების უფლება, ,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია“ წამების, არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა, მეათე მუხლი - გამოხატვის თავისუფლება, მეთერთმეტე მუხლი - შეკრების და გაერთიანების თავისუფლება.

ამით არ კმაყოფილდება ეს რეჟიმი და ახალ კანონებს ამზადებს, უკვე ინიცირებულია - ნიღბების ტარების აკრძალვის შესახებ კანონი, თუმცა ეს აკრძალვა მხოლოდ ერთი მხარეს მშვიდობიან მოქალაქეებს ეხებათ, მათ არ ექნება უფლება თავიანთი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაიცვან, სამაგიეროდ, არაფერი არ არის ნათქვამი იმაზე, რომ თავიანთ ტიტუშკებს აღარ ჰქონდეთ უფლება ატარონ ეს ნიღბები, ან იმ ვალდებულებაზე, რომელიც მსოფლიო სტანდარტებშია საიდენტიფიკაციო ნიშნების ტარების შესახებ - ეს ყველაფერი არ არის გათვალისწინებული ამ კანონპროექტის ახალ ცვლილებაში.

ასევე, მზადდება ინიციატივა, საჯარო სექტორისათვის, რათა საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის გამარტივებით შეძლონ ადამიანების დატერორება, მათი სამსახურიდან გაშვება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საჯარო სექტორში რთულია რეორგანიზაცია იმისთვის, რომ შეგეძლო ლეგალურად ადამიანების გაშვება, ამ ყველაფერს თავიანთ თავზე ირგებენ და ამარტივებენ, რომ ხვალ, ზეგ  მარტივად გაუშვან იქ მომუშავე ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებენ.

ასევე, ადამიანის უფლებების დარღვევად უნდა ჩაითვალოს სუს-ის დღევანდელი განცხადება. გვამების შესახებ რაღაც სცენარები ადამიანების პირდაპირი ფსიქოლოგიური ტერორია, იმ დროს, როცა გარეთ მხოლოდ მშვიდობიანი აქციებია.

გუშინ საღამოს, როცა არ იყო არც ტიტუშკები და არც სხვები, ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ მშვიდობიანად ტარდება აქციები და არაფერი უღირსი არ ხდება, რაც სწორედ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ამსახველია.

კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ყველაფრის დარღვევაა - შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღებულია გადაწყვეტილებაა, რომ გამარტივდეს ახალი პერსონალის აყვანა ისე, რომ არ მოეთხოვოს მათ დიპლომები. როგორც ჩანს ეს უკვე წესი ხდება ამ ქვეყანაში, რომ დიპლომები არავის არაფერში სჭირდება. ეს ახალი ტიტუშკების სამსახურში აყვანის პირდაპირი გზაა, ეს იმის ნიშანია, რომ რესურსები აღარ ჰყოფნით, რაც ძალიან საინტერესოა.

ასე რომ, დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მივმართე საერთაშორისო ორგანიზაციებს, გავაცანი დღეს არსებული მდგომარეობა, თუმცა უკვე ბევრმა ძალიან კარგად იცის, არაერთი ანგარიში აქვთ თვითონაც მომზადებული, მაგრამ ფორმალურად საჭირო იყო, საქართველოს პრეზიდენტს მიემართა ყველა ამ ორგანიზაციისათვის: გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი - ვოლკერ ტურკი, გაეროს სპეციალური მომხსენებელი აზრისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებში - ირენ ხანი, გაეროს სპეციალური მომხსენებელი შეკრების თავისუფლების საკითხებში - ჯინა რომერი, გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამებისა და სხვა სასტიკი არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის საკითხებში - ალისა ჯილ ედვარდსი, თვითნებური დაკავების სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე მომხსენებელი - მეთიუ გილეტი, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ოდირის დირექტორი - მარია ტელანიანი, ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში - იან ბრათუ, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი - მაიკლ ო ფლაიარტი, ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ევროპული კომიტეტი - ტერეზა მარია რიტერი. ამ ადამიანებს დღეს ვრცელი წერილი გაეგზავნათ საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ და მოთხოვნა, რომ ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორმა მოავლინოს სპეციალური მონიტორინგის მისია სასამართლო პროცესებზე დასაკვირვებლად, რათა ჩვენი მოქალაქეები მარტო არ დარჩნენ უკანონო და უსამართლო სისტემასთან. ეს არის ის ჯგუფი, რომელსაც აქვს ის მანდატი, რომ ქვეყნებში სწორედ ამ პროცესებზე დასასწრებად თავიანთი სპეციალური მისია გააგზავნოს.

მივმართე ჩემს კოლეგებს ევროკავშირის ქვეყნებიდან და ასევე ნახეთ ამერიკის პრეზიდენტთან მოკლე, მაგრამ შინაარსიანი შეხვედრა, სადაც ზუსტად ერთი და იგივე შინაარსით მივმართე  ყველას, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება მიუღებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და ყველამ უნდა მოახდინოს რეაგირება.

რადგან 10 დეკემბერია და ეს ტრადიციული სადილი მქონდა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან, 23 ელჩთან, თუ არ ვცდები, ოცდაშვიდივე არაა საქართველოში, ყველას ძალიან მკაფიო მესიჯი გადავეცი თავიანთი დედაქალაქებისთვის, რომ დღეს ამ ყველაფრით და ამ ყველაფერზე რეაგირებით არამხოლოდ საქართველოს მომავალი, არამედ ამ ვრცელი რეგიონის მომავალი წყდება.

ჩვენ ვნახეთ რა შეიძლება კიდევ მოხდეს, ევროკავშირის პოლიტიკის და მის მიმართ ნდობის მომავალთან დაკავშირებით, არ შეიძლება რაღაცები ისაუბრო, დიდი განცხადებები აკეთო და შემდეგ არ იყოს მიღებული ის მთავარი გადაწყვეტილებები, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის მომავალზე და ჩვენი მოსახლეობის შემართებაზე.

წინა კვირიდან  მოყოლებული 30-ზე მეტი ინტერვიუ მივეცი სხვადასხვა ევროპულ და ამერიკულ მედიას, სადაც ასევე ასახულია დღევანდელი მდგომარეობა.

ერთადერთი დასკვნა შემიძლია გამოვიტანო, ამის შემდეგ ვერავინ, ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და მისი მეთაური ვერ იტყვის, რომ რამე არ იცოდა - ყველამ ყველაფერი იცის, ეს ჩემი მოვალეობა იყო.

ახლა, მე მინდა მოგმართოთ თქვენ იმიტომ, რომ თქვენ დგახართ ნამდვილად ამ ქვეყნის სადარაჯოზე, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც თქვენს ხელში აიღეთ არამხოლოდ კამერა და მიკროფონი, არამედ ამ ქვეყნის მომავალი და ამ ქვეყნის ბედი. ამისთვის თქვენც ჩაიწერებით საქართველოს ისტორიაში, თქვენ ჩაიწერებით როგორც დღევანდელი დღის, ამ ეპოქის გმირები - ადვილი არ არის მიხვიდე მხეცებთან, მათ წინაშე დადგე და გაბედო კითხვები დაუსვა, იდგე იქ, სადაც გაზებს უშვებენ, როცა მართლა ფეხქვეშ გთელავენ დარჩე შენს ხალხთან ერთად - ეს არ არის ფორმულა, ეს რეალობაა, რომ არ დანებდე, არ შეგეშინდეს.

თქვენს ადგილას ნამდვილად ვერ გავბედავდი, მაგრამ ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ქვეყანამ გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე, ეს საზღვრებს გარედანაც კარგად ჩანს და ალბათ, შურით გვიყურებენ - დღეს მსოფლიოში არ არის ქვეყანა, რომელიც ასე ღირსეულად, ასე მშვიდობიანად იბრძვის თავისი იდენტობისთვის, თავისი ფასეულობებისთვის, თავისი ენისთვის და რწმენისთვის და მომავლისთვის და ყველაფრისთვის - ეს ხართ თქვენ, თქვენ ხართ წინა რიგებში, თქვენთან ერთად იბრძვის ამ ქვეყნის ნამდვილი საზოგადოება. აქ არ არის ორი საქართველო. ხშირად არის მცდელობა წარმოადგინონ ვითარება ვითომც დაპირისპირებად, მაგრამ არ არსებობს ის საქართველო, რომელიც რუსეთის მომხრეა, რომელიც მზადაა ჩაბარდეს.

არსებობენ ალბათ, ვიწრო წრეები, რომლებიც რაღაცით, ხან ინტერესით, ხან პრივილეგიით, ხან ნათესაობით, ხან ჩადენილი საქმეებით, კომპრომატებით არიან მიბმული მათზე, მაგრამ ის ადამიანი, ის ქართველი, რომელსაც უნდა რომ ქვეყანა რუსეთს ჩაბარდეს და რუსული რეჟიმით იბრძოლოს, ასეთი ქართველი მე არ ვიცი და აქ ორ საქართველოს შორის დაპირისპირება არ არსებობს. დაპირისპირება არის საზოგადოების, შემართული საზოგადოების, რომელიც წინაშეც დგანან ტიტუშკები და ვიღაც ვიღაცები. იქაც არ არის ორი საქართველო, იქაც მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიციის რიგებში არიან ადამიანები რომლებსაც უფრო და უფრო უჭირს ის რომ მათი მეთაურები, მათი რეალური მეთაურები და მათი იერარქია არიან კრიმინალები.

ეს ღირსეული პოლიციელისთვის ყველაზე ძნელი ეს გადაწყვეტილებებია, მე ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ და ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ როცა მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ და ვეცდებით მათი უფლებების დაცვას. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, მაგრამ მე არ მინდა მჯეროდეს, რომ ქართული პოლიცია ამ პროცესს ბოლომდე გაყვება, მწამს, რომ ეს ასე არ იქნება!

მე კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას გიხდით თქვენ. ვიცი, რომ მადლობისთვის არ აკეთებთ ამას და ბოლომდე გესმით რას ნიშნავს თქვენი პროფესიული ვალდებულება. თქვენ რომ არ იყოთ და

თუ ესენი ამ მდგომარეობაში გააგრძელებენ ყოფას,  ხვალ, ალბათ, თქვენზე წამოვა კიდევ უფრო ძლიერი ზეწოლას, რადგან თქვენ ხართ ის ფანჯარა, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვხედავთ რა ხდება. თქვენს გარეშე, იმ ადამიანებს, ვისაც არ შეუძლიათ და ვერ ესწრებიან დემონსტრაციებს, არ ეცოდინებოდათ რა ხდება, თუნდაც პროტესტის ხაზზე, რომელიც მთელ ქალაქშია გაშლილი, არ ეცოდინებოდათ როგორი უსამართლობის წინააღმდეგ დგას მთელი ქვეყანა.

ასე რომ, თქვენი ყოფნა, თქვენი ეს თავდადება დღეს და ხვალ ძალიან მნიშვნელოვანია და მუდამ და ამ თავდადებისთვის მე დღეს თქვენ გაჯილდოებთ.

საქართველოს პრეზიდენტმა მედლით ,,სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა: ნანა ქაჯაია, მარიამ გაფრინდაშვილი, მაკა ჩიხლაძე, ანა მდივანი, მარიამ მაკასარაშვილი, რუსუდან დუმბაძე, გიორგი შეწირული, დავით ბიჭიკაშვილი, ნიკოლოზ კოკაია, პავლე ხაჩიძე, მალხაზ კანდელაკი, ნიკა ბუჩაშვილი, დავით ბერაძე, დეა მამისეიშვილი, დავით კობიძე, ქეთევან ციცქიშვილი, ბექა ყორშია, გივი მჭედლიშვილი, სერგი ბარამიძე, გურამ როგავა, სალომე ბოკუჩავა, დავით ქაშიაშვილი, ნუცა ბახუტაშვილი, ჯონი ბაკურიძე, გენადი ქვაჩახია, მიხეილ მარტაშვილი, ვასილ ივანოვი-ჩიქოვანი, ბესარიონ გაფრინდაშვილი, მირიან მელაძე, ირინა ყურუა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მინდია გაბაძე, აკაკი ზარქუა, მარიამ ნიკურაძე.