მინდა გითხრათ, რომ თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები! თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოეპარათ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს, თქვენ ამის უფლებას არავის არ მისცემთ!
აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ, თანამედროვე ეპოქაში, პირველად გამოაცხადა თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს არის ის დროშა, რომლის გაგრძელებაც ჩვენი დღევანდელი დროშაა და ორივე დროშის წინაშე, მე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე, ამ ევროპულ გზაზე და სანამ არ მივაღწევთ ევროპის კარს, რომელიც ჩვენი ოცნება კი არა - რეალობაა. სხვა მომავალი და ალტერნატივა ჩვენ არ გვაქვს და სხვა არც არაფერი გვინდა დავუტოვოთ ამ ქვეყანას, მომავალი თაობებისთვის - დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ევროპულობა და ეს ქართული იდენტობა, რომელიც მოგვყვება და რომელიც ესოდენ ძვირფასია ჩვენთვის!
მინდა გითხრათ, მე რას ვაკეთებ ამ პერიოდში. დღეს 17 უცხოურ მედიას მივეცი ინტერვიუ, რომ ავუხსნა აქ რა მოხდა. ვესაუბრე 6 პრეზიდენტს, მათ შორის, ევროპელი ქვეყნების პრეზიდენტებს, ვესაუბრე საგარეო საქმეთა მინისტრებს. აქ ყველა წაიკითხავდით იმ შეფასებებს და მხარდაჭერის გზავნილებს, რაც მოდის სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან და რაც მოდის ამერიკიდან, წაიკითხავდით სახელმწიფო მდივნის ძალიან მკაფიო განცხადებას. ჯერ ერთი არავინ, გარდა ერთი ადამიანის, რომელმაც აქ ჩაიარა, არავინ არ აღიარებს არსებულ არჩევნებს. მაგრამ, ყველა გვეუბნება ერთს - ყველა გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება და ბოლომდე მივიყვანოთ და სხვათა შორის, შეიძლება ამაში მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რომ ეს გამოძიება იყოს სრულყოფილი და არ დავტოვოთ არცერთი კითხვა პასუხის გარეშე. ამაში არიან ძალიან აქტიურად ჩართულნი ჩვენი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, ყველანი ერთად და თქვენი დახმარებით, რადგან თქვენც გაქვთ თქვენს ხელთ ძალიან ბევრი მტკიცებულება, უნდა შეიქმნას სრული სურათი თუ როგორ მოხდა ხმების ის არნახული, ის უპრეცედენტო, უნიკალური წართმევა ასე მასობრივად, ასე სისტემურად, ეს არის წინასწარ დაგეგმილი, უზარმაზარი ოპერაცია, რომელმაც წაგვართვა ჩვენი ხმები, წაგვართვა პარლამენტი, წაგვართვა კონსტიტუცია. მაგრამ, ჯერ კიდევ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ დავდოთ ეს შედეგები და მოვითხოვოთ ამ შედეგების შესრულება. ეს არის პირველი ეტაპი, დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური პარტიები გეტყვიან როგორ აპირებენ მოქმედებას. ჩვენ ერთად ვართ, არავინ არ დატოვებს ამ უსამართლო შედეგს ამ დღეში. ერთად ვართ და ერთად, ძალიან მშვიდობიანად, როგორც დღეს ვართ, დავიცავთ იმას, რაც ჩვენი, თქვენი კონსტიტუციური უფლებაა, რომ ჩვენი ხმა იყოს დაცული. როგორც მე, ამ ხალხსაც სხვა არაფერი გვაქვს, ხმის გარდა! ხმა ხალხისა, ხმა ერისა, რომელიც უნდა აღვასრულოთ და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება!
ერთ რამესაც გეტყვით, დრო არ არის არც პესიმიზმის, არც ხელის ჩაქნევის, არც შეგუების, ახლა დროა, ძალიან წყნარად, ძალიან შემართებით, მიზანმიმართულად დავიცვათ ჩვენი ხმა.
დიასპორასაც წაართვეს ხმების უზარმაზარი რაოდენობა. ის ხმები, რომლებიც მივიდა უბნამდე ძალიან ნათლად აჩვენებს საქართველოს ხალხის ნებას, მაგრამ ძალიან ცოტა ხმა ,,წამოვიდა“, იმისთვის, რომ არ შეეშალა ხელი აქ დაწერილ შედეგებისათვის. აქ დაწერილი შედეგები არ იქნება საბოლოო შედეგები, ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ.
ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ყველას იმ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ამ დღეებში და რაც გავაკეთეთ ერთად.
ახლა ადგილს დავუთმობ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც წარადგენენ პოლიტიკურ გეგმას და პოლიტიკურ ხედვას. ჩვენ, პარტიებთან ერთად, რომლებიც არ წარმოადგენენ რაღაც ხელოვნურ ერთობას, დღეს, როგორც გუშინ, ისინი ერთიანნი არიან ,,ქართული ქარტიისა“ და ჩვენი ერთადერთი ევროპული გზის - ჩვენი გამოსავლისა და ალტერნატივის გარშემო. და შენ როცა ხმა მიეცი ერთს, მეორეს, მესამეს, ან მეოთხეს - ესე იგი, ხმა მიეცი ევროპას, ხმა მიეცი მომავალს, ხმა მიეცი საქართველოს!