პრეზიდენტი - ეს ისტორია, ეს ტოლერანტობა, რომელიც ქართველებს და ქისტებს გვახასიათებს, ღრმადაა ჩვენი ხალხების ფესვებში გამჯდარი და ეს არ შეიძლება დაიკარგოს

ორბელიანების სასახლეში დღეს მექა ხანგოშვილის წიგნის  „ქისტები, რომლებმაც შექმნეს პანკისის ხეობის ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზიდენტმა პანკისის ხეობიდან ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და კავკასიელ ხალხთა ურთიერთობების მნიშვნელობასა და იმ ღირებულებებზე ისაუბრა, რომელიც წიგნს უდევს საუძვლად.

,,მექა ხანგოშვილის არაჩვეულებრივი, უზარმაზარი წიგნი არის არა მხოლოდ ქისტების ისტორიისა და პანკისის ხეობის შესახებ, არამედ საქართველოს ისტორიისა და იმ ურთიერობების შესახებ, რომელიც ჩვენი და კავკასიელი ხალხის უნიკალურ ურთიერთობებს ახასიათებს, რაც ჯერჯერობით ჯეროვნად შესწავლილი არ არის.

ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური რაც გაგვაჩნია, ეს ის ურთიერთობებია, რომლებიც კავკასიელ ხალხთა შორის ჩამოყალიბდა. ეს ისტორია, ეს ტოლერანტობა, რომელიც ქართველებს და ქისტებს ახასიათებთ, დღეს ცოტა გვავიწყდება რაღაცები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დაგვიბრუნდება. ეს ღრმადაა ჩვენი ხალხების ფესვებში და ეს არ შეიძლება დაიკარგოს. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს წიგნი ძალიან ძვირფასია და იგი დარჩება საქართველოს ისტორიაში, როგორც ხანგოშვილების ოჯახის განუყოფელი ნაწილი. ქალბატონო მექა, მე ვიცი, რომ ეს არის მთელი თქვენი ოჯახის წიგნი და ამითი კიდევ უფრო ძვირფასია თქვენთვის და არამხოლოდ თქვენთვის, არამედ მათთვისაც ვინც იცის რა როლი აქვს თქვენს ოჯახს პანკისის ხეობაში დღემდე და რა როლი ექნება მას სამომავლოდ.

მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ურთიერთობები ქვეყნისთვის ძალიან ძვირფასია, ისინი საქართველოს სამომავლო ისტორიას, საქართველოს მომავალსა და საქართველოს სახელმწიფოს ქმნიან“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე, წიგნის ავტორი მექა ხანგოშვილი, პოეტი ტარიელ ხარხელეური, პოეტი ეთერ თათარაიძე, წიგნის რედაქტორი ამირან არაბული, ,,ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების" თავმჯდომარე გიორგი ფარეშიშვილი და პროფესორი კავკასიოლოგი ცირა ბარამიძე.