გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ ძლიერად, მშვიდობიანად და დამაჯერებლად აჩვენა მსოფლიოს და გვიჩვენა ჩვენ, ყველას, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ქვეშ დაყენებას, რომ არ დაუშვებს რუსულ კანონს! ეს არის და ეს! ამას ვერაფერი შეცვლის! ვერანაირი გათვლა, თუ გადათვლა. ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები, სერიოზული, ვითომც მაღალი IQ-თი, ითვლიან და ვეღარ ითვლიან რამდენი ადამიანი იყო [აქციაზე]. დათვლა არ არის საჭირო! გუშინ ყველას წინაშე წარსდგა ის საზოგადოება, რომელიც ხვალინდელ დღეს ნამდვილად ამზადებს.
თავის მხრივ, ხელისუფლებამ აჩვენა დაბნეულობა. აჩვენა, რომ არ აქვს ხალხის და ამ რაოდენობის ხალხის მიმართ არანაირი სტრატეგია, თუ არა ის, რაც ახასიათებს ასეთ ხელისუფლებას, როცა უკვე ხალხის ნდობა მას აღარ აქვს, ანუ ტყუილი, მანიპულაცია, რაღაცა მიხვრა-მოხვრა, რომ შეიქმნას გაუგებრობა, მაგრამ ეს გაუგებრობა ვერ იქნება. ტყუილს მიჩვეული ვართ. ვიცით, რომ ეს რუსული კანონი ერთხელ უკვე გაიწვიეს, დაგვიფიცეს, რომ არა, აღარ იქნება, არასოდეს აღარ შემოვიტანთო, [გვითხრეს] არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და ისევ დააყენეს ეს საკითხი, რომელიც რეალურად არავის სჭირდებოდა, თავადაც არ სჭირდებოდათ, [დააყენეს ეს საკითხი] მხოლოდ იმისთვის, რომ [აჩვენონ] ჩვენ რასაც გვინდა იმას ვაკეთებთ, არავის, არც შიგნით და არც გარეთ, არავის ვემორჩილებით და აგერ, საზოგადოების პასუხი!
მანიპულაციაა, როცა ერთი მხრივ, რაღაც დიალოგზე საუბრობ, რაღაც ცვლილებებზე და მეორე მხრივ, არის ის, რაც ახლაც გავიგონეთ პრემიერისგან - ძალადობა, დაშინება, ტერორი, სრულიად უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება. ვერავის დაარწმუნებთ იმაში, რომ ეს ახალგაზრდები რაღაც დიდ კონსპირაციებს აწყობდნენ, ეს თქვენ თვითონაც არ გჯერათ; შანტაჟები და წარმოუდგენელი შეურაცხყოფა. ანუ, მე მრცხვენია, როცა პარლამენტის წევრების წარმოუდგენელ სიტყვებს ვკითხულობ, (ვიღაცების, რომლებსაც შეიძლება ოდესღაც ვიცნობდი), რაც მხოლოდ და მხოლოდ იმის ნიშანია, რომ თვითონ შინაგანად უკვე დაშინებულები არიან. სწორედ ეს არის იმ შინაგანი მდგომარეობის საშინელი გამოხატვა.
როგორც ჩანს ისიც ვერ გაიგეთ, რომ აქ, კი რუსულ კანონზეა საუბარი, ეს კანონი არის რუსული და ვერანაირი კითხვა - აბა, ამ კანონში რა არის რუსული, - ამას ვერ შეცვლის. თქვენ იკითხეთ და წერეთ! ეს კანონი რუსულია, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელი ისაა, რომ დღეს უკვე ეს კანონი სიმბოლოა. წაიღებთ - არ წაიღებთ, შეცვლით-არ შეცვლით, რეალურად, საზოგადოების მიმართ თქვენივე ქმედებები, თქვენივე სიტყვები, თქვენივე ძალადობა არის რუსული. ეს ის მეთოდებია, რომელიც გვეგონა, რომ წარსულს ჩაბარდა და რომელსაც თქვენ აცოცხლებთ. ამ წუთში, აი მე რომ დამასწრო პრემიერმა, მისი გამოსვლა არის რუსული და ამ რუსულ მდგომარეობაში ამ ქვეყანაში არავინ დაბრუნდება.
რაც ეხება პრეზიდენტის ვეტოს. უცებ გაახსენდათ პრეზიდენტი და მისი ვეტო. გაახსენდათ ის პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერმა (სრულიად წარმოუდგენელი ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში, დაანებეთ თავი ცივილიზებულს, სახელმწიფოში) პრეზიდენტს საკუთარი ჯარის, ამ ქვეყნის ჯარის წინაშე მოღალატე ეძახა - ამაზე წარმოუდგენელი გადატრიალება არ ყოფილა და ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ აი მოდით ახლა ვეტო წარმოგვიდგინეთ, შიგნით რაღაცები ჩაწერეთ. თქვენ ვერ წერთ, მაგრამ დაგიწერენ სხვები, ან უცხოელები, ან აქაური ენჯეოები.. არ ვიცი ვინ... დაგიწერენ და წარმოგვიდგინეთ და შეიძლება დავფიქრდეთ.
იფიქრეთ თქვენ და იყავით! მე ვეტოს ნამდვილად წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ ამ თამაშებს, რამეთუ ამას მხოლოდ ერთი მიზეზი და მიზანი აქვს - ხალხში რაღაც გაუგებრობა და დაბნეულობა შემოიტანოს. გინდათ რამე შეცვალოთ ამ კანონში? თქვენი ნებაა! ან გაიწვიეთ, ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებული ვარ რაღაც შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ, ან კიდევ უფრო მარტივი, ძალიან მარტივი, თქვენ თვითონვე გადაიტანეთ ამ კანონის ამოქმედების ვადა და გთავაზობთ, გადაიტანეთ პირველი ნოემბრისთვის, არჩევნების შემდეგ, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს არის თუ არა ეს კანონი რუსული, არის თუ არა ეს კანონი რაღაც სხვა კანონების გადამღერება.. თუ რაცაა... და რას მოერგება, რაც მოერგება. ყოველ შემთხვევაში, ჩემი იმედი ნუ გექნებათ, რომ შევალ ამ თამაშში, რათა გავაპატიოსნოთ ეს რაღაც კანონი. არა! არის რუსული, დარჩება რუსულად და სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად.
დღეს მინდა მივმართო ასევე, სამართალდამცავ სტრუქტურებს: - არავინ გაბედოთ ის, რისი მუქარაც პრემიერის სიტყვებიდან ისმინებოდა; არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება იმისთვის, რომ დააშინოთ ის საზოგადოება, რომელმაც უკვე რამდენი დღე და კვირაა აჩვენა მსოფლიოს რამდენად მშვიდობიანი, რამდენად შეგნებული, რამდენად შემართებული და პროვოკაციაზე არწამსვლელია. ასე რომ, ტყუილია, ვერავის ვერაფერს დააჯერებთ, მხოლოდ იმას დააჯერებთ და იმას აჩვენებთ მსოფლიოს, რომ თქვენ არ იქცევით დემოკრატიულად, თქვენ არ ემორჩილებით კანონს, ამიტომ გირჩევთ, თავი შეიკავეთ ამისგან, რადგან რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს, თქვენი პასუხისმგებლობაა. ამას წინასწარ ვამბობ და მე მგონი, რომ ყველასთვის გასაგებია.
მინდა, ასევე, მივმართო მომიტინგეებს, რომლებიც ალბათ, გამოვლენ ამ საღამოს, ხვალ, ამ კვირაში, როცა მე-3 მოსმენა დაიწყება და დამთავრდება. მინდა მოგმართოთ, რათა იცოდეთ და ეს იკითხება პრემიერის სიტყვებშიც და რამდენიმე სხვა გამოსვლაში - არის რაღაც გეგმები, (რომელიც ნამდვილად ვერ გაამართლებს), რომ პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ.
ასე რომ, მინდა მოგიწოდოთ ძალიან დიდი სიფრთხილისკენ, რაც შიში არაა, მაგრამ სიფრთხილეა, რომ არავინ გამოგიწვიოთ პროვოკაციებში. უკვე ვნახეთ რამდენად შეგნებული და მშვიდობიანი იყო ეს გამოსვლები, საქართველოს ეს საზოგადოება ის საზოგადოებაა, რომელიც გვიჩვენებს, რომ ჩვენ თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის ღირსი ვართ.