საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა ევროპის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე:
დღეს, როცა აღვნიშნავთ ევროპის დღეს, პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ, თუ რა იყო ევროპის დაარსების მთავარი ამბიცია და მიზანი: ომის აღმოფხვრა ევროპის კონტინენტიდან, ტერიტორიული პრეტენზიების უგულებელყოფა და ყველა ენერგიის მიმართვა, არა სხვისი დაპყრობისკენ, არამედ ერთიანი ძალისხმევით კეთილდღეობისა და დემოკრატიის ასაშენებლად.
აღმშენებლობა და არა ნგრევა. თავისუფლება და არა მონობა. ერთიანობა და არა დაპირისპირება. მშვიდობა და არა ომი. ამ პრინციპებზე აშენდა ევროპა და მოვიდა დღემდე. ამ პრინციპების გამო გვინდა ჩვენც ევროპა და მივისწრაფით მისკენ.
ეს შეძლო ევროპამ თავისი ეტაპობრივი და შეუქცევადი განვითარებით, გაფართოებით და წინსვლით: მისი პირველი სახეობის - 1950 წელს დაარსებული ნახშირისა და ფოლადის თანამეგობრობიდან, 1957 წლის ევროპულ ეკონომიკურ თანამეგობრობად ქცეული და ბოლოს 30 წლის წინ - 1992 წელს - მაასტრიხტის ტრაქტატის მიერ დაფუძნებულ დღევანდელ ევროკავშირამდე! შეძლო ომის თავიდან აცილება, შეძლო გუშინ დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის სოლიდარობის შეკვრა, შეძლო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ განადგურებული და გაღარიბებული სივრცე გადაექცია დღეს მსოფლიოში მეორე ეკონომიკად ცნობილ სივრცედ.
ევროპის განვითარება და ზრდა ითვლის მნიშვნელოვან ეტაპებს. გაუვლია რა ევროპას მრავალი კრიზისი, თუმცა თითო კრიზისიდან გამოსულა უფრო ძლიერი, უფრო თავის თავში დაჯერებული, უფრო მიმზიდველი თავისი პარტნიორებისთვის და მეზობლებისთვის.
მსოფლიო ისტორიამ არ იცის მსგავსი ორგანიზაცია, რომელმაც შეძლო გაძლიერება და გაფართოება არა ომით, არა ექსპანსიით, არამედ მასში შემავალი სუბიექტების სურვილით და თავისუფალი ნებით.
დღეს უმძიმეს გამოწვევის წინაშე იმყოფება ევროპა, ომი შუაგულ ევროპაში თვით ევროკავშირს ემუქრება, რამეთუ რუსეთმა ომი გამოუცხადა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ყველა იმ პრინციპებს რაზედაც დგას ევროპა: ჰელსინკის პრინციპები, საერთაშორისო სამართლის კანონები, ყოველივე სახელმწიფოს სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, სამართლიანობა და დემოკრატია. და პირველ რიგში ის, რამაც წარმოშვა ევროპული იდეა: ომის მაგივრად მშვიდობაზე და სოლიდარობაზე დაფუძნებული ურთიერთობები.
ამ გამოწვევაზე ევროპამ გასცა ყველაზე ძლიერი პასუხი: ევროპის 27-ვე წევრი ქვეყნის მჭიდრო ერთიანობა!
გასცა მან ყველაზე ღირსეული პასუხი: არა დათმობა და შეგუება, არა სიფრთხილე და რეალობისგან თავის არიდება, არა ეგოიზმი არამედ სოლიდარობა, რომელიც დღეს სცილდება ევროკავშირის საზღვრებს და მოიცავს პირველ რიგში უკრაინას, აგრეთვე მოლდოვას და საქართველოს, ან კიდევ დასავლეთ ბალკანეთს.
ეს ღირსეული ევროპა არის ის, რომელთანაც გაერთიანებას ჩვენი მოსახლეობის 88% მხარს უჭერს. ეს ძლიერი ევროპაა, რომელიც საკუთარ ძალას ომიდან კი არა, მშვიდობიანი განვითარებიდან იძენს, სწორედ ის ევროპაა, რომელიც ჩვენ გვიზიდავს და რომლისკენაც მივილტვით.
დღეს კი, უკრაინამ თავისი თავდადებული, გმირული, თავდაცვითი ბრძოლით განგვიახლა და დაგვიჩქარა ევროპის გზის გახსნა. უკრაინა და თითოეული უკრაინელი, რომელიც თავს სწირავს საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად, ამავე დროს, თავს სწირავს და იბრძვის ჩვენი და მთლიანი ევროპის თავისუფლებისთვის, საკუთარი და ჩვენი ევროპული გზისთვის. ჩვენთვის გაღებული მსხვერპლის დაფასებაც უნდა ვიცოდეთ, მადლიერება და სოლიდარობა ჩვენი ვალდებულებაა.
ჩვენი ვალდებულებაა დღეს, რომ ვიცოდეთ როგორ დავუდგეთ გვერდში უკრაინას, როგორ გამოვხატოთ სოლიდარობა და ამ სოლიდარობაში ევროპელების გვერდით დაგვდგეთ. ყველას ესმის რომ, თავისთავად ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანა, საფრთხის ქვეშ მყოფი ვერ შეედრება ძლიერ ევროპულ ქვეყნებს, თუმცა სოლიდარობის გამოხატვას მრავალი ფორმა გააჩნია.
ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამ გზაზე, რაზეც ნაადრევად დაგვაყენა უკრაინის ბრძოლამ, არაფერი დავიშუროთ და ყველა ნაბიჯი გადავდგათ, რომ ეს მოცემული შანსი რეალობად ვაქციოთ.
ის ქართული გზა ევროპისკენ, რომელიც გადის ახლო მეზობლობაზე, აღმოსავლეთ პარტნიორბაზე, ვიზალიბერალიზაციაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე და ასოცირების სტატუსზე, დღეს გადავიდა ახალ განზომილებაში. შორეული პერსპექტივა დღეს ხელმისაწვდომი ხდება თუ ჩვენ შევძლებთ კითხვარში დასმულ კითხვებზე, არა მხოლოდ პასუხის დაწერას, არამედ შესრულებას. მჯერა, რომ შევძლებთ!
ხვალინდელი დღე, როგორც არასოდეს, ჩვენზეა დამოკიდებული. რასაც ვიღონებთ იმას შევძლებთ. ევროპა არის ერთადერთი გამოსავალი, რომ აღარ გაისმას კითხვა: „მშვიდობა თუ თავისუფლება“ რამეთუ, ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე გვინდა ევროპა!
გილოცავთ ამ დღეს!