პრეზიდენტი - ქალები დღეს, ამ კონფლიქტების ძალიან რთულ სამყაროში, აჩვენებენ როგორ შეიძლება არსებობა და წინსვლა!

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ,,პარიზის მშვიდობის ფორუმზე“ 2022 

მოდერატორის, დონია კაუაჩის შეკითხვა:

თქვენ აცხადებდით, რომ ,,როგორც პატარა ქვეყანა უფრო ჭკვიანები უნდა ვიყოთ და არ ავყვეთ პროვოკაციას". მსოფლიოში, სადაც მხოლოდ 29 სახელმწიფო მეთაური ქალია, კიდევ რა უნდა გავაკეთოთ უფრო მეტი, როგორც ლიდერებმა?

პრეზიდენტი:

არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციას და პოლარიზაციას, არ უნდა ვუპასუხოთ შეტევებს, რომლებიც ზოგჯერ ეხება ფუნქციასაც და იმასაც, რომ ხარ ქალი - მნიშვნელოვან პოზიციაზე. ფემინიზმი ნიშნავს, რომ გეკავოს თანამდებობა, როგორც ნებისმიერ სხვას, იმ ფაქტის გამოყენების გარეშე, რომ ქალი ხარ.

მიმაჩნია, რომ ქალები დღეს, ამ კონფლიქტების ძალიან რთულ სამყაროში, აჩვენებენ როგორ შეიძლება არსებობა და წინსვლა.

თქვენ გამოხატეთ პატივისცემა და მეც ვუერთდები ირანელი ქალების მიმართ გამოხატულ პატივისცემას. ჩვენ ვიმყოფებით რეგიონში, სადაც ყველა გარკვეულწილად, ჩვენი მეზობელია. ირანელ ქალებთან ჩვენ გრძელი ისტორია გვაკავშირებს. ჩვენ სიახლოვეს ვგრძნობთ ამ ირანელ ქალებთან და მინდა, მონაწილეობა მივიღო ამ ჟესტში, ამ სოლიდარობის გამოხატვაში.

დღეს არ შეიძლება უკრაინელი ქალების დავიწყება. მათ აჩვენეს, რომ თავიანთი ადგილი აქვთ უკრაინულ წინააღმდეგობაში; ზოგ შემთხვევაში არიან ჯარისკაცები და წარმოადგენენ ფუნდამენტს, რომლის საშუალებითაც უკრაინამ შეძლო ამდენი ხნის განმავლობაში წინააღმდეგობის გაწევა. ქალები, რომლებიც თავდაპირველად წავიდნენ ქვეყნიდან, შემდეგ დაბრუნდნენ მათი მეუღლეების მხარდასაჭერად და ომთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებში მონაწილეობის მისაღებად.. და გამარჯვება, რომელიც იკვეთება ასევე მათი, და განსაკუთრებით, მათი გამარჯვებაა.

საქართველოსთან ახლომდებარე მოლდოვას ჰყავს ქალი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, რომლებიც არ იბრძვიან ფრონტზე, მაგრამ იბრძვიან განსაკუთრებით რთულ პირობებში, ენერგეტიკულ ბლოკადაში, რომლებიც მათ რუსეთმა შეუქმნა. ასევე, შიდა დესტაბილიზაციის მცდელობა ოლიგარქების მხრიდან, რომლებიც რუსეთის კმაყოფაზე არიან, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი იბრძვიან და წინააღმდეგობას უწევენ მათ. სხვა ქალმა, ურსულა ფონ დენ ლაიენმა მხარი დაუჭირა მათ და გამოუცხადა ევროკავშირის მხარდაჭერა და სოლიდარობა, (რასაც მე სრულიად ვემხრობი) - ფინანსური და ენერგეტიკული მხარდაჭერა, იმისათვის, რომ გადაიტანონ ეს ზამთარი. ეს კარგი ამბებია. 

მე ასევე, მსურს ვისაუბრო ქართველი ქალების შესახებ, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის მიერ 2008 წლიდან ოკუპირებულ რეგიონებში. ისინი იქ ცხოვრობენ და მათი თავდადება გვაძლევს იმედს, რომ მომავალში დავიბრუნებთ ამ ტერიტორიებს.

მე ასევე, მსურს ვისაუბრო რუს ქალებზე, (ეს უფრო იშვიათია), რომლებიც არანაირად არ არიან ასოცირებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან, ნახეთ ყველა ის რუსული მასალა, რომლებსაც სხვადასხვა გზით ვღებულობთ რუსეთიდან - მხოლოდ მამაკაცებს ვხედავთ მკაცრი სახეებით. 

მე ვფიქრობ ქალებზე, იმ ჯარისკაცების დედებზე, რომლებიც დღეს პრაქტიკულად ძალით არიან მობილიზებულნი, მათ არ იციან სად მიდიან და რატომ მიდიან სხვის ტერიტორიაზე საბრძოლველად, ისევე როგორც გუშინ იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ასევე არ არის მათი. დროა, რუსეთმა გაიგოს, რომ სხვისი ტერიტორიები მას არ ეკუთვნის და რუსმა დედებმა შეძლონ თავიანთი შვილების პოვნა.

მოდერატორის, დონია კაუაჩის შეკითხვა:

როგორ უზრუნველყოფთ საგარეო პოლიტიკაში კონფლიქტებისა და ძალადობის საკითხებზე ლიდერ პოზიციებზე მყოფი ქალების მოლაპარაკებებში ჩართვას? ქალებს თავიანთი ადგილი ექნებათ მოლაპარაკებების მაგიდასთან მამაკაცების მიერ წარმოებული ომის შემდეგ, როდესაც მოვა მოლაპარაკებების დრო, სად იქნებიან ქალები და რამდენად შეძლებენ თავიანი სათქმელის თქმას? 

პრეზიდენტი:

მე მქონდა შესაძლებლობა 15 წელზე მეტი ხნის წინ წარმატებული მოლაპარაკებები მეწარმოებინა რუსეთის ამჟამინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ბაზების გაყვანის საკითხზე. ეს წარმატება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა, რადგან ცოტა ხნის შემდეგ, რუსეთი დაბრუნდა და მოახდინა (საქართველოს) ტერიტორიების ოკუპაცია. მაშინ ამ მოლაპარაკებების წარმატების საწინდარი უდავოდ იყო ის, რომ მე ქალი ვიყავი და მოლაპარაკებებისადმი განსხვავებული მიდგომა მქონდა.

იმედი მაქვს, რომ როდესაც მოლაპარაკებების დრო დადგება, უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ამ ტრაგიკული ომის შემდეგ, როდესაც უკრაინის გამარჯვებები და წინსვლა აიძულებს რუსეთის მმართველობას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმას, იმედი მაქვს, რომ ამ დროს დადგება მოლაპარაკებების დრო რუსეთის ირგვლივ,  ყველა იმ ქვეყნისათვის, რომლებსაც სჭირდებათ, რომ სამუდამოდ დაიხუროს XIX-XX საუკუნეების გვერდი და შევიდეთ XXI საუკუნეში სტაბილურად, სადაც ყველა ერთმანეთს პატივს სცემს: მამაკაცები პატივს სცემენ ქალებს, დიდი ერები პატივს სცემენ პატარა ერებს, სადაც ჩემი საზღვარი შენი საზღვარი უნდა იყოს, და ამ სახის მოლაპარაკებებისათვის აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან ქალების ყოფნა.