მოგესალმებით ბატონო პრემიერო,
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
საპატრიარქოს წარმომადგენლებო,
მთავრობის წევრებო,
პარლამენტის წარმომადგენლებო,
პატივცემულო საზოგადოებავ,
მინდა დიასპორას მივმართო და მივულოცო დღევანდელი და გუშინდელი დღე - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. რამეთუ 26 მაისი დიასპორისთვის შეიძლება კიდევ უფრო სასიხარულო და ამავდროულად, მტკივნეულიც იყოს, რადგან არ ხარ შენს ქვეყანაში და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ბრუნდები. დიასპორის დღევანდელი ბედი სულ სხვაგვარია და დღეს, ბევრად უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყანასთან და ის წარმოადგენს ჩვენს ძალას უცხოეთში. პატარა ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ამისთვის მთავარია, რომ ის კავშირი, რაც დიასპორასა და ქვეყანას შორის არსებობს არ გაწყდეს, და რაც შეიძლება მეტად გაძლიერდეს. ამას ჩვენი მხრიდან ძალიან ბევრი რამ სჭირდება.
პირველ რიგში, ძალიან მნშვნელოვანია და დაწყებულია ორმაგი მოქალაქეობის საკითხი, რომელიც კიდევ უფრო უნდა გავამარტივოთ. ჩვენ ამაზე იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, და მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე არსებული ყველა შეფერხების მაქსიმალურად შემცირებას რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ, რამეთუ ქვეყნის ინტერესია, რომ დიასპორის წევრებმა, რომლებსაც სურთ ორმაგი მოქალაქეობა, რაც შეიძლება ადვილად შეძლონ.
მეორე, საჭიროა, რომ კავშირი ქვეყანასა და დიასპორას შორის იყოს მჭიდრო და ცოცხალი. საჭიროა მათი ჩართულობა საქართველოს ყოველდღიურ სახელმწიფო საქმეში, ანუ პოლიტიკაში. და ამისათვის საჭიროა ისინი საქართველოს პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილნი. მე არაერთხელ, შარშანაც, ვახსენე ეს ინიციატივა. ეს თქვენს ხელშია, პარტიების და პარლამენტის, მაგრამ აუცილებელია, რომ როგორც ყველა, დიდი დიასპორის მქონე, სხვა ქვეყანამ ჩვენც მოვაგვაროთ ეს საკითხი, რომ დიასპორას ჰყავდეს პარლამენტში თავიანთი ინტერესების წარმომადგენლები. რადგანაც გადავდივართ ისეთ სისტემაზე, სადაც აღარ იქნებიან მაჟორიტარები, ეს ვერ მოხდება მაჟორიტარობის ფორმით, მაგრამ შეიძლება მოხდეს კვოტების ფორმით, ყველა პარტიამ აიღოს ვალდებულება, რომ თავის საარჩევნო სიაში ათიდან ერთი დიასპორის წარმომადგენელი იყოს. ისინი ბევრი კუთხით, ბევრად უფრო ახლოს არიან ევროპასთან და მათი გამოცდილება გამოვიყენოთ. ეს მათთან დაკავშირების ერთ-ერთი ფორმაა.
მეორე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნებში მონაწილეობაა. სადამდე უნდა იყოს, რომ ჩვენ გვყავდეს მილიონზე მეტი ადამიანი უცხოეთში და არჩევნებში მონაწილეობდეს მათი ძალიან მცირე რაოდენობა. დღეს ელექტრონულ არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალებები არსებობს. ჩვენს ქვეყანაში ეს ბოლო არჩევნებზე გამოვცადეთ და ალბათ დროა, რომ გადავიდეთ ამ საშუალების გამოყენებაზე უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის. ეს მათ მისცემს საშუალებას, რომ სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, თუნდაც საელჩოდან შორს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. კიდევ ბევრი რამ არის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიასპორა იყოს უფრო მეტად ჩართული ქვეყნის საქმეში.
ერთი ეს არის დიასპორის სახლი - დიასპორის ვირტუალური სახლი, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებდა ყველა კითხვაზე, რაც დიასპორაში დაისმება: დაბრუნებასთან, დროებით დაბრუნებასთან, ან სხვადასხვა პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
მე, როცა უცხოეთში ვარ და ვხვდები დიასპორის წარმომადგენლებს, მათგან მოდის ინიციატივები, რომ მზად არიან ჩაერთონ ზაფხულში მასტერკლასებისა, თუ რეგიონებში მიმდინარე პროცესების მიმართულებით, მაგრამ შემდეგ ამის ამოქმედება საკმაოდ რთულია, რადგან ამას არ აქვს თავისი პროცედურები, სწორედ ასეთ აქტივობებს შეიძლება წაადგეს ამ დიასპორის სახლის ერთი ფანჯრის პრინციპი, რომელიც სწორედ ამაზე იქნება პასუხისმგებელი, რომ ყველა ინიციატივა ბოლომდე იყოს მიყვანილი და არ დარჩეს უპასუხოდ. ძალიან მტკივნეულია, როცა უცხოეთში ხარ, რაღაც გინდა, რომ შენც ჩაერთო, ხელი გაუწოდო, ამ ქვეყნის განვითარების მონაწილე გახდე და არავინ გპასუხობს, არავინ ინტერესდება და რჩები შენი აზრებით და ინიციატივებით.
ასევე, კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ესაა მათი ეკონომიკური ჩართულობა. როცა დიასპორის წევრებს ვხვდები, რომლებიც უკვე წელში გამართულები არიან, შეუძლიათ რაღაცის გაკეთება და უნდათ არამხოლოდ ქველმოქმედება, არამედ ქვეყნის განვითარებაში ჩართვა, ინვესტიციის ჩადება, (კიდევ ერთხელ ვამბობ, არა მილიონების, მაგრამ მონაწილე იყვნენ რომელიმე პროექტის განვითარების), საჭიროა, რომ ეს პროექტები იმ ფორმით იყოს მომზადებული და მიწოდებული, რომ ადვილი იყოს მათში მონაწილეობის მიღება, საკუთარი წვლილის შეტანა, რათა გახდე ამ ქვეყნის ნაწილი, შენი წვლილი შეიტანო და იგრძნო, რომ თუნდაც სხვაგან ცხოვრობდე მაინც ამ ქვეყნის მკვიდრი და ნაწილი ხარ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ მდიდარი ამ დიასპორით და გავმდიდრდეთ კიდევ უფრო მათთან ურთიერთობით.
ძალიან დიდი მადლობა!