პრეზიდენტის მიმართვა - ვაკის პარკში, ანტისაბჭოთა აჯანყების მომზადებისათვის ბოლშევიკების მიერ დახვრეტილი ,,სამხედრო ცენტრის“ წევრების მემორიალთან, 15 ქართველი სამხედროს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებასთან დაკავშირებით:
,,ასი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ, ვაკის პარკში დახვრიტეს ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილად საქართველოსთვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
ჩვენ გვახსოვს იუნკერების უკანასკნელი ბრძოლა, რომელსაც თბილისში საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოსვლა მოჰყვა და რომლის შემდეგაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა და რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქვეყანა გახდა, ამას მოჰყვა საზოგადოების პროტესტი, რომელიც სხვათა შორის, თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაიწყეს. იქ იყო პირველი საზოგადოებრივი გამოსვლები და პროტესტი, რომელსაც იმდენად დიდი მუხტი ჰქონდა, რომ იმდროინდელმა საბჭოთა ხელისუფლებამ ოცდაექვსი მაისის აკრძალვა პირველ წელს (1922 წელს) ვერ გაბედა. შემდგომ კი, არათუ აკრძალა 26 მაისი, მისი ხსენებაც კი არ იყო ნებადართული. მაგრამ, 1922 წლის ეს მუხტი მთელ საქართველოზე გაიშალა. დაიწყო ჯერ სვანეთით - ყველასათვის ცნობილია სვანეთის აჯანყება, შემდეგ მოჰყვა რაჭა-ლეჩხუმი. ამის შემდეგ პროტესტი გაიშალა დიდ ქალაქებში- თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და სხვა. იმ დროს პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ გენუის კონფერენციას მიმართა და იქ საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანა საჯაროდ ითხოვა.
როგორც ჩანს, ჩვენი ბედია, რომ სულ თხოვნაში ვართ, უცხოეთის ჯარები გაყვანილ იქნას ჩვენი ტერიტორიიდან და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაუბრუნდეს. ამ დროს, 1922 წელს შეიქმნა ,,სამხედრო ცენტრი“ და ასევე, დამოუკიდებლობის კომიტეტი. ამ დამოუკიდებლობის კომიტეტში შედიოდა ყველა იმდროინდელი პოლიტიკური პარტია და ,,სამხედრო ცენტრიც“ ამისი ნაწილი გახდა, ამ ჯგუფმა მოამზადა მთავარი აჯანყება.
ეს ის მთავარი საფუძველია, რის გამოც 1923 წლის 21 მაისს, დილის 04:30-ზე აქ, ვაკის პარკში ის 15 პიროვნება დახვრიტეს, რომლებსაც დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ. ეს პიროვნებები ჩვენს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანნი არიან, რამეთუ ისინი იმ ბრძოლის სიმბოლოები არიან, რომელიც შემდეგ წლებში გაიშალა და ამ ბრძოლის სხვადასხვა ძლიერი ეპიზოდები იყო იმ სულისკვეთებაში რაც საზოგადოებამ და არცერთმა ქართველმა არ დაკარგა - იმედი, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დრო დაბრუნდებოდა.
და ამიტომ, ჩვენ ამ ადამიანების მიმართ ვალდებულება გვაქვს, რომ არა მხოლოდ დღეს, როცა მათ შთამომავლებს ეროვნული გმირის წოდებას გადავცემთ და საზოგადოებას ვაცნობთ მათ სახელებსა და მათ ისტორიას, რომ შემდეგ მომავალ თაობებს გადავცეთ, რამეთუ ქვეყანა, რომელიც თავის ისტორიას არ იცნობს, სათანადოდ პატივს არ სცემს და ნელ-ნელა კარგავს თავის იდენტობასა და თავის სულიერ ძალას.
ჩვენ ბევრი პრეტენზია გვაქვს იდენტობაზე, კულტურაზე, დიდ მომავალსა და დიდ წარსულზე, მაგრამ ეს ყველაფერი სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ვიცით ჩვენი ისტორია და დღეს მე აქ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ის, რაც არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ადამიანების ისტორია სკოლებში უნდა ისწავლებოდეს, სხვანაირად ვერ გავზრდით მომავალ თაობას, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას რეალურად დაიცავს, გააძლიერებს და ნამდვილად ისეთ ძლიერსა და მისაბაძს გახდის, როგორც ჩვენ ყველას გვსურს და სურდათ მათ, ვინც მაშინ იბრძოდა. სკოლებში უნდა ისწავლებოდეს და ჩვენ, ყველანი მათ პატივს უნდა ვაგებდეთ.
მე მგონი, დღეს ბევრად მეტად უნდა ყოფილიყო იმ ეროვნული სულის გამოხატულება, ყველა აქ უნდა ყოფილიყო. დღეს არ არის რაიმე დაყოფის, რაიმე დაპირისპირების დღე. მე მგონი, ნებისმიერ ქართველს რომ ჰკითხოთ, ყველა თანახმაა, რომ ეს ისაა, რაც გვაერთიანებს. აქ არანაირი პოლიტიკური, იდეოლოგიური, თუ სხვა ფორმის მიკერძოება არ შეიძლება არსებობდეს. აქ და ასეთ საკითხებზე თუ ვერ ვერთიანდებით, მაშინ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე. მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხებზე, ამ წარსულზე და მომავალზე გაერთიანება. ამიტომ, მე მგონი, ამ წლიდან ის დღე - 21 მაისი გახდება სწორედ ასეთი გაერთიანების, ასეთი ეროვნული სულისკვეთებისა და ეროვნული თანხმობის დღე. მაინც მიყვარს ეს სიტყვა და მაინც მჯერა, რომ ამ სიტყვით ჩვენ ფონს გავალთ.
აქ ასევე მინდა გავიხსენო ჩემი შეთავაზება, რაზეც პასუხი ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, იმედი მაქვს და მჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს პასუხს მე თუ არა, საზოგადოება მაინც მიიღებს. ვაკის პარკი, სადაც მეორე მსოფლიო ომის მემორიალია, ამ მემორიალის ხეივანზე უნდა გაერთიანდეს ყველა, ჩვენი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მემორიალი, რადგან აქ ბავშვები, მხოლოდ ატრაქციონებისაკენ კი არ უნდა იხედებოდნენ, იქ უნდა გაიარონ, გაიცნონ და ისწავლონ თუ რა არის ჩვენი ქვეყნის ის მთავარი ფურცლები, რითაც ჩვენ დღემდე მოვედით.
ეს რომ ვიცით და ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ჩვენ სხვა გზა და სხვა ვალდებულება არ გაგვაჩნია თუ არა ის, რომ ერთად ვიყოთ და გავუძლოთ ყველა მტერს, როგორც გუშინ გაუძლეს, თუნდაც სიკვდილით, მაგრამ გავუძლოთ ყველა მტერს მომავლისთვის!"