მოგესალმებით,
მივესალმები ბატონ პრემიერს,
მივესალმები მთავრობის წევრებს,
მივესალმები პარლამენტის წარმომადგენლებს,
მივესალმები საპატრიარქოს წარმომადგენლებს,
ჩვენს ყველა ძვირფას სტუმარს,
და პირველ რიგში მათ, ვინც დღეს აქ დიასპორას წარმოადგენს, და ვინც შესაძლოა გვიყურებს [უცხოეთიდან] და იქ წარმოადგენენ ჩვენს ძალიან მრავალრიცხოვან და ძლიერ დიასპორას.
მაგრამ, მინდა პატარა რაკურსით დავიწყო. რადგან, ამ არაჩვეულებრივ განახლებულ შენობაში ვიმყოფები, სადაც საგარეომ დაიმკვიდრა ადგილი და ეს ღონისძიება საგარეოს მიერაა ორგანიზებული, არ შეიძლება, რომ არ ვთქვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს. ეს არ არის რომ მე ასე მინდა, ‘სკამი იქ დამიდე, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე’. ეს პრეზიდენტის შეურაცხყოფა არაა, ეს პროტოკოლის დარღვევაა და პროტოკოლი სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოს საყრდენი.
თუარადა იწყება გაუთავებელი - მე პირველი ვარ და შენ მეორე, და ეს უაზრო დაპირისპირების საგანია. მე ამ ქვეყანაში დიდი ხანია არაფერი არ მწყინს და ამითი ვერავინ ვერ მაწყენინებს. მაგრამ, მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი პრეზიდენტისაა. არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტს - უმაღლეს მთავარსარდალს. არ შეიძლება, ეს ყველგან გაკვირვებას იწვევს. და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, რომ პროტოკოლი არამხოლოდ ქვეყნის შიგნით უზრუნველყოფს სახელმწიფოს დაცვასა და ჩვენი ურთიერთობების დალაგებას, ისე რომ არაფერი მოხდეს და მოსაზრებების განსხვავების მიუხედავად, ყველას თავისი ადგილი ჰქონდეს და ეს იყოს წყნარად, მშვიდად დამკვიდრებული. ამისთვის, სხვათა შორის, სამი წელი ვცდილობდი, რომ პროტოკოლის ერთი უწყება შეგვექმნა, სხვადასხვა სამინისტროების კოორდინაცია შეგვექმნა, ყველასთან ერთად, თუნდაც საპატრიარქოსთან და ერთხელ და სამუდამოდ დაგველაგებინა საქართველოს პროტოკოლის წიგნი, რაც ასევე სახელმწიფოს საყრდენია. მაგრამ არ იქნა, რადგან ყველას თავისი კერძო პატარა ამბიციები აქვს. პროტოკოლი ასევე, საერთაშორისო დონეზე პატარა სახელმწიფოების მთავარი დაცვაა. თუ არა პროტოკოლი, მაშინ ჩვენ, ყველგან, საერთაშორისო შეხვედრებზე სადღაც ქვემოთ, უკან ვიქნებოდით. პროტოკოლი იცავს პატარას, იცავს ყველას და ეს არაა ისე გამოგონებული, რომ ვიღაცის თავმოყვარეობას ან ამბიციებს მოერგოს. ეს ამ საკითხთან დაკავშირებით პატარა შესავალი.
ახლა მინდა მოგილოცოთ დიასპორის დღე. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ გუშინდელი დღე და გავიმეორო რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის დიასპორა და რა უნდა გავაკეთოთ, რას ვაკეთებთ, რას არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ეს დიასპორა.
დღევანდელ დღეს რიცხობრივად ძნელი დასათვლელია რამდენს წარმოადგენს ჩვენი დიასპორა. იყო ნათქვამი, რომ ერთი მილიონია რუსეთში, აღარ არის ერთი მილიონი რუსეთში, ეს კარგად ვიცით, დაახლოებით ნახევარი მილიონი თუ არის და ისინიც ნახევრად ქართველები, ნახევრად რუსები, მაგრამ ამის დათვლა ძალიან რთულია, ასევე რთულია დანარჩენ მსოფლიოში, იმიტომ, რომ არალეგალები არსად არ არიან დათვლილი, მაგრამ ალბათ მილიონს უახლოვდება. ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, რომ მათთან შევინარჩუნოთ ყველანაირი კავშირი და არ დავკარგოთ ჩვენი მოქალაქეები და თანამემამულეები. ერთი მაგალითია მსოფლიოში, რომელმაც ძალიან კარგად შეძლო თავის დიასპორასთან ურთიერთობა და მისი, როგორც საკუთარი თავის გაძლიერება - ეს ისრაელია.
ისრაელს ჩვენთვის ძალიან ბევრი აქვს სასწავლებელი, რომ ჩვენც მივყვეთ ამ გზას და ამით ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი დიასპორა, ესე იგი ჩვენი თავი. ეს არის კავშირი იმ ყველა ქვეყნასთან, სადაც ჩვენ გვინდა, რომლებსაც გვინდა რომ დავემსგავსოთ, ოჯახი, რომელშიც გვინდა რომ შევიდეთ. დიასპორა უკვე შესულია, ჩვენი დიასპორა და ჩვენი დიასპორის წარმატებული ფიგურები, რომლებიც მოგვწონს და ხშირად ვახსენებთ, ასევე ნაკლებად ცნობილი წარმომადგენლები მოგვცემენ ამას. ყველანი ჩვენი წარმომადგენლები არიან ამ ქვეყნებში და მათი ჩვენთან ერთად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის მოქალაქეობაა პირველი და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ არ შეიძლება, კომისიის მუშაობა ისე გაგრძელდეს, როგორც ახლა გრძლედება. მივაღწიეთ იმას და ამაში მე ჩემი წვლილი შევიტანე და არამხოლოდ მე, ყველას მიღწევაა ეს, რომ ორმაგი მოქალაქეობა არსებობს ჩვენს კანონმდებლობაში, მაგრამ პრაქტიკა ხელს არ უნდა უშლიდეს ამ კანონმდებლობის შესრულებას. ჩვენ არ უნდა ვიგონებდეთ რაღაც მიზეზებს რატომაც ვიღაცას არ ვაძლევთ - ‘არ ჩამოვსულვარ ქვეყანაში დიდი ხანიაო, არ აქვს რაღაც კავშირები ქვეყანასთანო’. ყველა ქართველი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ დაიბრუნოს, აღიდგინოს ან მივანიჭოთ მოიქალაქეობა იმიტომ, რომ (აქამდე) არ ჰქონია, აქვს ამის უფლება, ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ, რომ მას აქვს უფლება, რომ დაიბრუნოს. არ აქვს მნიშვნელობა ის ჩამოვიდა თუ არა ქვეყანაში, რამდენჯერ ჩამოვიდა, აქ ფლობს რამე ქონებას თუ არა - ეს ხომ არ წერია კანონმდებლობაში, რომ ეს კრიტერიუმები უნდა იყოს გამოყენებული. რატომ იგონებს ვიღაცა ჩინოვნიკი კომისიაში თუ რა უნდა იყოს ახალი, დამატებითი კრიტერიუმები. მე მიმაჩნია და ამას კომისიაში ჩემი წარმომადგენლები ბოლომდე მიჰყვებიან, რომ წარმოშობით ყველა ქართველს, მათ შვილებს, ყველას აქვს უფლება, რომ დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა. სამწუხაროდ, არის რაღაც ტესტები, რაღაცები, სამი წელია იუსტიციის სამინისტროსთან გვაქვს გაუთავებელი მოლაპარაკებები გავამარტივოთ, ნუ ვეკითხებით უცხოეთში დაბადებულ ადამიანს ვინ იყო შუშანიკის დედა, ნუ ვეკითხებით! ნუთუ არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანები ხვალ ქართველები იყვნენ?!, ხვალ მათ შორის დაიბადება დემნა გვასალია, ხვიჩა კვარაცხელია და მაშინ მოვინდომებთ - ქართველია თურმე. ახლა უნდა გავუწოდოთ მათ ეს ხელი, მივაწვდინოთ, რომ მოდით, იყავით ქართველები, იყავით ინგლისელები, გერმანელები, ამერიკელები, რუსიები, ვინც გინდათ, მაგრამ იყავით ასევე ქართველები იმიტომ, რომ ეს ბმა, რაც გაქვთ ჩვენთან, ძალიან ძვირფასი და აუცილებელია ჩვენთვის, ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის.
ამიტომ იმის მაგივრად, რომ ფრენებზე ვიფიქროთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ მივცეთ მოქალაქეობა. ეს არის მათი პირველი მოთხოვნა. აქ მაქვს რუსეთიდან მოქალაქეობის მოთხოვნების მთელი სია, რაც 15 მაისიდან დღემდე გავიდა კომისიაში. პირადად მე, სადაც უსაფრთხოების რაიმე კითხვაა, იქ ჩემი წარმომადგენელი არ აძლევს ხმას. რომ ვთქვათ სამხედრო თანამდებობა ეჭირა ან უსაფრთხოების მხრივ რაღაც სხვა კითხვის ნიშანი - იმათ არა. დანარჩენებს ყველას კი, იმიტომ, რომ ისინი არინ ჩვენი შვილები სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ. არ მაინტერესებს რუსეთში ცხოვრობდნენ, ვერ თუ არ ჩამოდიოდნენ, თუ ამერიკაში და ვერ თუ არ ჩამოდიან. მთავარია, რომ ამ ქვეყანას არ აქვს უფლება, რომ ეს ხალხი დაკარგოს. სხვათა შორის, არც ერთ ქვეყანას არ აქვს ამის უფლება, მაგრამ ეს პატარა ქვეყნისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
აბა რისთვის, ჩვენ მერე, იქ რაღაც თანხმებს ვუგზავნით რაღაც ცეკვა-თამაშებისთვის, ეს არ არის დიასპორის დაცვა. დახმარებაა, ისინი ჩვენიანებად რომ ჩავთვალოთ (კიდევ ერთხელ, ისრაელი არის ამის მაგალითი) ავტომატურად უბრუნებენ მოქალაქეობას თუ ადამიანი ამტკიცებს, რომ წარმოშობით ებრაელია. ჩვენ რაღა გვიჭირს? რისი გვეშინია? არ ვიცი, ყველაფრის გვეშინია. ჩვენების რატომ უნდა გვეშინოდეს?
მეორე, რაც უნდა გაკეთდეს დიასპორისთვის - ჩვენ მათ უნდა მივცეთ არა მხოლოდ მოქალაქეობა, მოქალაქეობასთან ერთად განცდა, რომ ისინი მონაწილეობენ და ჩართულები არიან ყველაფერში რაც ქვეყანას ეხება, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ტრანსფერებს გვიგზავნიან და ამით ბიუჯეტს ან თავიანთ ოჯახებს ამდიდრებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი წვლილი აქვთ მათ ჩვენს განვითარებაში, რომელსაც ხშირად არ ვაღიარებთ, მაგრამ მთავარია, იგრძნონ, რომ ამ ქვეყანში რაღაც როლი აქვთ, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ განათლების კუთხით, ჩამოვიდნენ, დაგვეხმარონ. ექიმები გვაყავს მთელს მსოფლიოში, ყველანი წარმატებულები და ჩვენ აქ არ ვუხსნით გზას, რომ ჩამოვიდნენ და დაგვეხმარნონ.
იმისთვის, რომ ჩართულობა იგრძნონ, საჭიროა ორი რამ და მე უკვე ნათქვამი მაქვს, გავიმეორებ: ერთი არის, რომ პარლამენტში მათთვის ერთი წარმომადგენელი მაინც იყოს გამოყოფილი. ამისთვის აუცილებელი არაა, რომ მაინც და მაინც კანონმდებლობა ან კონსტიტუცია შეიცვალოს. შეიძლება ყველა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში თავისი პროპორციული სია აქვს, იქ ჩაწეროს დიასპორის ერთი წარმომადგენელი, ოღონდ არა ბოლოში. ამითი იხსნება ეს საკითხი და ისინი ნამდვილად იქნებიან დიასპორის წარმომადგენლები, მათ იციან როგორ და რანაირად დაიცვან თავიანთ თანამემამულეები სხვადასხვა ქვეყანაში, რა ინტერესები აქვთ მათ. მეორე არჩევნებია. ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ და ეს არ არის დღევანდელი ხელისუფლების საკითხი, მაგრამ არაფერს არ ვაკეთებთ არასოდეს, რომ საკონსულოები მუშაობდნენ აქტიურად, რომ ხალხი ჩაეწეროს, დარეგისტრირდეს და გახდეს ამომრჩეველი. ამაზე მუშაობაა საჭირო, რეკლამირებაა საჭირო, დიასპორებთან ერთად, თქვენ ხართ აქ წარმომადგენლები. ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და ამავე დროს, უნდა ვუპასუხოთ იმ შიშს არალეგალებისთვის, რომ ვინმე მათ ქვეყნებში ხელისუფლებას შეატყობინებს, რომ ისინი საარჩევნო სიებში ჩაწერილები არიან. ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც უზარმაზარი დიასპორები ჰყავს საზღვარგარეთ, ასევე ძალიან ბევრი არალეგალები ჰყავს და არჩევნებში ყველანი მონაწილეობენ. მაგალითად, ალჟირში როცა ტარდება არჩევნები, საფრანგეთში საელჩოების წინ ისეთი რიგებია (სადაც პოლიციას რომ უნდოდეს პრობლემა არ არის), ყველანი არალეგალები არიან, მაგრამ არავინ არ უშლის ამას ხელს.
ქვეყანაში ელექტრონული არჩევნები თუ დავნერგეთ რაღა გვიჭირს, რომ ეს გავავრცელოთ უცხოეთზე, რათა ადამიანებს, რომლებიც დისტანციაზე ცხოვრობენ, მონაწილეობის მიღება გავუადვილოთ. ეს არის ის, რასაც დიასპორის დაცვა ჰქვია, თუ გვინდა დიასპორის დაცვა.
აღარ გავაგრძელებ, ძალიან დიდი მადლობა. მეც დიასპორის ზოგიერთი წევრი მელოდება და ბოდიშს ვიხდი, რომ აქ, თქვენთან ერთად არ გავაგრძელებ, მაგრამ ხომ იცით, რომ ჩემი Facebook-ი ღიაა და ნებისმიერ დროს ყველას ვპასუხობ.
დიდი მადლობა!