დღეს ჩვენი საზოგადოება ძალიან აღელვებულია და შემიძლია ვთქვა, რომ მეც. ვუახლოვდებით 26 მაისს და თუ ვაპირებთ, რომ 26 მაისს მაღალფარდოვანი და პატრიოტული სიტყვებით გამოვიდეთ და ამ დროს, სულ სხვა რამ ხდებოდეს ქვეყანაში, ეს სასაცილოა, თუ არა სატირალი! მაგრამ მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ამაზე პასუხი არც სასოწარკვეთილება და არც უიმედობაა.
პირველ რიგში, მინდა გითხრათ დღევანდელ ინციდენტზე - საკმაოდ გამიჭირდა შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირება, მაგრამ მისგან მივიღე პირობა, რომ ის ოჯახი და ის ადამიანები, რომლებიც დღეს ქორწილის მეორე ნაწილის გადახდას აპირებდნენ, წასულები არიან და ამდენად, დღეს ქორწილი აღარ ჩატარდება. ეს საზოგადოების ერთგვარი გამარჯვებაა, როგორც თავის დროზე, ამ ქვეყნიდან გავრილოვის გასვლა იყო, მაგრამ ეს ერთი ინციდენტია და ამით არ იხსნება პრობლემა.
მინდა მივმართო ხელისუფლებას - არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს, არ შეიძლება ასე აღიზიანებდეთ თქვენს ხალხს! ჯერ დაიწყო ფრენები და ვიღაცები დადიან და გვეუბნებიან, გვიხსნიან რამდენად გახარებულები არიან ფრენების აღდგენით.
ეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, რომელმაც ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა დაიცვას თავისი ღირსება და თავისი დამოუკიდებლობა, მას არავისგან საჩუქრები არ სჭირდება და პირველ რიგში, იმ ქვეყნისგან, რომელიც მუდამ ოკუპანტი იყო და არის - დღეს, გუშინ, ან გუშინწინ. არ შეიძლება, ამ ძალიან დაძაბულ სიტუაციაში ხელისუფლებამ ითამაშოს ხალხის ნერვებზე, იმ პირობებში, როცა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ უკვე წელიწადი და სამი თვეა ომს აწარმოებს. ამ ქვეყანასა და ამ ხალხს უკვე გავლილი აქვს ყველაფერი, მან ყველაფერი კარგად იცის და ამ ხალხს გაფრთხილება და დაცვა უნდა.
ჩვენ, ყველას გვაქვს ჩვენი წილი ვალდებულება: საზოგადოება ყველაფერს აკეთებს, საზოგადოების მიღწევაა, რომ ეს ხალხი დღეს წავიდა, მაგრამ საზოგადოებას ამაზე მეტი არ შეუძლია. მეც მაქვს ჩემი ვალდებულება - ვიყო სადარაჯოზე და ყოველთვის და ყველგან, სადაც საჭიროა გამოვიყენო სიტყვა, (რომელიც მე დამრჩენია) - დღეს აქ, ხვალ ბრიუსელში და სადაც საჭირო იქნება, იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს მის კუთვნილ ადგილზე. ცხადია, ხელისუფლებას, მთავრობას თავისი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს. პირველ რიგში, ის, რომ საზღვარი იყოს დაცული.
რას ნიშნავს არ ვიცოდით ვინ შემოვიდა? რას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩამოდის სანქცირებული (და თან როგორი სანქცირებული) ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, უშუალოდ პუტინის წრიდან და არ ვიცით? გუშინ არ იცოდნენ თურმე, რომ სააკაშვილი იყო შემოსული, დღეს არ იციან, რომ როგორც უნდათ ისე შემოდიან სანქცირებული რუსები...
მოვუწოდებ ხელისუფლებას, საჩქაროდ შემოიტანოს (ძალიან კარგად ვიცი, როგორ მუშაობს ეს სანქციები, ძალიან მარტივია) ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ სანქცირებული პირების სია და ყველა საზღვარზე ამ სიით იხელმძღვანელონ, რათა არ შემოვიდნენ სანქცირებული პირები. ესაა ამ ქვეყნის მინიმალური დაცვა, რომელიც ისედაც თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასეთი საფრთხის ქვეშაა. საჭიროა უფრო მეტად იყოს დაცული ეს ქვეყანა, ვიდრე ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც ბევრად შორს არიან და ბევრად დაცული. ასე რომ, ეს ხელისუფლებას ევალება.
და კიდევ, მინდა გითხრათ, რომ მე ბოიკოტს ვუცხადებ ,,აირზენას“ და თქვენც მოგიწოდებთ, გაიზიაროთ. კომპანია, რომელიც გასამდიდრებლად სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი. ასე იყო ყველა ხელისუფლების დროს, კოვიდის პერიოდში და ახლა, უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც მიუღებელია ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის. მე ასევე, თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, სანამ ის ,,აირზენას“ ხელშია, რათა კიდევ არ გავამდიდრო ის კომპანია, რომელიც ფულის გულისათვის ყველაფრისათვის მზადაა - ვნახეთ მისი ხელმძღვანელის გახარებული განცხადებები.
ჩვენ ალბათ, ყველას გვევალება, რომ ღირსებით შევხვდეთ 26 მაისს. არაფერს ნიშნავს სიტყვები, დიდი ემოციები, ის დროშები, რომელიც ქუჩაშია გამოფენილი და ის ზეიმი, რომელიც იმართება, თუ ჩვენ, ყველა ჩვენი შესაძლებლობებით არ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას. როგორც არაერთხელ მითქვამს, ეს იქნება ვიზები, სამუშაო ადგილებზე ჩვენი ხალხის დაცვა, თუ ეკონომიკაში რეგლამენტაციის დაწესება. ნუ მივუშვებთ ასე.
და დავასრულებ იმაზე პასუხით, რაც დღეს მოვისმინე ბატონი კობახიძისგან. ზოგადად, არ მჩვევია განცხადებებზე პასუხი და პინგ-პონგი, მაგრამ ვერ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, საქართველოს ხალხზე, რომელმაც მსოფლიოს ტოლერანტობის არაჩვეულებრივი მაგალითი მისცა, როცა თითქმის წელიწადნახევარია იღებს მიგრანტებს ოკუპანტი ქვეყნიდან (70 000, თუ 80 000-სს), ისე რომ, არცერთი ინციდენტი არ მომხდარა. არ მივცემ მას უფლებას, ამ ხალხზე, რომელმაც საუკუნეები გაიარა ისე, რომ ვერავინ დაგვწამა ქსენოფობია, მან დაიწყოს ამაზე საუბარი, მით უმეტეს, როცა ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს რუსეთისათვის ჩვეულებრივი თემაა, როცა ვითომც თავისი მოქალაქეების დასაცავად შედის სხვადასხვა ქვეყანაში. თუ ბატონი კობახიძე ამის დამზადებას ცდილობს, მგონი, ჩვენ ამას არ დავუშვებთ - არც საზოგადოება, არც მე! და სადაც საზოგადოებაა, იქ ვიქნები მე!