ორბელიანების სასახლეში უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის სოლიდარობის ნიშნად პრეზიდენტმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა და სიტყვით მიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი.
საქართველოს პრეზიდენტი:
,,მოგესალმებით,
მივესალმები ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც დღეს საქართველოში არიან, აქ დგანან და ჩამოსულები არიან საქართველოში,
მივესალმები მთელს მსოფლიოში დღეს ყველა იმ ქართველს და უკრაინელს, რომელიც სხვადასხვა დედაქალაქში გამოდის, იმისთვის, რომ აღნიშნოს დღევანდელი დღე.
ერთი წელია, რაც რუსეთმა, უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენობის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესია წამოიწყო.
ერთი წელია, რაც უკრაინელი ხალხი, ერთობლივად და არნახული შემართებით უძლებს განუწყვეტელ შეტევას, დაბომბვას, დესტრუქციას, ქალაქების, სოფლების, ადამიანების, სამხედრო თუ სამოქალაქო პირების განადგურებას.
ერთი წელია, რაც მიმდინარეობს რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი, ყველა საერთაშორისო ჰუმანიტარული პრინციპებისა და კონვენციების დარღვევითა და უგულებელყოფით.
ერთი წელია, რაც უკრაინამ მთელ მსოფლიოს მაგალითი მისცა - პოლარიზაციის დღევანდელ პირობებში - თუ რას ნიშნავს ერთობა და ერთი მიზნის ირგვლივ ხალხის გაერთიანება: ამ მიზანს კი უკრაინა ჰქვია!
ამ შემართებამ და ერთიანობამ შედეგიც გამოიღო - რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია: ვერც უკრაინის მთავრობა გადააყენა, ვერც ხალხის მოთმინება ამოწურა, ვერც საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტა; პირიქით - უკრაინის ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიმართ ნდობა და მხარდაჭერა დღითი დღე იზრდება. არნახული სოლიდარობა, არნახული დახმარება არა მხოლოდ სიტყვიერი, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ყველა შესაძლო რესურსით. რუსეთისთვის კიდევ უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს საოცარი ერთობა, რომელსაც ვერც ენერგო შანტაჟმა, ვერც ბირთვულმა შანტაჟმა და ვერც ეკონომიკურმა კრიზისმა ვერ გადაათქმევინა მხარდაჭერა და ვერ შეაცვლევინა პრინციპული სოლიდარობა.
შეიძლება ითქვას, რომ ამ ომმა ერთგვარად ახალი, თვითდაჯერებული და ძლიერი ევროპა წარმოშვა, რომელიც აქამდე სტრატეგიულად ვერ ყალიბდებოდა. დღეს მთელმა ევროპამ გააცნობიერა საიდან მოდის საფრთხე და რომ დღეს უკრაინა იცავს არა საკუთარ თავისუფლებას, არამედ იცავს ყველას თავისუფალ მომავალს.
ამ მოცემულობაში, არ შეიძლება არ გამოვხატო მწუხარება, იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი, გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს, რომ გაამართლოს ყველასათვის გაუგებარი ვითომც და ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია; გაუგებარი იმ ქვეყნისგან რომელმაც გაიარა იგივე განსაცდელი არაერთხელ, რომელმაც კარგად იცის თუ რას ნიშნავს მტრის მიერ სუვერენობის შელახვა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აღმართული მახვილი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ოკუპაციის სიმწარე.
საბედნიეროდ საქართველოს საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია: ყველა ფორმით და საშუალება გამოიყენა, რათა საუკუნოვან მეგობარი ქვეყნისთვის სრული სოლიდარობა დაემტკიცებინა. თბილისის ქუჩებმა არაერთხელ გვაჩვენეს სად დგას ქართველი ხალხი. გუშინ ჩვენთან ლევან სონღულაშვილმა უკრაინის ტრაგედიისთვის მიძღვნილი ნახატის დასათვალიერებლად მოიწვია ახალგაზრდები. დღეს ჩვენთან ერთად დიპლომატიური კორპუსი ეზიარება სიმბოლიკას ჩვენი ორი სახელმწიფოს ერთობისა და სიახლოვის, რაც ამ დროშებით და ჩვენი ჰიმნებით გამოიხატება. საღამოს ახალგაზრდა მწერლები და მუსიკოსები ამ ტრაგედიის მიმართ საკუთარ ხედვას გაგვიზიარებენ. თბილისი კი თავის მხრივ მსოფლიოს გაახსენებს, რომ საქართველო დგას, სადაც საუკუნეების მანძილზე იდგა და „საკუთარი ინტერესების“ ძახილმა არ დაგვავიწყებინა მთავარი - საკუთარი იდენტობა და საკუთარი ღირსება. ამ საზოგადოების სახელით, პირადად მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ამ ერთი წლის მანძილზე ყველა შესაძლო ადგილას და ფორმატში გამოვხატე უკრაინას მიმართ საქართველოს უდრეკი მხარდაჭერა და ასეც გავაგრძელებ. მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში და ამისათვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ პარლამენტმა კი, მოწვევის მიუხედავად, არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალურ დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ ჩვენ დღეს კიევში წარმოდგენილნი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან.
ყველასათვის გასაგებია, რომ საქართველოს არ გააჩნია დახმარების ისეთი საშუალებები, როგორც ბევრად ძლიერ ევროპულ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის საზღვრები და ნატოს წევრობა უსაფრთხოების გარანტიებს ანიჭებს. თუ ჩვენი სოლიდარობა ძირითადად მორალურ დონეზე გამოიხატება, მით უფრო მტკიცედ უნდა ვიცავდეთ ჩვენს პრინციპებს.
დღეს 24 თებერვალია და დამთხვევად ვერ ჩაითვლება და ვერ მივიჩნევ, რომ ხვალ, 25 თებერვალს საქართველოს ოკუპაციის დღეა, 23 თებერვალს იუნკრების საგმირო ბრძოლის ხსოვნის დღე, 19 თებერვალი კი, მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღე... ეს ნამდვილი სიმბოლური პარალელია, რომელიც არ შეიძლება, არ გავიგოთ როგორც ნიშანი; 1921 წელს მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლა, 1992-1993 წლის გამოუცხადებული ომი რუსულ საჰაერო და საზღვაო ძალების წინააღმდეგ, 2008 წლის ომი უკრაინელების დღევანდელ განსაცდელთან გვაერთიანებს და არა გვაშორებს! მინდა წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი ერთად უკრაინელ დაღუპულ სამხედროებს და მოქალაქეებს, ბუჩაში, ირპენში თუ მარიუპოლსა და ბახმუტში. მათთან ერთად ჩვენი თანამემამულეები ვინც უკრაინელებთან გვერდიგვერდ იბრძოდნენ და იქ დაიღუპნენ. ისინი ქართულ ღირსებასაც და მომავალს იცავდნენ.
მათთან ერთად მინდა გავიხსენოთ ყველა, ვინც საქართველოში თუ უკრაინაში იცავდა ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და მაშინ და დღეს ერთიან ევროპულ მომავალს.
არა სადღაც შუაში, არა გაუგებრობაში, არამედ ჩვენ ერთ მხარეს ვდგავართ, უკრაინის მხარეს!
სხვა ალტერნატივაც არ არსებობს და ამ ომის შედეგი, როგორც ჩვენს, ასევე, მთლიანად ევროპის მომავალს გადაწყვეტს.
ქართულ ენას ყველაფრის სწორი გამოხატვა შეუძლია, ბრძნული ენაა: გამარჯობას ვიძახით და მშვიდობას და ვიცით, რომ ერთი მეორეს გარეშე ვერ იქნება.
მჯერა უკრაინელი ხალხის გამარჯვების და გამარჯვებული მშვიდობიანი მომავლის! მათი და ჩვენი ერთობლივად!
გაუმარჯოს უკრაინას!
გაუმარჯოს საქართველოს!
გაუმარჯოს ჩვენს მეგობრობას და ჩვენს ერთიან მომავალს!
Слава Україні!"
შალვა პაპუაშვილი:
,,ქალბატონო პრეზიდენტო,
პატივცემულო სტუმრებო,
დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებიდან ერთი წელი სრულდება. ერთი წელი ნგრევის, ტკივილის, ათასობით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის, მილიონობით ადამიანისთვის დანგრეული აწმყოსა და მომავლის, ჩვენი თაობის ყველაზე მასშტაბური აგრესიის.
ამავე დროს, ხვალ სრულდება წითელი არმიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 102 წელი. მაშინ მსოფლიომ თვალი დახუჭა საქართველოს და სხვა ერების თავისუფლების მისწრაფებების ძალით ჩახშობაზე.
102 წლის შემდეგ ისტორია მეორდება - უკრაინაში ომის სახით მსოფლიო დადგა იგივე მასშტაბის გამოწვევის წინაშე. იგივე შეცდომა აღარ უნდა გამეორდეს. 2022 წლის უკრაინა არ უნდა გახდეს 1921 წლის საქართველო.
საქართველო ომის დაწყების დღიდან ურყევად და უპირობოდ დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით. ნატოსა და ევროკავშირის სამხედრო და ეკონომიკური დაცვის გარეშე მყოფი და თავად სასიცოცხლო უსაფრთხოების რისკების წინაშე მდგომი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში.
ქართველი ხალხის სოლიდარობა და თანადგომა ჩემს უკრაინელ კოლეგებს გამოვუცხადეთ კიევში, ბუჩასა და ირპინში ვიზიტისას. საქართველოს პარლამენტმა ვუმასპინძლეთ ომით დაზარალებული ოჯახებიდან ბავშვების რამდენიმე ჯგუფს.
ომს და ნგრევას გამორიდებული ბევრი უკრაინელისთვის უკრაინაში მშვიდობის აღდგენამდე საქართველო გახდა მათი მეორე სამშობლო. ეს თანადგომა მომავალშიც გაგრძელდება.
გუშინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ჩვენი თანაავტორობით ინიცირებული რეზოლუცია და ამ რეზოლუციის სულისკვეთებით ამ ტრიბუნიდანაც მოვითხოვთ რუსეთისგან დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
უკრაინას და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის გმირულ ბრძოლაში ვუსურვებ გამარჯვებას!
Слава Україні!"
ანდრეი კასიანოვი:
,,ქალბატონო პრეზიდენტო,
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე,
ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო,
ძალიან სწრაფად გავიდა ერთი წელი, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ. ჩვენთვის ყველასთვის, უკრაინისა და უკრაინელი ხალხისათვის ეს წელი განსაკუთრებით რთული და მსხვერპლიანი გახდა. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი საუკეთესო თანამოქალაქეები. სისხლიანმა ოკუპანტმა რუსეთმა არ დაინდო არც ბავშვები, არც ხანდაზმულები, არც ქალები, თავის მთავარ მიზნად უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს განადგურება გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, უკრაინამ გაუძლო, ჩვენი ხალხი, როგორც არასდროს ერთიანი და მოტივირებულია, რათა ეს ომი ექსკლუზიურად უკრაინის გამარჯვებითა და ჩვენი სახელმწიფოს ყველა სუვერენული ტერიტორიის გათავისუფლებით დაასრულოს.
დემოკრატიულმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ საბოლოოდ გაიგო, რომ არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს მომავალი უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული. ამიტომ, ის უზრუნველყოფს უპრეცედენტო დახმარებას - იარაღით, სამხედრო აღჭურვილობით, ფინანსური და მატერიალური რესურსებით, აწესებს ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. უზრუნველყოფს თავშესაფრებს, ჰუმანიტარულ დახმარებას ჩვენი თანამემამულეებისათვის, რომლებიც რუსეთის ბარბაროსული ომის შედეგად იძულებულები იყვნენ დაეტოვებინათ თავიანთი სახლები.
უკრაინისა და საქართველოსათვის ფაშისტური რუსეთი საერთო მტერი და ოკუპანტია, რომელიც არ ასრულებს თავის აგრესიას ჩვენს სუვერენულ სახელმწიფოებზე და ამიტომ, საერთაშორისო პლატფორმებზე, ჩენს სახელმწიფოებს საერთო პოზიცია უჭირავთ რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად, უკრაინისა და საქართველოს დეოკუპაციისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღსადგენად, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
უკრაინელი ჯარისკაცები თავის ქართველ მოძმეებთან მხარდამხარ აქტიურად იცავენ ქვეყანას და ანადგურებენ რუს ოკუპანტებს უკრაინში. ქართველი ხალხი, სახელისუფლებო სტრუქტურები, საჯარო დაწესებულებები, ბიზნესის წარმომადგენლები, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო უკრაინელი მოქალაქეებისთვის თავშესაფარს უზრუნველყოფს, რომლებიც იძულებულები იყვნენ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დაეტოვებინათ. ასევე, უზრუნველყოფენ ჰუმანიტარულ დახმარებას - იქნება ეს გენერატორები თუ სამედიცინო აღჭურვილობა.
საქველმოქმედო ღონისძიებები ,,გააზიარე სინათლე" (share the light) და ,,სასწრაფო დახმარება საქართველოდან“, ორგანიზებული ქართული ორგანიზაციის მიერ მთელი მსოფლიოსათვის ცნობილი გახდა. უბრალო მასწავლებელმა გურიიდან ლადო აფხაზავამ შეძლო 700 000 დოლარზე მეტი ფონდების მოზიდვა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით. უკრაინელ ბავშვებს მთელი სოცოცხლე ემახსოვრებათ ის სითბო და ზრუნვა, რომელიც რეაბილიტაციისას საზაფხულო სკოლებში მიიღეს საქართველოს საპატრიარქოსა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით.
უკრაინის თითოეული დროშა, რომელიც საქართველოს დროშის გვერდით ფრიალებს, მხარდაჭერის თითოეული სიტყვა და თანაგრძნობა მოძმე ქართველი ხალხისგან ნათელი მტკიცებულებაა სოლიდარობის, განმათავისუფლებელ ბრძოლაში ჩვენს საერთო მტერთან, სისხლიანი პუტინის რეჟიმთან.
მინდა ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო პირადად საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, უკრაინისა და უკრაინელი ხარლხისადმი მისი თანმიდმევრული, პრინციპული მხარდაჭერის გამო. ქალბატონო პრეზიდენტო, უკრაინისათვის ასეთ რთულ დროში, თქვენს სიტყვებსა და მრავალ განცხადებას თითოეული უკრაინელი გრძნობს, როგორც ჩვენს ორ მოძმე ხალხს შორის მტკიცე და საუკუნოვანი კავშირის სიმბოლოს.
,,მონები არ დაიშვენიან სამოთხეში“. სწორედ ასე შეგვახსენა ახლახანს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინული ინტეპრეტაცია ნებისა და თავისუფლების.
ჩვენი მისწრაფება თავისუფლებისა და დამოკუიდებლობისაკენ მიზეზია, რატომაც უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს და ერთი მტერიც კი არ დარჩება ჩვენს მიწაზე.
გაუმარჯოს უკრაინას!
გაუმარჯოს საქართველოს!
ერთად გამარჯვებისათვის!"