პრეზიდენტის სიტყვა „მართლმსაჯულების სახლის’’ ორგანიზებულ კონფერენციაზე "ევროკავშირის დღის წესრიგი - მართლმსაჯულების რეფორმა"
ყველამ ვიცით, რომ დღეს ისტორიული მომენტია, ისტორიული, რადგან რომ არა უკრაინის თავდადებული ბრძოლა, ჩვენ დღეს ამას [ევროპული პერსპექტივის მინჭება] ჯერ ნამდვილად ვერ მივიღებდით. ეს უნდა ვიცოდეთ და ვაღიარებდეთ ყოველ წუთში, რომ ეს არ არის ჩვენი მიღწევა. საქართველო, ევროპული ინტეგრაციის ამ გზაზე, მართლაც იყო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, მაგრამ ცოტათი ჩამოვრჩით ჩვენი ერთობლივი ბრალეულობით. ბოლო პერიოდში კი, მოხდა ის, რასაც არ ველოდებოდით - კანდიდატურის წარდგენა. ამისათვის თარიღიც კი იყო დასახელებული - 2024 წელი, თუმცა ამისთვის არაფერი იყო მზად.
ეს მოხდა და დღეს ჩვენ ამით ვსარგებლობთ, რისთვისაც ძალიან მადლიერები უნდა ვიყოთ უკრაინის. დღესაც უკრაინაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. არ ჩერდება საჰაერო თავდახსმები, უკვე გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭო და იქაც ჩანს, თუ რამდენად მძიმეა ეს მდგომარეობა. მინდა პატივი მივაგო უკრაინაში დაღუპულ 27-ე ქართველს. ისინი არ არიან სახელმწიფოს წარმომადგენლები, მაგრამ არიან ქართული ღირსების წარმომადგენლები.
ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში, ნათელია რომ მართლმსაჯულება და მისი რეფორმის ბოლომდე მიყვანა უმთავრესია, რადგან ეს არის საშუალება და გზა იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ გამოვიდეთ საბჭოთა სისტემიდან - სხვა გზა არ არსებობს!
აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი - ადამიანის უფლებების დაცვა, ბიზნესის დაცულობა, ევროპული უსაფრთხოების სტანდარტების დადგენა, დისკრიმინაციის დაძლევა, მოსმენების აუცილებლობის, ან არაუცილებლობის დადგენა, (სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ ცოტა დამაკლდა თქვენი მხარდაჭერა იმ დროს, როცა ამ ძალიან არაევროპულ კანონზე დავადე ვეტო, ყველას არ ეხება, მაგრამ ნაწილს ეხება); კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, ანუ ყველაფერი, რასაც ჩვენ ზოგადად, დემოკრატიას ვუწოდებთ, ყველაფერი მართლმსაჯულებაზე გადის. თუ არაა მართლმსაჯულება, მაშინ არაფერია დაცული და დამოკიდებული ვართ ვინმეს ნებასა და გადაწყვეტილებაზე, ამიტომაა ეს სამუშაო და თქვენი რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანი.
მართლმსაჯულების რეფორმაზე შეთანხმება წარმოადგენს საშუალებას შევასრულოთ რეკომენდაციიდან ერთ-ერთი საკითხი - დეპოლარიზაცია. ნათელი, რომ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან შეთანხმება როგორ უნდა წავიდეს წინ მართლმსაჯულების რეფორმა.
ეს, პირველ ეტაპზე, უნდა იყოს კონსესუსი მინიმალურზე და შემდეგ სრულ რეფორმაზე. ამ კონსესუსის მიღწევა დეპოლარიზაციის ის მთავარი ნიშანია, რის გარეშეც ყველაფერი ფუჭი იქნება, რის გარეშეც ვერაფერზე შევთანხმდებით. და ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში, პირველად შეძლებენ პარტიები და ხელისუფლებაში უმრავლესობით მყოფი პარტია პარტიულ ინტერესებზე წინ დააყენოს საქართველოს ინტერესები.
ეს ჩვენს უახლოეს ისტორიაში, სამწუხაროდ, ვერ შევძელით და ეს არის ის, რაც გვაფერხებს და ეს არის მოთხოვნა, რომელიც ჩვენი გასაკეთებელია, რადგან თუ არ არის ეს მინიმალური კონსესუსი ქვეყანა ვერ განვითარდება.
შესაძლოა, დღეს სხვა ქვეყნებშიც არის არანაკლები პოლარიზაცია და იქაც იგივე პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ ის ქვეყნები უკვე იმ დემოკრატიულ სამყაროში არიან და იმ ხაზის იქით არიან, მათთვის მთავარი დამცველი მექანიზმი არსებობს ყველას მიერ აღიარებული ძლიერი ინსტიტუტებია, რომელიც გიცავს ნებისმიერი პოლარიზაციისგან, მაგრამ ჩვენ ჯერ არ გაგვაჩნია არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც მართლმსაჯულების პრინციპები.
მინდა, კიდევ ერთი რამ ვთქვა, რომ მართლმსაჯულება ჩვენთვის უცხო ხილი არ არის, ეს არის ის, რაც ქართული ტრადიციებიდან მოდის. არ არსებობს ქართული რეგიონი, სადაც არ იყო ადგილობრივი მართმსაჯულების ფორმები.
გუშინ სასახლეში, სამ დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა ,,სვანეთის დღეები“. ძალიან საინტერესო იყო ის ნაწილი, რომელიც სწორედ სვანურ ტრადიციებსა და მედიატორის ინსტიტუტს ეხებოდა, რომელიც დღესაც გამოიყენება.
თუნდაც ძალიან რთულ პერიოდებში, რუსული იმპერიის, თუ შემდგომ, საბჭოთა კავშირშიც კი, არსებობდნენ ძალიან ცნობილი იურისტები. ეს არის ის პროფესია, რომელიც საქართველოში ყოველთვის აღიარებული იყო და რომელსაც პატივს სცემდნენ.
ამ დღეებში სხვანაირადაც გავიხსენებთ მიხეილ მუსხელიშვილს, რომელმაც პირველი ევროპული კონსტიტუცია დაწერა. მართალია, ეს ფედერაციული კონსტიტუციაა და არ იქნა, გატარებული, მაგრამ ფაქტი, რომ ქართველმა დაწერა პირველი კონსტიტუცია, ესეც ნიშანდობლივია და გვახსენებს იმას - სად ვიყავით და სად ვართ. ეხლა ვართ იმ პირველ ნაბიჯზე, ვითომც დღეს დავიბადეთ და გვეუბნებიან, რომ თქვენ აბა მოდით და იმუშავეთ ამ კუთხით და შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ. ჩვენ იქ ვიყავით და იქ უნდა დავბრუნდეთ, ჩვენში უნდა დავინახოთ ეს შესაძლებლობები და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენში, ჩვენში, და საზოგადოებაში არსებობს ამის პოტენციალი და მე ძალიან ოპტიმისტი ვარ.