საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 28 წლის იუბილე მიულოცა და ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე შეკრებილ სამხედროებს სიტყვით მიმართა.
,,მოგესალმებით, პატივცემულო საზოგადოებავ! მივესალმები სტუმრებს! გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! ვულოცავ, პირველ რიგში, რიგითებს, ოფიცრებს, გენერლებს - თითოეულ ჯარისკაცს! ვულოცავ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს! ვულოცავ ვეტერანებს! ვულოცავ მთელ საქართველოს! ქრისტე აღდგა! მე ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ბავშვობაში პირადად ვიცნობდი გენერალ კვინიტაძეს; დღეს ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ თქვენ წინაშე ვდგავარ იმ დღეს, როცა ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალებს 28 წელი შეუსრულდა. თავდაცვის ძალები, მისი შექმნის დღიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის საყრდენია.
ჩვენი ჯარისკაცები საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარი დამცველები არიან. თქვენ, ქვეყნის ხერხემალი ხართ! მთელი ამ წლების განმავლობაში ქართველი ჯარისკაცის თავდადებისა და პროფესიონალიზმის უამრავმა მაგალითმა დაამტკიცა, რომ ჩვენთვის ღირსება უმთავრესია. ეს ისტორიულად ასე იყო, ასე არის და მას ვერაფერი დაემუქრება! ქართველებმა ვიცით თავისუფლებისა და მშვიდობის ფასი, - რომ ქვეყანაში სტაბილურობისთვის, დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის, ჩვენს საზღვრებში მშვიდობის უზრუნველყოფასთან ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოება და გლობალური მშვიდობა. უკვე წლებია, საქართველო ამ გამოწვევას ღირსეულად პასუხობს, - საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჩვენმა ჯარისკაცებმა დასავლელი პარტნიორების მხრიდან განსაკუთრებული პატივისცემა დაიმსახურეს. ავღანეთში ყოფნისას მე ამაყი ვიყავი, როცა ვისმენდი კოალიციური სარდლობის სიტყვებს ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმის უმაღლესი დონის შესახებ. იგივე მოვისმინე ბრიუსელში, ნატო-ს შტაბში. ქვეყნის სამსახურში დგომა უდიდესი პასუხისმგებლობა და ტვირთია, რომელიც სიცოცხლის დათმობისთვის მზადყოფნას მოითხოვს.
მე ქედს ვიხრი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მსოფლიოში მშვიდობისათვის თავგანწირული გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე. მინდა დიდი პატივისცემით მივესალმო მათ ოჯახებს. ჩვენთვის ძალიან მძიმეა ეს დანაკარგი, მაგრამ იგი გვავალდებულებს, გავძლიერდეთ. საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. მინდა, მადლობა მოვახსენო ყველა ჩვენს პარტნიორს, ყველას, ვინც გვერდში გვიდგას და გვეხმარება ამ გზაზე. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა განსაკუთრებულია, რომელმაც დიდწილად განაპირობა ჩვენი თავდაცვის ძალების პროფესიონალიზმი და ხარისხი. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიულ თანამშრომლობაში საიმედო პარტნიორები ვართ, - ახლახან ჩატარებული ნატო-საქართველოს სწავლებით, რომელსაც საქართველო ხელმძღვანელობდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ როგორ იზრდება ნდობა ჩვენ მიმართ. ეს ერთობლივი ძალისხმევა ემსახურება ერთადერთ მიზანს - ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვას, მშვიდობას, რეგიონში სტაბილურობას, ჩვენ მიერ არჩეული გზის შეუფერხებლად გაგრძელებას. ამ გზაზე სვლაში ჩვენ ვერაფერი შეგვიშლის ხელს! დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამიმდევრული ნაბიჯები კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს სახელმწიფოს მშვიდობიან პოლიტიკას კონფლიქტებთან მიმართებით. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმით, სახელმწიფოებრივი ცნობიერებითა და თავდაცვის სფეროში წარმატებული რეფორმებით საქართველო გახდება ევროატლანტიკური სივრცის სრულუფლებიანი წევრი. ვიცი და მჯერა, რომ ვარ იმ ქვეყნის თავდაცვის ძალების მთავარსარდალი, რომელიც ყველა შესაძლო გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება! ეს თქვენი დამსახურებაა და მე თქვენი იმედი მაქვს! კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და დიდი მადლობა მოგახსენოთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგო. საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში, პრეზიდენტთან ერთად, მონაწილეობდნენ: პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაური და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ოჯახის წევრები.