მე მინდა მოგმართოთ თქვენ, ვინც დღეს სახლიდან ალბათ გაიგეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არ არის ჯერ გადაწყვეტილება. არის მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაცია ევროკომისიის, მაგრამ გაიგეთ ის, რომ ერთგვარად საქართველო არ დგას იმ ჯგუფში, იმ სამეულის ჯგუფში, რომელიც ჩვენ შევქმენით და რაღაცნაირად ჩვენ ამ ჯგუფს ჩამოვრჩით.
შეიძლება იყოთ იმედგაცრუებული. მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია. და მე ვეთანხმები ჩემ წინ ვინც ამ თემაზე გამოდიოდა, რომ ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. ჩვენ შეიძლება ადრე და მე პირადად შეიძლება ბევრი რამე ვთქვი იმიტომ, რომ ვხედავდი, რაც შეიძლებოდა მზადდებოდა. ამან გამოიწვია ზოგის წყენა, გაბრაზება და სხვა რაღაცეები. მაგრამ ფაქტი ფაქტი არის და ფაქტს ვერ გავექცევით. მაგრამ ფაქტები იმას არ, რომ ჩვენ ფარ-ხმალი უნდა ჩამოვყაროთ. ეს არ არის არც ქართული ხასიათი, არც ქალების ხასიათი. მე თქვენი იმედი მაქვს, მე მოსახლეობის იმედიც მაქვს - ყველასი, ვინც გუშინ იყო გამოსული, გუშინ სახლიდან გვიყურებდა, დღეს გვიყურებს. მე ვიცი, რომ დღეს თქვენც გრძნობთ, რომ არც იმედგაცრუების, არც წუწუნის დრო არ არის. იმიტომ, რომ რაც მოგვივიდა დღეს არის გაფრთხილება - „რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“.
ჩვენი ბრალია. ჩვენ რაღაც ვამბობთ, რომ არ დავიმსახურეთ - დავიმსახურეთ. ჩვენ იმის მერე, რაც გააკეთა ამ ქვეყანამ 30 წლის მანძილზე, რომ ისე ჩამოვრჩით ჩვენ ორ მეგობარს და პარტნიორს, ჩვენი ბრალია, აბა ვისი? არავინ არ გაგვიკეთა არაფერი.
და რაც მთავარია და რაც მინდა, რომ კარგად გაიგოთ, ევროპამ არ გადაგვაგდო, ევროპამ არ გვითხრა უარი, პირიქით - როგორც ჩანს ჯერ მხოლოდ ურსულას ბრიფინგიდან არის პირველი ცნობები და ინფორმაციები, რაც ვრცელდება. პირველ რიგში, უნდა წავიკითხოთ ევროკომისიის რეკომენდაციები. და სხვათა შორის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ტვიტერშიც იგივე წერია და უნდა კარგად ვიცოდეთ როგორ წავიკითხოთ. იქ წერია, რომ ჩვენ, ცხადია, კანდიდატის სტატუსი დღეს არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ისეთი რამ, რაზედაც ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო ბოლო თვეებში არც ვიოცნებებდით. მივიღეთ ის აღიარება და იმედი მაქვს, რომ ამას დაადასტურებს ევროპული საბჭო ერთ კვირაში, მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ის, რაც არავის არ უთქვამს აქამდე ჩვენთვის, არავის არ აუღიარებია და არავის არ მოუცია პირობა ჩვენთვის, რომ ეს პერსპექტივა ჩვენთვის მოცემული არის. იყო ამის მიმართ ხან გეოგრაფიული მიზეზები რატომ არა და ხან სხვა მიზეზები. მაგრამ დღეს, და თუ არა უკრაინა, თუ არა ეს ახალი გარემოებები, ამას დღეს ნამდვილად არ მივიღებდით და შეიძლება ჯერ არც ვიმსახურებდით. მაგრამ მივიღეთ ეს დაპირება. კიდევ ერთხელ, მინდა ვთქვა, რომ იმედი მაქვს, რომ ამ ტექსტს გაიმეორებენ ევროპულ საბჭოს გადაწყვეტილებაში. კიდევ მაქვს იმედი ერთგვარად, რომ ის კანდიდატის სტატუსის საკითხი,... ყოველ შემთხვევაში უნდა ვიმუშაოთ ამ ერთ კვირაში და აქაც ფარ-ხმალი არ ჩამოვყაროთ წინასწარ.
მაგრამ მეორე არის, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კანდიდატის სტატუსის საკითხი, მხოლოდ და მხოლოდ გაფრთხილება და ძალიან მკაფიოდ ჩამოწერილი რა უნდა გავაკეთოთ. როცა გინდა ადამიანის გადაგდება ან ქვეყნის, კი არ ეუბნები რა უნდა გააკეთო 2022 წლის ბოლომდე, გადააგდებ და ეს არის და ეს. და ძალინ მარტივიც არის.
ასე რომ, ჩვენ მივიღოთ ის, რასაც გვეუბნებიან, გავიგოთ კარგად და არა როგორც გვაწყობს სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. და დავუსვათ ჩვენ თავს რა უნდა გავაკეთოთ აწი. მე დავიწყებ ჩემი თავით, ეს ნორმალურიც არის. მე რა უნდა გავაკეთო? მე უნდა გავაგრძელო ის, რაც დავიწყე და რაც არის მცდელობა და უნდა გავააქტიურო ეს მცდელობა, რომ ამ ქვეყანაში თანხმობის პროცესი, ეროვნული თანხმობის პროცესი წინ წავწიოთ. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, როგორც მქონდა დასაწყისიდან. მაქვს იმედი უფრო ქალების იმიტომ, რომ ამაში დარწმუნებული ვარ, რომ გვაქვს მეტი ემპათია და გვესმის რამდენად არის ეს საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ამაზე გავიზარდოთ და ამითი გავიზარდოთ და ამითი დავწყნარდეთ და შედგეს ის ელემენტარული კონსენსუსი, რომელიც არის პირველი მოთხოვნა. სიაში ეს არის, რასაც გვთხოვენ, როგორც პირველი გასაკეთებელი ჩვენგან. ჩვენგან ესე იგი მე ამ პროცესში, საზოგადოება თავისთავად, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები - მათი პასუხისმგებლობაც ეს არის.
რა მოეთხოვება მთავრობას პირველ რიგში, რამეთუ ეს ბოლო წელიწადი, როგორც იმ დღეს აღვნიშნე და აღარ დავუბრუნდები იმიტომ, რომ მერე კიდევ წამოვა ამაზე რაღაცა გაუგებარი პასუხები. ეს კი არ არის რაღაც პოლემიკა, რომ მე შენ გეტყვი და შენ მიპასუხებ. ქვეყნის ბედი არის, რომელიც დღეს დგას სასწორზე და ძალიან მკაფიოდ სხვებმა გითხრეს რა არის გასაკეთებელი. ჩემი სათქმელი რაღა იყო. ახლა რომ გვითხრეს და ქაღალდზე რომ წერია აბა რაღა ვქნათ? და გვაძლევენ პირობითად, მაგრამ 2022 წლის ბოლომდე, რომ გამოვასწოროთ რაც არის გამოსასწორებელი თუ კი ნამდვილად გვინდა ეს კანდიდატობა, კანდიდატობის სტატუსი. და გვინდა, ხომ? ვიცით, რომ 85%-ს უნდა.
ასე რომ, გავაკეთოთ. და ეს პასუხისმგებლობა დღეს არის ათმაგად, თუ არა ასმაგად, ხელისუფლებაზე. ექვსი თვე აქვს და ექვსი თვის ბოლოს თუ კიდევ ისე გაგრძელდა, როგორც ბოლო წელი, პასუხს მიიღებს საზოგადოებისგან. არც ჩემგან, არც თქვენგან, საზოგადოებისგან.
პასუხიმგებლობა საზოგადოების რა არის, ამის გარდა არის ის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა. არის საქმე გასაკეთებელი. ყველა უნდა ჩავერთოთ ამ საქმეში, რაც შეიძლება ჩვენი კუთხით ყველა. დღეს არ არის არანაირი დესტაბილიზაციის დრო, როცა მიმდინარეობს ომი უკრაინაში, როცა რუსეთი არის სრულიად გადასული ყველა მოლოდინის და მოულოდნელი არის მისი ნებისმიერი რეაქცია. და ეს არის ის, რაც უნდა გაითვალისწინოს ასევე ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა, როცა კიდევ ერთხელ დაუბრუნდებიან ამ საკითხებს, რომ რაღაცნაირად ყურადღება მიაქციონ ჩვენ ქვეყნის დღევანდელ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას.
გავიგეთ გზავნილი მათი, გავიგეთ გაფრთხილება, რომ ჩვენ თუ არ გავაკეთეთ ის, რაც არის გასაკეთებელი, ჩვენ მაშინ ვერ ვიქნებით იმ წინსვლის გზაზე, მაგრამ ამავე დროს იმათმაც უნდა გაიგონ რა არის დღევანდელი არსებული საფრთხეები და საფრთხე იმისი, რომ ჩვენმა მეზობელმა ეს სხვანაირად არ გაიგოს.
რა არის გასაკეთებელი - სია მოცემულია. კიდევ ერთხელ, ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, ოპოზიციის პასუხისმგებლობა არის, ნაწილის ყოველშემთხვევაში, რომელიც ასე იქცეოდა, რომ დაანებოს თავი ამ სირბილს სხვადასხვა დედაქალაქებში, რომელიც დიდად არ წაადგება ამ ქვეყნას და მიუდგეს აქ მუშაობას იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ გააკეთოს ის, რაც არის გასაკეთებელი. და მაგალითად, დავუბრუნდები იმ, მე თვითონ ვიტყვი ჩემს თავზე, არაჩვეულებრივი იდეა, რაც მქონდა და წინადადება, რომ რაც ეხება ამ სტატუსის მიღწევას, შეიქმნას სპეციალური ინსტიტუტი, დამოუკიდებელი, რომელიც იქნება მიძღვნილი სწორედ იმაზე, რომ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მივიყვანოთ წარმატებულად 2022 წლის ბოლომდე. და მე მგონია, ეს რომ იყოს კონსტრუქციული ოპოზიცია, რომ იყოს ამ კომისიის თუ რაც გვინდა ის დავარქვათ, სამუშაო ჯგუფი, სათავეში იქნება ძალიან მაგარი გზავნილი სწორედ ჩვენი პარტნიორებისთვის. და მე რომ ვიყო მმართველ გუნდში და მთავრობაში და სხვათა შორის კომენტარები მემგონი დღეს უნდა მოდიოდეს მთავრობისგან და არა პარტიისგან თუ გვინდა ევროპულობა.
და თუ ასეთი რამე შეიქმნა, ეს იქნება ყველაზე პოლიტიკურად სწორი სვლა იმიტომ, რომ გადანაწილებული იქნება პასუხისმგებლობა ორივე მხარეზე იმისთვის, რომ მივიდეთ იმ შედეგამდე, რაც უნდა იყოს ჩვენი შედეგი, ჩვენი პოზიტიური შედეგი და ჩვენი წარმატება 2022 წლის ბოლოს. ასე რომ, არც იმედგაცრუება, ცოტა გაბრაზება - კი, მაგრამ საქმე ერთად, რაც შეიძლება მაქსიმალურად ერთიანად უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, რომ მივაღწიოთ მიზანს, შედეგს. დრო აღარ არის, არც ვიღაცის ლანძღვის, არც სხვადასხვა ბრალდებების გადაბრალების და გადმობრალების. საქმის დრო არის და საქმე აღარ ითმენს.
ძალიან დიდი მადლობა ყველას!