იშვიათად თუ არის ერის ისტორიაში ასეთი გადამწყვეტი მომენტები და იშვიათად თუ წინასწარ იცი, რომ ეს დღეები იქნება გადამწყვეტი. ჩვენ, ჩვენი ისტორიის ასეთ გადამწყვეტ მომენტში ვართ და ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ. მე, ჩემი მხრიდან, ყველაფერს ვცდილობ, რომ ეს ბოლო დღეები ჩვენი ინტერესების წინ წასაწევად მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ამდენად, როგორც გასულ კვირასაც მოგახსენეთ, ვაგზავნი წერილებს ყველა ჩემს კოლეგასთან, რათა ევროპული საბჭოს ამ გადამწყვეტ სხდომამდე ჩვენი ინტერესები დავიცვათ, ჩვენი ბოლო არგუმენტები რომ წარვადგინო.
ასევე, ჩვენ უკვე ჩავწერეთ და ტვიტერზე გავუშვებთ ჩემს მიმართვებს ჩემს კოლეგებთან, რომ ამ ფორმით და საშუალებითაც მივმართო მათ. ყველა უნდა იყოს გაფრთხილებული თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს კვირა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის.
ჩვენ ვნახეთ ევროპული კომისიის რეკომენდაცია, რომელიც რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს, რომ მოგვანიჭონ ევოპული პერსპექტივა, რაც ძალიან დიდი რამ არის, რომელზეც ცოტა ხნის წინ არც ვიოცნებებდით და ჯერ-ჯერობით კანდიდატის სტატუსს არ გვანიჭებს, მაგრამ გვაძლევს ამის იმედს, თუკი იმ რეფორმებს და იმ ნაბიჯებს გადავდგამთ, რაც ჩვენ გვევალება.
მინდა ყველას გთხოვით, რომ ამ დღეებში ყველაფერი გავაკეთოთ რაც ჩვენს ძალებშია, რომ ჩვენი თავი ღირსეულ ევროპულ ქვეყნად წარვადგინოთ. მინდა აქედან მივესალმო ყველა იმ ადამინს, ვინც დღეს დემონსტრაციის დროს გამოსვლას აპირებს. ეს ძალიან მნიშნელოვანია, რომ, ჩვენი სახე ვაჩვენოთ და ეს სახე უნდა იყოს ძალიან მშვიდი. ჩვენ ვიცით რა გვინდა, როგორი ევროპა გვინდა და როგორი საქართველო გვინდა. ეს არის ის, რაც უნდა ვაჩვენოთ.
მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, რომ აქ არავინ არ მოვიდეს რამე ექსესებისთვის და მივმართო სამართალდამცველებს, რომ ყველანაირად შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, რამეთუ ეს მშვიდი კადრები იქნება ის, რაც გავა ევროპის ყველა ეკრანზე და იმ გადაწყევტილებების ერთ-ერთი ნაწილი იქნება, რაც მისაღებია.
ასევე, მინდა მივმართო ხელისუფლებას და დადებითად შევაფასო ის განცხადება, რაც დღეს გაკეთდა პრემიერის მხრიდან, ეს არის სწორი, ეს ის მიმართულებაა რაც ჩვენ გვინდა და მე მგონი ესეც სწორად შეფასებული იქნება.
იგივეს ვერ ვიტყვი ზოგი პარტიულ განცხადების შესახებ, რომელიც წინა დღეებში გაკეთდა და რომელიც არანაირად არ ადგება ჩვენს კანდიდატურას და ჩვენს ევროპულ მომავალს.
მე მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ვიყოთ სრულიად მობილიზებული. ეს ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტია. ყველა დაველოდებით ამ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება მოგვცემს ჩვენი შემდგომი განვითარების ახალ შანსს.
ასე რომ, ყველას გისურვებთ, რომ ეს გადაწყვეტილებები იყოს წარმატებული. მე მიმაჩნია, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც რეკომნდაციაა (დევს კომისიის გადაწყვეტილებაში) არის ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა ვიცოდეთ ეს როგორ შევაფასოთ. მე მინდა, რომ ჩვენ ყველა ის ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც, ვიმედოვნებ, წლის ბოლომდე მიგვიყვანს იმ სტატუსამდე, რომელზეც ამდენი ხანია ვოცნებობთ, ანუ კანდიდატის სტატუსი.
ყველას გისურვებთ ევროპულ საქართველოს, მალე ევროპულ საქართველოს. ეს ჩვენი, ყველასი იქნება. არანაირი დაპირისპირება დღეს ამის ირგვლივ არ შეიძლება რომ იყოს და მინდა, ეს გზავნილი საქართველოდან ძალიან ნათლად ჩანდეს, რომ ყველას გვინდა ნათელი მომავალი, გვინდა ევროპული საქართველო, გვინდა ევროპული პერსპექტივა!