ვიკრიბებით ხვალ, 8 ნოემბერს, რვა საათზე იმისათვის, რომ დავიწყოთ ხელმოწერების დიდი კამპანია "ჩვენი ხმა ევროპას!"

მოგესალმებით, 

პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახს და მის ოჯახთან ერთად, სრულიად საქართველოს, რამეთუ არ მთავრდება რუსეთის საუკუნოვანი პოლიტიკა: ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენ ტერიტორიაზე - ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა. 

ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება. მართლაც, საუკუნეების განმავლობაში ვუყურებთ უცვლელად რუსეთის აგრესიას, რუსეთის განცხადებებს, ვითომც ეს ერთსულოვანი ჩვენი მეგობარია და რეალურად როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე. 

ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე ერთი და მხოლოდ ერთია - ეს არის ევროპა, ეს არის  მშვიდობა და ეს არის მშვიდობა ევროპაში. ამიტომ ჩვენ სხვა პერსპექტივას არც ვუყურებთ, არც გვჯერა სხვა პერსპექტივის და ძალიან გასაკვირია, თუ ვინმეა საქართველოში რუსეთის შემყურე, თუ ვინმეს შეიძლება სჯეროდეს საქართველოში რუსეთთან ერთად მომავლის, ვინმეს სჯეროდეს, რომ შეიძლება წავიდეს და ისწავლოს რამე რუსეთში, რომელიმე ორგანიზაცია ჩადიოდეს და იმედი ჰქონდეს, რომ რუსეთთან რაღაც მშვიდობიან მოლაპარაკებებს ჩაატარებს. 

ჩვენი მომავალი, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ევროპაშია. ამიტომ, ჩვენ, ხვალ ვაპირებდით, (ხვალ იქნება ევროკავშირის კომისიის დასკვნა, რომელიც არ არის ჯერ გადაწყვეტილება, მაგრამ ეს დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია) და ხვალ, 8-ში, რვა საათზე დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს - არა ჯერ ზეიმისთვის, რადგან ზეიმი იქნება თუ მივიღეთ პასუხი დეკემბერში, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპანია, რომელშიც ყველანი იქნებით ჩართული, ჩვენი საზოგადოების ყველა ნაწილი, ეს უნდა იყოს ერთიანი, დიდი ინიციატივა, დიდი მობილიზაცია, დიდი აქტიურობა და ხვალ იქნება ამ დღის საწყისი, რადგან რუსეთმა სცადა კიდევ შეგვიცვალოს ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენ მართლაც, დღეს მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება არანაირი კონცერტი, ჩვენ შევცვალეთ ხვალინდელი ღონისძიების სახე, მაგრამ არა მისი არსი. 

ჩვენ ხვალ შევიკრიბებით, და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და ჩვენ გვექნება დიდი გზავნილი ევროპისათვის. ევროპას ვეტყვით და გავაგზავნით ევროპაში ჩვენს ხმას, შენს ხმას, ყველას ხმას: ინდივიდუალურად და ერთად. ყველანი უნდა ვიყოთ, ვიდგეთ. არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. 

ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ ხელმოწერების კამპანიას, რამეთუ რუსეთი ვერასოდეს ვეღარ შეგვიცვლის ჩვენს დღის წესრიგს. ეს არის მაგალითი ჩვენი წარსულიდან, რომ საქართველომ თავისი გზა არასოდეს შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით. ეს ქართველი ხალხის ნებაა და ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ეს იქნება პასუხი ყველა გატაცებულ ადამიანზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე. ჩვენი პასუხია, რომ ჩვენ შევალთ ევროპაში და იქ გვექნება ის, რაც საქართველოს ეკუთვნის იმ ევროპულ ოჯახში ერთად ყოფნისა და მშვიდობიანი ყოფნის მომავალი. ხვალამდე, რვა საათზე ჩვენ შევიკრიბებით და ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპას!