პრეზიდენტი - ამ გარდამტეხ არჩევნებში საქართველოს მოსახლეობა არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის, არჩევანს გააკეთებს მშვიდობიანი, დამოუკიდებელი და ევროპული მომავლის სასარგებლოდ

ვარშავაში, საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტმებმა, პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

საქართველოს პრეზიდენტი:

ბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით მასპიძლობისთვის. 

პოლონეთში ჩემი ბოლო ვიზიტიდან თითქმის ორი წელი გავიდა. საქართველო და ქართველი ხალხი თავის ევროპულ გზაზე ყოველთვის გრძნობდა და გრძნობს პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას. ყველა მნიშვნელოვან მომენტში, როცა ამ ევროპულ გზაზე საქართველოს ახალი ნაბიჯი უნდა გადაედგა, ყოველ ამ ეტაპზე, პოლონეთი, პოლონეთის ხალხი და პოლონეთის ხელისუფლება იყო საქართველოს გვერდით და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ჩემგან და საქართველოს მოსახლეობისგან, რომელმაც იცის, რომ პოლონეთი საქართველოს დიდი მეგობარია.

ამჯერად, ვარშავაში ჩემი ვიზიტი მაშინ ტარდება, როცა ჩვენ ყველა გარდამტეხ დროსა და ეპოქაში ვიმყოფებით. ეს მომენტი გარდამტეხია მსოფლიოსთვის, კიდევ უფრო ევროპისა და საქართველოსთვის. ევროპის შუაგულში უკვე ორწელიწადნახევარზე მეტია რაც რუსეთის უსასტიკესი აგრესია მიმდინარეობს, ომი უკრაინის სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის წინააღმდეგ. 951 დღე (თუ არ ვცდები) და ეს ის დღეებია, როცა რუსეთმა ვერ შეძლო და ვერ შეარყია უკრაინელების მხნე ბრძოლა, რომელიც დღემდე გრძელდება. 

ის, რაც რუსეთს ეგონა იქნებოდა მოკლე კამპანია (3 დღიანი თუ არ ვცდები) გაგრძელდა და დღემდე რუსეთმა ვერაფერი მოუხერხა. პირიქით, ამ დროს აღმოჩნდა თუ როგორია უკრაინის მიმართ ევროპის, დასავლეთის სოლიდარობა, რასაც ასევე არ ელოდება რუსეთი. 

ევროპამაც და ამერიკამაც კარგად იცის, მაგრამ ჩვენც, ქართველებმაც ვიცით, რომ უკრაინა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, არამედ იბრძვის ყველასთვის - მთლიანად ევროპისთვის და მათ შორის, ჩვენთვის, ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც რუსეთის მეზობლადაა და ვისაც უკვე გამოცდილი აქვს რუსეთის აგრესია. 

ევროპაში მშვიდობა შეიძლება მხოლოდ რუსეთმა დაარღვიოს. ევროპა შეიქმნა მშვიდობისთვის, ევროპაში ერთამენთის წინააღმდეგ არცერთი ომი ყოფილა, და მითუმეტეს, რუსეთთან მიმართებაში. 

მე დღეს მონაწილეობა მივიღე ვარშავის უსაფრთხოების ფორმუში, სადაც სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომსა და ასვე ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების გამოწვევებზე იყო მსჯელობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია და მასში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტისთვის დიდი პატივია. 

უნდა ითქვას, რომ საქართველში არსებული ვითარება და საქართველოს მომავალი ევროპის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც დღეს ძალიან კარგად გამოჩნდა.

როგორც აღვნიშნე, დღეს საქართველოსა და მისი მომავლისთვის გარდამტეხი პერიოდია. საქართველო ისტორიული არჩევნებისთვის ემზადება. 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის. ეს არის პრაქტიკულად რეფერენდუმი და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა, როგორც წარსულში (ყველა იმ მომენტში, როცა გადამწყვეტი არჩევანი იყო გასაკეთებლი) გააკეთებს საკუთარ არჩევანს მშვიდობიანი და ევროპული დამოუკიდებელი მომავლის სასარგებლოდ. 

ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომენტში, საქართველოსა და ქართველ ხალხს სჭირდება თავისი ევროპელი პარტნიორების მორალური მხარდაჭერა. სჭირდება დამკვირვებლების ჩამოსვლა, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან და რაც მთავარია, მშვიდობიან გარემოში. 

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანი ორიენტირებული იქნება თავისი ევროპული მომავლისკენ და ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ, რაც დღეს გაყინული და შეჩერებულია. 

ბატონ პრეზიდენტთან ძალიან დიდი იმედი გამოვთქვი, რომ საქართველო არამხოლოდ დაუბრუნდება ამ გზას, ძალიან სწრაფად შეუდგება ყველა საჭირო გადაწყვეტილებების მიღების გზას, რათა ევროპის გზაზე დავიბრუნოთ ის ადგილი, რომელიც გაწევრიანების მოლაპარაკებებს გაგვიხსნის, არამედ, ეს მოხდება სწორედ პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, რომელიც მომავალი წლის იანვარში იწყება და მომავალი წლის ივნისის ბოლომდე გასტანს. ეს ის პერიოდია, როცა ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა ის კანონი და ყველა ის გადაწყევტილება, რომელიც მიგვიყვანს სწორედ ევროკავშირის კარამდე. და თუ ჩვენ ეს გზა სწრაფად გავიარეთ, ვიცი, რომ პოლონეთი ჩვენს გვერდით იქნება, როგორც აქამდე, ყველა ჩვენი ევროპული ნაბიჯის დროს და იქაც, პოლონეთის თავმჯდომარეობა ჩვენი მხარდამჭერი იქნება. 

კიდევ ერთხელ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს ამ ვიზიტისთვის, ფორუმში ჩემი მონაწილეობისთვის, რომელიც ჩვენთვის სწორედ დღეს, ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მჭიდრო კავშირი გაგრძელდება და კიდევ უფრო გარღმავდება. 

დიდი მადლობა!

კითხვა საქართველოს პრეზიდენტს:

მიისწრაფვის თუ არა საქართველო ნატოსკენ? როგორ მიმდინარეობს საქართველო - ნატოს ურთიერთთანამშრომლობა?

ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. საქართველოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, მათ შორის, პრეზიდენტს ევალება, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ უფრო სწრაფად მივაღწიოთ ამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს. 

ეს ეხება როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირს, რომელთანაც ამჟამად ყველაფერი გაჩერებულია. იმის შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გარკვეული ზომები და არ მიიღო სხვა ზომები, რომლებსაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ელოდებოდნენ. აქ საუბარია რუსულ კანონზე და იმაზე, რომ არ შედგა იუსტიციის საბჭოს რეფორმა. 

ეს არის ის, რაც ხელს უშლის ჩვენს სწრაფ სვლას ევროკავშირისა და ნატოსკენ. დიდი იმედი მაქვს, საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი ბრძენია და იცის სად არის მისი ევროპული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და  მშვიდობიანი მომავალი.

პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი: 

პატივცემულო პრეზიდენტო, დიდი სიამოვნებით მოგესალმებით. საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის მეგობარია, ამიტომ ორმაგად მოხარულები ვართ მოგვეცა შეხვედრისა და საუბრის საშუალება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, რომელიც ეხება ვითარებას საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში. მოვისმინე საქართველოს პრეზიდენტის ხედვა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ. 

ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და უშუალო მეზობლობაზე, სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობაზე და რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებაზე. ახლო მომავალში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. დიდი მადლობა გადავუხადე ქალბატონ პრეზიდენტს, ვარშავაში ჩამოსვლისთვის, ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისათვის და ასევე დიდი მადლობა იმისათვის, რომ მიიღო მონაწილეობა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში და სიტყვით გამოვიდა, მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მონაწილეობდა ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში.

როგორც უკვე რამდენჯერმე აღვნიშნე, საპრეზიდენტო სასახლეში შეხვედრის დროს საუბარი ეხებოდა ასევე, უსაფრთხოების თემას, ვინაიდან საქართველოც და პოლონეთიც აგრესორი ქვეყნის უშუალო მეზობლები არიან. ასევე, უკრაინა ჩვენი უშუალო მეზობელია. საქართველოს და უკრაინას ზღვა კი ჰყოფთ, მაგრამ უშუალო მეზობელი რუსეთის ფედერაციაა და ამიტომ ეს საკითხი საქართველოსთვის, უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად შეუძლია გაუმკლავდეს უკრაინას და თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისაგან.

ჩემი და ქალბატონი პრეზიდენტის აზრი თანხვედრაშია, ჩვენი აზრი, ჩვენი მიდგომა და ჩვენი აღიარება იმ საფრთხეების, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყნები და რომლებიც უშუალოდ ეხება ახლა უკრაინას და 2008 წელს ეს აგრესია  უშუალოდ  საქართველოს მიმართ განხორციელდა და რუსეთი არაერთხელ ახდენდა პროვოკაციებს. 2008 წლიდან ჩვენ ამას ვხედავთ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები ოკუპირებულია ზუსტად რუსეთის აგრესიის შედეგად და მუდმივად ხდება დესტაბილიზაციის მცდელობები.

საქართველოში დემოკრატიული ძალები ცდილობენ მოიპოვონ პოლიტიკური უპირატესობა, ტარდება წინასაარჩევნო შეხვედრები, ამაზეც ვესაუბრე ქალბატონ პრეზიდენტს და ჩვენ, ყველა მოუთმენლად ველით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა - ამომრჩეველი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებას. რა თქმა უნდა, არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს, მაგრამ თვით საქართველოსაც უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, არამხოლოდ სურვილით, არამედ იმ პირობების შესრულებითაც, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის წინაპირობაა, ამიტომ საქართველოს სახელმწიფო უწყებები უნდა იყოს დემოკრატიული.

საქართველოში ახლახანს ,,უცხოური გავლენის გამჭირვალოსბის შესახებ“ კანონი მიიღეს და რა თქმა უნდა, ევროკავშირის პოლიტიკოსებმა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი ამის შესახებ და ეს ყველასთვის აშკარაა და აღქმულია ისე, რომ პოლიტიკური ძალები ზღუდავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და დემოკრატიისკენ მათ მისწრაფებას. 

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს გაწევრიანება ახლო მომავალში მოხდება და ამიტომ ამაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნების შედეგებს.  ჩვენ ყველა საკითხი განვიხილეთ და რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ საქართველოს. მე ვკითხე ქალბატონ პრეზიდენტს ელოდებიან თუ არა დამკვირვებლებს უცხო ქვეყნებიდან და ქალბატონმა პრეზიდენტნმა დაგვიდასტურა ეს. იმედი მაქვს, რომ არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა გამოთქვამს საკუთარ აზრს და დაადასტურებს თავის ხმას მომავალ არჩევნებში.

საქართველოს პრეზიდენტის ეს ვიზიტი პოლონეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი მადლობა მას ამ ვიზიტისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ჩვენთვის, ძალიან ძლიერი მნიშვნელობა მიეცა მას 2022 წლის თებერვლის შემდეგ და ქალბატონი პრეზიდენტის აზრი და ხმა, როგორც საერთაშორისო პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკოსის, რომელსაც დიდი გამოცდილება გააჩნია, როგორც დასავლეთ ევროპაში, ასევე საერთაშორისო პოლიტიკაში, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვიცით, რომ ქალბატონი პრეზიდენტი აკეთებს ყველაფერს, რათა საქართველო დემოკრატიული გზით განვითარდეს. ძალიან დიდი მადლობა ამ ვიზიტისა და ყველა შეხვედრისათვის.