სიამაყე, სიხარული, იმედი - ეს არის ის განცდები, რომელიც მე და ალბათ თქვენც ამ დროშის შემოსვლისა და აღმართვისას გეუფლებათ. ეს დროშა ყველასთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სიმბოლო, მისი სუვერენობის, მისი დამოუკიდებლობის სიმბოლო; სიმბოლო იმისა, რისთვისაც ძალიან ბევრი ჩვენი წინაპარი ძალიან დიდხანს იბრძოდა. კვდებოდნენ იმისთვის, რომ ეს დროშა ჩვენთვის პატივსაცემი ყოფილიყო და რათა ჩვენთვის სწორედ ამ ხვალინდელი დღის იმედს წარმოადგენდეს.
დროშა ჩვენი ერთიანობის სიმბოლოა - ის, რაც იყო საქართველო და რაც იქნება. ჩვენი დროშა ჩვენი ძალის გამოხატულებაა და მე მინდა, რომ ეს ახალგაზრდებს ვუთხრა. ეს არ არის მხოლოდ რაღაც მატერიალური სიმბოლო. დროშა წარმოადგენს ყველაფერს, რაც საქართველოს შეადგენს: მის ღირებულებებს, მის იდენტობას, მის მრწამსს, წარსულში მის ბრძოლებს და მის გამარჯვებებს დღეს და ხვალ. ამიტომ ჩვენ ყველას გვევალება დროშის პატივისცემა და ამავე დროს უნდა ვგრძნობდეთ იმ პასუხისმგებლობას, რის გარეშეც მაშინ ეს დროშა არაფერს არ ნიშნავს.
ჩვენ ყველანი ძალიან ამაყნი ვართ, როდესაც უცხოეთში ჩვენს სპორტსმენებს ვუყურებთ, როცა გამარჯვებულები უყურებენ ქართული დროშის აღმართვას. და მართლაც დიდი მადლობა მათ, რომ ამ ფორმით წარმოადგენენ საქართველოს.
ჩვენ ყველანი ამაყნი ვართ, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს დროშა უკვე ევროპის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის დროშაა და ხვალ ევროპული ქვეყნების დროშებს შეუერთდება, რათა ის ახალი, დიდი, ძლიერი ერთიანობა შეადგინოს.
ვიცით, რომ ჩვენი ჯარისკაცები ამ დროშის ქვეშ იცავენ და სადაც საჭირო იქნება, მუდამ და ყოველთვის დაიცავენ ჩვენს ქვეყანას, იქნებიან ამ ქვეყნის სუვერენობის გარანტები და ამისთვის ჩვენი პატივისცემა და ჩვენი მადლიერება მათ.
ეს დროშა ამ ყველაფერს წარმოადგენს. ეს დროშა ჩვენი დასაცავია, რამეთუ ის ჩვენ გვიცავს და იცავს იმ ფასეულობებს და გვაერთიანებს. დროშა, ჩვენი ერთობის გარეშე თავის ძალას კარგავს, კარგავს თავის დანიშნულებას. ამიტომ, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყველაფრის მიუხედავად, მივაღწიოთ ქვეყნის იმ ძალიან დიდ ძალას და რასაც ნებისმიერ სახელმწიფოში ხალხის ერთიანობა ჰქვია.
მინდა, ახალგაზრდებს გითხრათ, რომ ეს დროშა თქვენ გეკუთვნით! თქვენი დასაცავია! თქვენ ეს დროშა იქ უნდა მიიტანოთ, სადაც ამ ქვეყნის მომავალია და არავის მისცეთ უფლება ვინმემ შეგვიცვალოს ამ დროშის ქვეშ არსებული ფასეულებები, საქართველოს სხვა სურათი გაიტანოს. თქვენ ყველას კარგად გესმით რაზე ვსაუბრობ და არ მინდა რომ ვისაუბრო. თქვენ დაიცავით ეს ქვეყანა და ამით დაიცავთ ამ დროშას. ეს დროშა მუდმივად იქნება საქართველოს სიმბოლო და ვუსურვებ გამარჯვებას მას!