მოგესალმებით ყველას!
ქრისტე აღდგა!
მინდა ყველას მოგილოცოთ აღდგომის დღესასწაული, რამეთუ ეს არის ჩვენი ძალა, ეს არის ჩვენი იმედი, ეს არის ჩვენი გამარჯვება!
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ელჩებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და მათთან ერთად ვიზეიმოთ ევროპის დღე. გაუმარჯოს ევროპას, ევროპის დღეს და ევროპულ საქართველოს!
საქართველო უკვე როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, წელს პირველად ზეიმობს ამ დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს, ამ დროს, ჩვენ ვიზეიმებთ, როგორც ევროკავშირის გაწევრიანების მოლაპარაკებებში ჩართული ქვეყანა.
და ეს იქნება ეს იქნება თქვენი დამსახურება იქნება, თქვენ ჩვენ უკვე გვაჩვენეთ გზა, უკვე გვაჩვენეთ როგორი შეიძლება იყოს ხვალინდელი საქართველო.
ხვალინდელი საქართველო იქნება:
უთუოდ მშვიდობიანი,
უთუოდ წელში გამართული,
უთუოდ თავისი ღირებულებების ერთგული,
უთუოდ ძალიან ქართული და ძალიან ევროპული.
გზა, რომელიც ხვალინდელ საქართველომდე მიგვიყვანს რთული გზაა!!! საქართველომ იცის, რომ მისი გზა არასოდეს ყოფილა იოლი, არც დამოუკიდებლობისკენ და არც თავისი თავისკენ.
დღეს ჩვენ რთულ გზაზე ვდგავართ, მაგრამ ვიცი, მჯერა და ვხედავ, რომ ჩვენ ყველა ერთად (და არა ცალ-ცალკე), მზად ვართ, რომ დავამარცხოთ გუშინდელი მტერი.
არასოდეს დაუბრუნდება საქართველო ბნელ წარსულს, რომლიდანაც გამოვიდა,
ვერავინ ვერასდროს დააბრუნებს საქართველოს იმ ბნელ წარსულში. ამისთვის ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც იომა და მოგვიყვანა დღემდე და ამიტომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი და ვალდებულნი, რომ ჩვენ გზაზე გავიყვანოთ საქართველო იმ გზაზე სადაც არის თავისი მომავალი.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ახალგაზრდებს, რადგან თქვენ გვაჩვენეთ (და ასეც უნდა იყოს) ცოცხალი ქვეყანა, გვაჩვენეთ ახალი ენერგია, ახალი შემართება, გვაჩვენეთ რომ ისეთები ხართ, როგორიც გვინდა იყოთ - პასუხისმგებლიანები, ენთუზიაზმით აღსავსე, მაგრამ ამავე დროს თავშეკავებულნი.
თქვენ იცით, რა რთულ გზას გავდივართ და ამიტომ მე მაქვს თქვენი იმედი, რომ ჩვენ ერთად გავივლით ამ ძალიან რთულ გზას, ერთად და ჩვენი პარტნიორების დახმარებით. რადგან კარგად ვიცით ვინ არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი, ვინ რა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ დღეს აქამდე მოვსულიყავით და ვინ არის ამ ქვეყნის მტერი.
ქვეყნებისთვის იგივე ხდება, რაც ადამიანებისთვის პიროვნულ ცხოვრებაში, ადამიანმა თუ არ იცის ვინ არის მოყვარე და ვინ მტერი, ვერ გაარჩევს თავის გზას, ასევეა ქვეყანაც. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ჩვენს პარტნიორებს ზოგიერთმა ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა, თუნდაც დღეს - ევროპის დღეს, [რუსთაველის თეატრში გამართულ საზეიმო საღამოზე] იმ ცარიელი სკამებით.
ამის მიუხედავად, ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა ისე, რომ ჩვენ არ დავუშვათ ვინმემ რამე პროვოკაციაზე წამოგვაგოს; არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმე რამე კონფრონტაციაში შეგვიყვანოს, როგორც აქამდე მშვიდობიანად, ხალისიანად, იმედიანად დავდიოდით და მივდიოდით ამ გზაზე, ასევე, უნდა გაგრძელდეს.
მინდა მივმართო არამხოლოდ ახალგაზრდებს - ახალგაზრდების გვერდით უნდა იდგნენ უფროსებიც, ისინიც თავშეკავებულნი. იმის დრო არ არის, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ გამოიყენოს ვინმე, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ თავისი თავის წარმოაჩენა სცადოს. დროა, რომ გაერთიანებული და ერთად შეკრული საზოგადოება გავიდეს იმ გზაზე, რომელიც მშვიდობიანი, გამარჯვებული არჩვენებით უნდა დამთავრდეს.
მე ამ გზაზე მეც თქვენთან ერთად ვიქნები და ვიქნები ბოლომდე ამ მშვიდობიან გზაზე. გამოცდილებით ვიცი და ეს ალბათ, წლებით მოპოვებული გამოცდილებაა, რომ სხვა გზა არ გვაქვს თუ არა მშვიდობიანი გზა, სხვა გზა იქნება ის, რომელიც იქნება მტერს გაახარებს.
ეს გზა ყველამ ერთად ერთობითა და მშვიდობით უნდა გავიაროთ. მე არ დავამთავრებ დღევანდელ სიტყვას ისე, რომ არ აღვნიშნო ერთი მაგალითი, რომელიც ჩვენი ელჩის შესახებ უცხოეთიდან მოგვდის. თავის დროზეც იყო ერთი მაგალითი - ლევან მიქელაძე, დღეს გაგვიჩნდა მეორე მაგალითი იმისა, რომ შეიძლება ერთმა ადამიანმა თავისი სინდისი შეინარჩუნოს და ამით ჩვენც მაგალითი მოგვცეს.
საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას,
არ ნიშნავს არანაირი პარტიის ერთგულებას, ნიშნავს ბოლომდე შენი ქვეყნის ერთგულებას.
ასეთი საქართველო, ერთგული, სინდისით და ყველა ღირსებით აღსავსე საქართველო ნამდვილად შევა ევროპაში.
გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს!
გაუმარჯოს ჩვენს ევროპელ მეგობრებს!
გაუმარჯოს ევროპის დღეს!
დიდი მადლობა!
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი:
მოგესალმებით!
ქალბატონო პრეზიდენტო,
ძვირფასო ელჩებო,
ძვირფასო სტუმრებო,
დღეს, ტრადიციულად, ევროპის დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ.
საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას!
ევროპის დღეს ჩვენ ვზეიმობთ 27 განსხვავებული ისტორიისა და კულტურის მქონე სახელმწიფოს წარმატებას, რომელიც საერთო ფასეულობებზე დგას.
ჩვენ გვსურს რომ საქართველო, თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ამ ერთობის ნაწილი გახდეს. სწორედ ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებაც.
მთავარია პოლიტიკურ ლიდერებს ისევე კარგად ესმოდეთ საკუთარი ხალხის ხმა, როგორც ეს ხმა ევროკავშირში ისმოდა, შარშან.
სანუკვარი მიზანი, რომელისკენაც თაობები, წლებია, შეუპოვრად მიისწრაფვიან, არასოდეს ყოფილა ასე ახლო. სხვადასხვა დროს, მათი სიმამაცისა და თავდადების მაგალითები მრავალმა კადრმა შემოინახა. როგორ შეიძლება, მათი შემხედვარე, იგივე მიზანს არ ემსახურო.
ზღვა, შესაძლოა, ხანდახან, ღელავს, მაგრამ, „საქართველო, შენი გემი, ევროპისკენ დაძრულია“. შეინარჩუნეთ კურსი ევრო-კავშირისკენ. ჩვენ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვართ.
გილოცავთ ევროპის დღეს! წინ, საქართველო, წინ!