ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ხნის შემდეგ, მეძლევა შესაძლებლობა და არამხოლოდ მათ, ვინც დღეს აქ იმყოფებით, არამედ ყველას მადლობა გადაგიხადოთ - ეს ჩემი სურვილი და ჩემი მოვალეობაა.
ის, რაც თქვენ, ახალგაზრდობამ გააკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის და ეს ცოტა არ არის. თქვენ შეძელით და მოგვეცით ახალი იმედი. სხვაგვარად დაგვანახეთ ჩვენი თავი - თურმე ამ ქვეყანას ჰყოლია ძალიან შეგნებული, ძალიან ცოცხალი, ძალიან ძლიერი და ძალიან შეგნებული ახალგაზრდობა. ახალგაზრდობამ, რომელმაც იცის რა ელის ქვეყანას, რა დღეშია ქვეყანა, რა გადაწყვეტილება აქვს მისაღები და იცის ამ ქვეყნისთვის როგორი მომავალი უნდა.
ჩვენ ბევრს გვეგონა, რომ ახალგაზრდობა უფრო თავის მატერიალურ ბედზე და თავის კერძო, ინდივიდუალურ მომავალზე ფიქრობდა, სხვათა შორის, ესეც საჭიროა, მაგრამ არ ვიცოდით, რომ თქვენ ასე ღრმად ფიქრობდით თქვენს სამშობლოზე - თქვენ, არამხოლოდ ჩვენ, საქართველოს საზოგადოებას, არამედ მთელ მსოფლიოს შეძელით და გაფანტეთ საქართველოს მიმართ გაჩენილი ეჭვები, რომ ,,აღარ ვიცით საითკენ მიდის ეს ქვეყანა, ნუთუ გადაუხვია თავის გზას“, და თქვენ, უცებ, თქვენი ყოველდღიური ბრძოლით უაღრესად პოზიტიურ სურათად გადააქციეთ ეს.
ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღე და ყოველ ღამე გამოდიოდნენ, რათა ეთქვათ რომ უნდათ ევროპული მომავალი, არ უნდათ რუსული მომავალი, ან რუსულ ყაიდაზე გადაყვანილი საქართველოს მომავალი. თქვენ თქვენი კრეატიულობით, თქვენი სილაღით, თქვენი მხიარულებით, თქვენი ქართველობით, თქვენი ეროვნულობით და თქვენი ევროპულობით დაანახეთ მსოფლიოს, რომ საქართველოს ევროპული და ქართული მომავლის გარდა, სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს. დიდი მადლობა, რომ თქვენ დიდი საქმე შეძელით. შეიძლება ვიღაც ფიქრობდეს, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ, ვერ დავამარცხეთ ის რუსული კანონი და აბა დღეს რაღა ვქნათ? თქვენ უკვე გაიმარჯვეთ! გამარჯვებული დადიხართ და ეს ახალგაზრდები, რომლებიც დღეს საზღვარგარეთიდან გიყურებდნენ სწორედ ამას გეუბნებიან, რომ თქვენ უკვე გაიმარჯვეთ!
ეს ერთი კანონი არაფერია. კი მიღებულია, მაგრამ ამ ერთი კანონის და ბევრი, არანაკლებ რუსული სხვა კანონის გაუქმება ერთი ხელი მოსმით, პარლამენტის ერთი სხდომით შეიძლება, და ეს უკვე წერია ,,ქართულ ქარტიაში“, ეს უკვე გადაწყვეტილია და ეს უკვე ხელმოწერილია პრაქტიკულად ყველა იმ პარტიისგან, რომლებსაც პრეტენზია აქვთ იყვნენ პროევროპულები. ჩვენ არავის ისე არ ვენდობით, მათი პროევროპულობა დადასტურდება მაშინ, როცა პარლამენტში რეალურად, ამ ყველა კანონს გააუქმებენ - ეს თქვენი გამარჯვება იქნება.
ცხადია, ეს გამარჯვება არჩევნებზე გადის, დემოკრატიულ ქვეყანაში სხვა გზა არ არსებობს და სხვა გზა არ არსებობს არც საქართველოში, ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში. ჩვენთვის ძალიან დიდი შანსია, რომ არჩევნები კარზეა მომდგარი და ამ არჩევნებისთვის საკმარისი მომზადების დრო გვაქვს, დრო გვაქვს ერთად. ჩვენ უნდა დავიწყოთ კამპანია და ხალხს გავაგებინოთ, რომ ეს არჩევნები კი არა, ეგზისტენციალური არჩევანია, სადაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რასაც საქართველო (არა მხოლოდ) 30 წელია, რაც სახელმწიფო იყო მუდამ ამბობდა, რომ ეროვნული ღირებულებები მისი ღირებულებებია და არ შეიძლება ვინმემ გარედან შეუცვალოს ეს, არ შეიძლება გარუსდეს საქართველო, არ შეიძლება არ იყოს დამოუკიდებელი და არ შეიძლება არ იყოს ძლიერი.
ეს არის ჩვენი არჩევანი ამ მომავალ არჩევნებზე, ჩვენ ვინმეს კი არ ვირჩევთ, რომელიმე პარტიას კი არ ვირჩევთ, კი ეს გავა რომელიმე პარტიის არჩევანზე, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ ამ სამოქმედო გეგმის მეშვეობით, ჩვენ ვირჩევთ რომ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული მომავალი.
ამ რამდენიმე დღეში უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს გაუხსნიან, ამ ადგილას ყველა მოცემულობით საქართველოც უნდა ყოფილიყო, ჩვენ იქ უნდა ვიყოთ და არ ვართ, მაგრამ სწორედ ამ არჩევნების გზით გვაქვს საშუალება, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს ადგილს და მომავალ წელს, 2025 წლის ივნისში ევროპულ საბჭოზე ჩვენ გაგვიხსნან გაწევრიანების მოლაპარაკებები, დავეწიოთ ჩვენ მეგობარ უკრაინას და მოლდოვას და გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც დროებით გაგვიჩერეს, მაგრამ მხოლოდ დროებით და ეს თქვენი გამარჯვებაა!
დიდხანს აღარ გავაგრძელებ, რადგან გექნებათ სათქმელი და კითხვები, დაბოლოს გეტყვით, რომ ეს საქმე და ეს არჩევნები, რომელიც მოსამზადებელია ერთად გასაკეთებელი საქმეა. ერთად, რადგან ჩვენს შორის განსხვავება მხოლოდ ნახევარი საუკუნეა, რომელიც არაფერს ნიშნავს, რადგან განსხვავება არ არის ქვეყნის სიყვარულში, განსხვავება არ არის, როცა ლაპარაკია ქვეყნის გადარჩენაზე და სამშობლოს მშენებლობაზე, ამ ყველაფერში ერთად ვართ.
მე შეიძლება ფიზიკურად არ ვიდგე იქ, სადაც თქვენ დგახართ და ღმერთმა ქნას, რომ არ დამჭირდეს იქ გამოსვლა, მაგრამ ხომ იცით, რომ საქმეში ერთად ვართ, არჩევნების მომზადებაში ერთად ვართ, ჩვენი დიასპორის მობილიზაციაში ერთად ვართ, ხმების დაცვაში ერთად ვართ და ამ ყველაფრის ორგანიზაციაში ერთად ვიქნებით.
მე მაქვს თქვენი იმედი და თქვენ გქონდეთ ჩემი იმედი!