პრეზიდენტი: ერთად დავდგეთ და გამოვუცხადოთ მსოფლიოს - ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვეგუებით რუსეთს და მის შემოსვლას საქართველოში, არ ვეგუებით ახალი ფორმის დაპყრობას!

ყველას მოგესალმებით და მინდა, პირველ რიგში, დიდი მადლობა გამოვუცხადო საქართველოს ყველა იმ ამომრჩეველს, რომელმაც ხმა მისცა საქართველოს ევროპულ მომავალს. თქვენ იყავით ძალიან ბევრნი, თქვენ გაიმარჯვეთ ამ არჩევნებში და არავის აქვს უფლება, წაგვართვას ეს ევროპული მომავალი. 

მინდა მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც კომისიებში ძალიან უთანასწორო და უსამართლო პირობებში იბრძოდნენ იმისათვის, რომ დაეცვათ თქვენი ხმა. მადლობა მინდა ვუთხრა ჟურნალისტებს, რომლებიც კიდევ უარეს პირობებში იბრძოდნენ იმისათვის, რომ ყველა დარღვევა მაქსიმალურად ყოფილიყო დაფიქსირებული, მაგრამ იმდენი და ისეთი სხვადასხვა ფორმის დარღვევები იყო, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ყველაფერი აღებეჭდათ თავიანთ გადაცემებში. 

ჩვენ დავესწარით ძალიან უჩვეულო რამეს. ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების, გამოყენება ყველა იმ ხერხების, რაც გვინახავს ამ ქვეყანასა თუ  სხვადასხვა ქვეყნებში, რაც შეიძლება გამოიყენო არჩევნების გასაყალბებლად, პლუს დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმისათვის, რომ გაეთეთრებინათ გაყალბება. 

ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი, რეალურად, რუსული სპეცოპერაციის, შეიძლება ითქვას, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე. 

ჩვენთან რამდენიმე თვის წინ ამ ხელისუფლებამ მიიღო (რომელსაც ახლა დავარქმევ ძალაუფლებას და არა ხელისუფლებას) რუსული კანონი. ამის შემდეგ კიდევ ბევრი სხვადასხვა, მთელი რიგი რუსული კანონები, რომელიც ევროპულ რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება და ჩვენს ევროპულ მომავალს გვიხერგავს. 

ახლა, დღეს, ამ არჩევნების დროს, წაგვართვეს არჩევნების უფლება. ჩატარდა რუსული არჩევნები, წაგვართვეს არჩევნების ინსტიტუტი იმიტომ, რომ ამ არჩევნების მერე ძალიან ძნელი წარმოსადგენია როგორი შეიძლება იყოს (თუ არაფერი შეიცვალა) ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში. წაგვართვეს არჩევნების კონსტიტუციური უფლება. ჩვენს მოქალაქეებს ძალიან ბევრს წაართვეს თავიანთ პირადობის მოწმობები და ამით არჩევნებში მონაწილეობის უფლება, სხვადასხვა ფორმით, კიდევ ერთხელ და ჩვენს ემიგრანტებს წაართვეს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, დაარღვიეს მათი კონსტიტუციური უფლება, რადგან არ გაიხსნა უბნები და არა მხოლოდ ეს. იქაც გამოიყენეს სხვადასხვა ხერხები და სხვადასხვა ფორმები, ადრე ძალიან ცოტა მონაწილეობდა არჩევნებში, ახლა კი, პრაქტიკულად, 100 000 ემიგრანტმა ძალიან ბევრი იბრძოლა იმისათვის, რომ დარეგისტრირებულიყო და ამის მიუხედავად, მხოლოდ 33 000 მოახერხა ხმის მიცემა. ეს ადამიანები თუ იბრძოდნენ იმისთვის, რომ ეს უფლება მოეპოვებინათ, თუ გადალახეს, ამერიკაში 2000 მილი და ბევრი წინააღმდეგობა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, ეს არ იყო იმისთვის, რომ ხმა არ მიეცათ. ამიტომ იქაც რაღაც მოხდა, რაც იქნება გამოსაკვლევი. 

ძალიან ბევრი რამ იქნება გამოსაკვლევი. ძალიან მადლობელი ვარ ასევე, ჩვენი უცხოელი პარტნიორების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების, რომლებმაც აღრიცხეს ყველა ეს დარღვევა და არ დაიხიეს უკან, რომ ჩამოეწერათ ის, რაც მოხდა აქ, არჩევნებში. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. 

დღეს, მინდა ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში დარჩენილი ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ვთქვა, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. 

ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება რადგან ეს იგივეა, რაც რუსეთის აქ შემოსვლისა და რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების აღიარება. მე ამისათვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში, ამისათვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს და ამას ჩვენ ჩვენი შემდეგი თაობებისთვის არ შევეგუებით. არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი. 

მე არ ვარ ერთი ადამიანი, მე ვარ სწორედ [სახელმწიფო] ინსტიტუტი, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობას წარმოადგენს. 

მინდა, მოსახლეობას მივმართო და ვუთხრა, რომ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვეგუებით რუსეთს და მის შემოსვლას (ამ ფორმით) საქართველოში, ახალი ფორმის დაპყრობას. ჩვენ დავდგებით ერთად, ჩემთან ერთად და მე მათთან ერთად, არიან ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და იცავდნენ ევროპულ მომავალს, ქარტიას. მათთან ერთად მინდა ყველას გითხრათ და მოგიწვიოთ ხვალ საღამოს 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ჩვენ ერთმანეთსაც გამოვუცხადოთ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ ჩატარდეს სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები. ამ უფლებას არავის არ დავუთმობთ. ეს არის ჩვენი, ეს არის თქვენი და ჩვენ ამას ხვალ ერთად ვიტყვით. 

ეს იქნება ყველას ერთად სიმბოლური გამოსვლა, რათა მსოფლიოს გამოვუცხადოთ. მინდა მივმართო ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს, მოვისმინე გაკეთებული განცხადებები და ყველანი ძალიან მადლობელნი ვართ ამ განცხადებებისთვის, მაგრამ ყველამ საზღვრებს გარეთ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა, ამ რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა, ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირების დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას, 

თქვენ შეგიძლიათ ამ ქვეყანაში დაიცვათ მოსახლეობა, მოსახლეობის უფლებები, დემოკრატიული უფლებები ისე, როგორც თქვენ დაიცავით საქართველო, როცა ხელისუფლებას უნდოდა მიეღო, როცა მიიღო რუსული კანონი და დადექით მოსახლეობის მხარეს, ასევე ამ არჩევნების მერე უნდა დაგვიდგეთ ჩვენ, მოსახლეობის, საზოგადოებას გვერდით რადგან ეს არჩევნები არ იქნა, არ შედგა, არ არის ლეგიტიმური და ვერაფერი გახდის ამ არჩევნებს ლეგიტიმურს. 

ძალიან დიდი მადლობა!