პრეზიდენტი - ქვეყანაში ნამდვილად შედგა ეროვნული თანხმობა - ჩვენ მივდივართ ევროპისკენ!

მოგესალმებით ყველას! მივესალმები ჩვენს მაყურებელს და იმ საზოგადოებას, რომელიც დღესაც გარეთ დგას, მინდა მათ მხნეობა და მშვიდობა ვუსურვო.

დღეს მოვიწვიე ერთი მხრივ, ქარტიის ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების წარმომადგენლები: არასამთავრო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორი.

ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამ ქვეყანაში ნამდვილად შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ, რა გვაქვს დღეს გასაკეთებელი და საით მივდივართ. ეს თანხმობა შედგა იმის ირგვლივ, რომ ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ, მივდივართ ევროპისკენ, რაც ჩვენი გამოცხადებული მიზანი იყო და თუ ვინმემ გადაუხვია, მთლიანობაში საზოგადოებამ არ გადაუხვია ამ მიზანს და მისი ერთგულია.

ჩვენ განვიხილეთ ქუჩაში მიმდინარე პროტესტი, რომელიც სრულიად დამოუკიდებელი პროცესია, დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიებისგან, დამოუკიდებელი რომელიმე ორგანიზაციისგან, ეს არის თვითორგანიზებული და სპონტანური პროტესტი, რაც ძალიან კარგად ჩანს იმაშიც, რომ დღეს პრაქტიკულად საქართველოს ყველა ქალაქი ჩართულია ამ პროტესტში და ძალიან სპონტანურად მოიცავს ყველა თაობას, ყველა პროფესიასა და ყველა სოციალურ სფეროს. 

სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს ისე, როგორიც არის, სპონტანური და თავისუფალი, თვითორგანიზებული. ყველა შევთანხმდით, რომ მას არ სჭირდება არც პოლიტიკური პარტიების და ცხადია, არც ჩემი ჩარევა, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და სჭირდება დაცვა.

რაში უნდა გამოიხატებოდეს მხარდაჭერა - ესაა, უპირველესად, საზოგადოების, არასამთავრობოებისა და იურისტების საქმე, იმ დაჭერილი ადამიანების სამართლებრივი დაცვა და არდავიწყება ეს როგორც საზოგადოების, ასევე  ჩემი მორალური ვალდებულებაა.

მათი დაცვა ასევე იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან მალე შესაძლოა, საჭირო იყოს ფონდის შექმნა. არასამთავრობო ორგანიზაციებს ჯერ კიდევ აქვთ იმის რესურსი და საშუალებები, რომ დაკავებულების ჯარიმები დაფარონ, მაგრამ შესაძლოა, დადგეს მომენტი როცა უფრო დიდი, საზოგადოებრივი ძალისხმევა იყოს საჭირო ფონდი შესაქმნელად რათა დაკავებულებს დავეხმაროთ. 

ჩემი მოვალეობაა ძალადობის წინააღმდეგ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ხმაც ისმოდეს, რადგან ასეთი ქმედებები დღევანდელ, ცივილიზებულ ქვეყანაში სრულიად მიუღებელია.

დახმარება გამოიხატება იმაშიც, რომ დავიცვათ ისინი პროვოკაციებისგან. თქვენ, ვინც გამოდიხართ ქუჩაში, კარგად იცით, შეიძლება იყვნენ სუს-ის წარმომადგენლები, რომლებიც პროვოკაციებს აწყობენ, სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ მე ამას ვერ გასწავლით. სამაგიეროდ, მე შემიძლია გაგაფრთხილოთ, რომ მე მომივიდა რამდენიმე ასეთი გზავნილი, სხვადასხვა ფორმით, რომელიც ეხება იმას, რომ ვითომც ქართველი სამხედროები ემზადებიან უკრაინიდან ჩამოსასვლელად, ან ჩამოსულები არიან იმისთვის, რომ ჩაერთონ ამ პროტესტში, როგორც სამხედროები. ეს პირდაპირი პროვოკაციაა! ასეთი რამ არ ხდება! არავინ დაიჯეროთ - ეს პირდაპირ მიმართულია პროტესტის წინააღმდეგ და ეს არის ის, რაც ყველაზე უფრო აწუხებს მმართველ პარტიას.  ეს პროტესტი და ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, ეს ყველაფერი არის კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ჩვენ ვართ საზოგადოება, თავის სამოქალაქო წამოწყებებით, ეს ქუჩის პროტესტი და ჩვენი ყველანაირი ქმედება - ჩვენ ვართ კონსტიტუციის მხარეს, ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას და ჩვენ ვიცავთ ამ ქვეყნის კონსტიტუციურ მომავალს. 

სამაგიეროდ, მმართველი პარტია ყოველ ნაბიჯზე გადის კონსტიტუციის ჩარჩოდან და არღვევს კონსტიტუციას, თუნდაც თავისი ბოლო გადაწყვეტილებით - შეაჩეროს, თუ როგორ ითქვა, შეანელოს ჩვენი ევროპული მომავალი, როცა პირდაპირ წერია კონსტიტუციაში, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ვალდებულია ყველა ძალისხმევა მიმართოს, რათა რაც შეიძლება სწრაფად ვიაროთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე და არა შევაჩეროთ, თუ გავაჩეროთ.

ის განცხადებები, რომლებიც დღეს კეთდებოდა, რომ თურმე ჩვენ ვერ გავიგეთ, არ აჩერებენ, მაგრამ რაღაცას უშვრებიან, რაც გაუგებარია და სრულიად ბუნდოვანი. საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ ეს იყო ჩვენი ორიენტაციის ცვლილება და რეალურად, ევროკავშირისთვის ზურგის შექცევა და რუსეთისკენ მიბრუნება. იგივე ძალიან კარგად გაიგეს ჩვენმა პარტნიორებმაც და ეს მათი [დამატებითი] დაზუსტებები არაფერს ემსახურება. 

საით მივდივართ ერთად საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები - დღეს გამოიკვეთა და კიდევ უფრო გამოიკვეთება მომავალში, ჩვენს სხვადასხვა ფორმატებში შეხვედრებზე, არის ის, რომ ჩვენ ვრჩებით კონსტიტუციურ ჩარჩოში, მაგრამ პირველი ეტაპი და ქმედება, რაც უნდა დაიწყოს და დაიწყება ამ საღამოსვე ბათუმში, არის ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს ხელში აქვთ უნიკალური და უზარმაზარი საშუალება, ქვეყნისა და ადამიანის ისტორიაში, რომ გადაწყვიტონ ეს ძალიან ღრმა ქვეყნის კრიზისი, რომელიც არ ვიცით, როგორ და საითკენ შეიძლება წავიდეს;  გადაწყვიტონ ეს კრიზისი პოლიტიკურ და კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ამის ნაცვლად, საკონსტიტუციო სასამართლო არ ნიშნავს სხდომას. ასე რომ, ამ დღეებში, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული  სხდომის დანიშვნისაკენ, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს სარჩელი, რომლის პოზიტიურად გადაწყვეტა კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაგვაბრუნებს, სტატუს ქვო ანტე -  არჩევნები არ შემდგარა, პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, მაგრამ ძველი პარლამენტი დაბრუნდება და ჩვენ გვექნება გარდამავალი, ძალიან სტაბილური სვლა ახალი არჩევნებისკენ. ეს არის მეორე მოთხოვნა. 

პირველი ეტაპი, საკონსტიტუციო სარჩელია, მაგრამ ამის იქით ჩვენ გვაქვს ერთი მოთხოვნა და მხოლოდ ერთი, რომელიც არის საკონსტიტუციო მოთხოვნა - როცა არ შედგა და გაყალბდა არჩევნები, როცა ხალხს ხმა მოჰპარეს, ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გზა - ახალი არჩევნებია. ყველა სხვა გზა ფრუსტრაციისკენ და უფრო მეტი არასტაბილურობისკენ მიდის. თუ გვინდა, რომ ქვეყანა სამშვიდობოზე გავიყვანოთ, უნდა მივცეთ მის მოსახლეობას საშუალება, დაიბრუნოს თავისი ხმა, დაწყნარდეს და გაყალბების გარეშე, ხელახლა გამოხატოს ნება.

ამისთვის ყველამ უნდა ვიმუშაოთ: პოლიტიკურ პარტიებმა და პროცესში ჩართულმა არასამთავროებმა ერთად შეიმუშაონ ახალი არჩევნების პირობები, იმისთვის, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ იმავე მდგომარეობაში, არ მივცეთ გაყალბების ბერკეტები. ანუ გადასადგმელია რამდენიმე, ძალიან კონკრეტული, ნაბიჯი იმისთვის, რომ რეალურად იყოს დაცული ეს არჩევნები და ამაზე უნდა შეთანხმდნენ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალები, რომ ჩვენ არჩევნების დაცვის გეგმა წარმოვადგინოთ მაშინ, როცა ტექნიკური მისია ჩამოვა, რომელიც ევროკავშირისგან მზადდება.

მინდა, კიდევ სამ საკითხს შევეხო:

პირველია - საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელი განცხადება. ძალიან შეშფოთდა ახალი მინისტრი, თუ საერთოდ, მმართველი პარტია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს 235-მა თანამშრომელმა გამოხატა პროტესტი და გააკეთა განცხადება, გადადგა რამდენიმე ელჩი - ეს ყველაფერი ჩვენი საგარეო უწყების ახალ სურათს ქმნის, რომელიც არა საბოტაჟი და დისკრედიტაცია, არამედ პირიქით, ეს რაც ხდება ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს ჩვენი პარტნიორების ნდობას უბრუნებს და მე მაქვს ყოველდღიური  საუბრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, მათთვის სრულიად გაუგებარია, რომ ელჩები და საელჩოები პრემიერის განცხადების შემდეგ მუშაობდნენ, ვითომ არაფერი მომხდარა და ის, რომ ასეთი დიდი რეაქციაა საგარეო უწყებაში ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის უზარმაზარი პოზიტივია, რისთვისაც მადლობლები უნდა ვიყოთ. 

ასევე, მადლობლები უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელს, ნელ-ნელა და იმედი მაქვს, რომ სწრაფად დაიბრუნებს თავის ნამდვილ როლს, რომელიც საზოგადოების სამსახურში ყოფნაა და რაც დავიწყებული ჰქონდა; ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ასეთი ცოცხალია, როგორიც დღეს, ნამდვილად იმსახურებს ჰქონდეს ისეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორის ღირსიც არის.

აქვე, მინდა გამოვაცხადო ის, რაც უკვე ძალიან დიდი ხანია არ მომხდარა, სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიშვებდნენ [საზოგადოებრივ მაუწყებელში], მე მზად ვარ, სპეციალური ინტერვიუ მივცე საზოგადოებრივ მაუწყებელს და მგონია,  ეს სწორიც იქნება, რადგან პრეზიდენტი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთად უნდა ემსახურებოდნენ საზოგადოებას და მის ინფორმირებას.

დაბოლოს, დღევანდელი, კვირა დღის განცხადებები ჯერ პრემიერის, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ დღეს საკმაოდ დაბნეულია მმართველი პარტია, არ ელოდებოდა ამგვარ საზოგადოებრივ რეაქციას, ქუჩის პროტესტს ალბათ, ელოდებოდნენ, მაგრამ უკვე აღარ იციან ძალადობრივი მეთოდების გარდა როგორ მართონ ეს პროცესი, ძალადობასაც აქვს თავისი ლიმიტი. 

ალბათ, კიდევ უფრო დაბნეულები არიან - რაც ხდება სამოქალაქო საზოგადოებაში, ბიზნეს სექტორში და თუნდაც ეკლესიაში, როცა ახალი ხმა ისმის, რომელიც არ ეთანხმება ამ არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას, რომელიც გვაშორებს ევროკავშირს, ევროინტეგრაციას და ეს ქვეყანა მიჰყავს იქით, საითაც  თავისი ნებით არცერთი ჩვენი წინაპარი არ მიდიოდა, ჩვენი ეკლესია თავისი ნებით ნამდვილად არასოდეს მიდიოდა იქით.  საქართველოს მომავალი ევროპაშია!