პრეზიდენტი - არ მეშინია! თქვენც ნუ გეშინიათ! მივმართავ პროკურატურას, საზოგადოება ითხოვს მყისიერ გამოძიებას და არა ჩემს მტკიცებულებებს, არავინ ელოდება პროკურატურისგან პრეზიდენტზე პოლიტიკური პროცესების დაწყებას

მოგესალმებით ყველას!

ეს არის ის კადრები, რომელიც ყველას გინახავთ და რომელიც ძალიან ბევრი ვრცელდება ყველა მხრიდან. ეს არის ის კადრები, რომლებსაც არც ახსნა სჭირდება, არც განმარტება, საიდანაც პირდაპირ იკითხება რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები! მტკიცებულებები ბატონებო!!! თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს. მე ვიცოდი, რომ ზოგადად პირიქით იყო, რომ საგამოძიებო ორგანოს თვითონ უნდა მოეპოვებინა მტკიცებულებები. თქვენც ასე იცით ხომ?! ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება და მართალი ვთქვა, არცერთი ასეთი პრეცედენტი არ გამიგია და არ ვიცი, რომ საგამოძიებო უწყებამ არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტს სთხოვოს მტკიცებულებები.

ამ წუთას მოვისმინე ჟოზეფ ბორელის განცხადება და მგონი, მასაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ, როგორც ჩანს მასაც ძალიან ბევრი მტკიცებულება, იმ დარღვევების ჩამონათვალი აქვს, რაც უცხოური სადამკვირვებლო მისიების მიერაა აღნუსხული. ცესკოს წუხილის საფუძველზე, კიდევ უფრო უცნაურია პროკურატურა, რომელიც პრეზიდენტს მტკიცებულებებს სთხოვს. თურმე, ცესკო შეურაცხყოფილია, რომ მისი დისკრედიტაცია მიმდინარეობს, რატომ დისკრედიტაცია - არ ვიცი. ეს არის ფაქტები, ფაქტები, რომელიც ყველამ იცის, რომელიც უკვე გავრცელებულია და საგამოძიებო უწყებამ პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება იმის გამო, რომ დარღვევები მოხდა, რაც ყველამ შეამჩნია და ბევრად მეტი მოქალაქეა პრაქტიკულად ჩართული ამ მტკიცებულებების მოგროვებაში, სადამკვირვებლო მისიები, არასამთავრობოები, უკვე უზარმაზარი მასალა არსებობს, ცესკოს დისკრედიტაცია კი, შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ იმ ფაქტების დადასტურებას, იმ სისტემური დარღვევებისა და გაყალბების დადასტურებას რომელიც სწორედ, პროკურატურის, ან საერთაშორისო გამოძიების საქმეა. ხალხისგან და ორგანიზაციებისგან შეგროვილი მასალა, რომელსაც როგორც ჩანს, არც ეცნობა პროკურატურა, ამტკიცებს რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისას ადგილი ჰქონდა მრავალფეროვან, მასშტაბურ გაყალბებას, რომელმაც მოიცვა პრაქტიკულად ყველა ცნობილი თუ უცნობი, ყველა შესაძლო გაყალბების მეთოდი და ფორმა და ეს საკითხები ჩამოთვალა სწორედ ახლა ჟოზეფ ბორელმა - ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა, პირადობის მოწმობის ჩამორთმევა, გამრავლება, კარუსელის დატრიალება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ახლახან სწორედ საიამ ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევის ფაქტები გაასაჯაროვა და იმ ფარატინა ფურცლების გამო, რაზეც სხვათა შორის, საიას წინასწარ არჩევნებამდე ჰქონდა შეტანილი შენიშვნა და ცესკოს უნდა შეეცვალა ეს ფურცლები, რაც არ გააკეთა და ალბათ, ამისთვის ალბათ, ცესკოც უნდა ყოფილიყო დაბარებული, არ ვიცი, ეს ნაკლებადაა ჩემი საქმე.

არის ასევე, სერიოზული დარღვევები. დიასპორას პირდაპირ შეუზღუდეს არჩევნებში საკუთარი საკონსტიტუციო უფლების გამოყენება. როცა ერთ მილიონზე მეტი ემიგრანტი გვყავს, როცა ძალიან დიდი მოთხოვნაა უბნების გახსნაზე და ეს ყველაფერი მთავრდება იმით, რომ მხოლოდ 34 000 ადამიანს მიეცა საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება. ეს მათი უფლებების პირდაპირ შეზღუდვა და დისკრიმინაციაა.

მივმართავ პროკურატურას, თქვენგან ანგარიშვალდებული საზოგადოება ითხოვს მყისიერ გამოძიებას და არა ჩემს მტკიცებულებებს, დღეს, ამ სიტუაციაში არავინ ელოდება პროკურატურისგან პრეზიდენტზე აშკარად პოლიტიკური პროცესების დაწყებას, რომელიც სხვათა შორის, უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს, არ ვიცი ვინ ასრულებს და ვინ არა. ცესკოში დღეს, ამ მომენტში (ალბათ, ბევრად მეტიც იქნება) შეტანილია 1 100 ზე მეტი საჩივარი, უშუალოდ, შედეგების გაბათილების მოთხოვნა 246 უბანს ეხება, რაც ამ ეტაპზე, სადღაც 400 000 ამომრჩეველს ეხება. ესე იგი, პირდაპირ ჩანს, რომ ამას შეიძლება ძალიან სერიოზული გავლენა ჰქონდეს თვით არჩევნების შედეგებზე. და ყველაზე მთავარი - დაისვა ხმის მიცემის ფარულობის სისტემური დარღვევის საკითხი, რის შედეგადაც შეიძლება 2 263 უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნა დადგეს. ასე რომ, მე ვურჩევდი პროკურატურას - სჯობს შეუდგეს თავის საქმეს და მოეშვას პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. ამ მომენტში, ჩვენი პარტნიორებიც უყურებენ და უნდა გამოჩნდეს ბოლოს და ბოლოს შეუძლია თუ არა პროკურატურას იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ეს კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს. ასე რომ, შეუდგეს პროკურატურა თავის საქმეს, პრეზიდენტი კი, საკუთარ საქმეს მიხედავს.

მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომელიც ძალიან დიდ ფრუსტრაციას განიცდის, ხედავს რა, რა დონეზე წაართვეს ხმები, ამავდროულად მასზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, რათა ამ ფრუსტრაციას დაემატოს რაღაც დაძაბულობა, რაღაც შიშები, თუნდაც ჩემს მიმართ... ამისთვის მადლობელი ვარ, ძალიან ბევრი გზავნილი მივიღე დღეს სხვადასხვა კუთხით, რომ ნუ გეშინიათ! - არ მეშინია! თქვენც ნუ გეშინიათ! ყველაფერი წყნარად იქნება, მშვიდობიანად და უნდა დადგეს ამ არჩევნების რეალური შედეგები.