საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა, ადგილობრივ მოსახლეობას იმერეთის რეგიონის განვითარების მიმართულებებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო და ვიზიტი შეაჯამა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, მისი ვიზიტის მიზანი რეგიონის განვითარების მხარდაჭერაა. პრეზიდენტს, საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში, შეუძლია რეგიონის ადვოკატირება, რეგიონის გაძლიერებასთან დაკავშირებულ საკითხებზე რეგიონსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის შუამავლის როლის განხორციელება და საკუთარი ხედვის შემუშავება რეგიონის განვითარების მიმართულებით.
პრეზიდენტმა იმერეთში ვიზიტთან დაკავშირებით მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ წყალტუბოსა და ქუთაისს ერთობლივად, უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია და ამ საკითხების განხილვა კომპლექსურად უნდა მოხდეს.
,,სამწუხაროდ, ხშირად, ჩვენ გარკვეულ საკითხებს ვუყურებთ ნაწილ- ნაწილ და არა მთლიანობაში. მთლიანობაში ქუთაისს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ანუ ქუთაისი და წყალტუბო, ქუთაისი და გელათი, ქუთაისი და მისი შემოგარენი, ქუთაისი თავისი ყველა უბნით და არამხოლოდ ცენტრით. ძალიან ბევრი რამ არის ქუთაისში და ეს მთლიანობა უნდა იყოს ნაჩვენები, თუკი ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ მისი ეს პოტენციალი. მჯერა, რომ აქ არის ძალიან ბევრი მიმართულებები, რომლებიც შეიძლება გაძლიერდეს,"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს საქართველოს კულტურის დედაქალაქის ნიშა და ამისათვის თავად აპირებს საქართველოს პარტნიორებთან გააძლიეროს მუშაობა, ქართული კულტურის მსოფლიო და ევროპულ ასპარეზზე უფრო მეტად წარმოსაჩენად.
"რადგან მიმაჩნია, რომ საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის ელჩი ვარ დ ა ჩემი ერთ-ერთი დანიშნულებაა მივიტანო ჩვენს პარტნიორებამდე ჩვენი კულტურა, გავაგებინო, რომ ეს კულტურა მსოფლიოს და ევროპის კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ახლახანს ვიყავი ბრიუსელში, ევროკავშირში გავმართე შეხვედრები. ძალიან ბევრი კუთხით ძალიან ახლოს ვართ გაწევრიანებასთან, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი წინააღმდეგობებია შიდა პოლიტიკური გარემოებების გამო, მაგრამ ჩვენი ერთადერთი გზა ევროკავშირია.
ამ პერიოდში, როცა ევროკავშირში პრობლემებია, ბერქსითისა და სხვა მიმართულებებით, ჩვენ ერთ-ერთი, რაც შეიძლება მოვოთხოვოთ, ეს არის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპის კულტურის სრულყოფილი წევრი. ეს ნიშავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ აღიარებული, როგორც ევროპული კულტურის მართლაც შემადგენელი ნაწილი",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, როცა საზღვარგარეთ ეცნობიან და ხედავენ ქართულ კულტურას, როგორც ეს მოხდა ფრანკფურტში, მაშინ არ ისმის კითხვა: - რატომ უნდა იყოს საქართველო მიღებული ამ კულტურულ წრეში.
"სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და არქეოლოგიის მიმართულებები. აქ იმყოფება პოლონეთის ელჩი და ძალიან მადლობელი ვარ, რომ დღეს გვესწრება ამ ღონისძიებაზე. იმიტომ რომ არსებობს პოლონურ- ქართული ერთობლივი არქეოლოგიური მისია, რომელიც დაარსდა ამ უნივერსიტეტში და რომელიც იკვლევს სწორედ ძველი კოლხეთის ტერიტორიას და მე მინდა შევთავაზო მათ, რომ ეს არქეოლოგიური ექსპედიციები ჩატარდეს პრეზიდენტის პატრონაჟის ქვეშ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის განცხადებით, წყალტუბო საქართველოს საგანძურია და მისი სანატორიუმები არქიტექტურით, ადგილმდებარეობითა და პარკებით ევროპის კურორტებსაც ვერ შეედრება.
,,ძალიან ბევრ რამეს ვუწუნებ საბჭოთა წყობას, მაგრამ ის ნაწილი, რაც დატოვა, ამ სანატორიუმების სახით, წყალტუბოში საგანძურია და დღეს უკვე შეიძლება ისტორიულ ძეგლად ჩაითვალოს. წყალტუბო ქუთაისის გარეშე ვერ იარსებებს და ქუთაისს სჭირდება მისი რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ზონა, მაგრამ არა მხოლოდ ჯანდაცვის კუთხით. ჩვენ არ უნდა განვიხილოთ წყალტუბო მხოლოდ როგორც სანატორიუმები. აქ არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ გაჩნდეს მართლაც მსოფლიო დონის და კატეგორიის სასტუმროები, რომლებიც არ იქნებიან სანატორიუმები, მაგრამ იქნებიან მიბმული ქუთაისზე. არ მომეწონა, რომ წყალტუბოში სანატორიუმების განხორციელებული პრივატიზაციის საინვესტიციო პირობები დარღვეულია და არ არის შესრულებული. ვიღაცებმა დაისაკუთრეს ადგილები და არც არაფერი გააკეთეს. ამ შენობებში შიგნით რა ხდება არავინ იცის", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი ქუთსისში პარლამენტის შენობაში საერტაშორისო საკონფერენციო სივრცის ფუნქციის მინიჭების ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ საერთაშორისო ფორუმების ჩასატარებლად აღნიშნულ შენობას ყველანაირი საჭიროება გააჩნია.
"ვერ ვხედავ, რომ პარლამენტის რამდენიმე დღით აქ ყოფნა დიდად აისახა ქუთაისის განვითარებაზე. ის შენობა 340 მილიონი ლარი დაჯდა და ამით აშენდებოდა არაჩვეულებრივი წყალტუბო, ვინმეს რომ ეფიქრა განვითარების კუთხით და არა რაღაცის საჩვენებლად. მაგრამ ეს წარსულია, ამას ვეღარ შევცვლით, სამაგიეროდ, ამ შენობაში, რომელსაც კარგად ვიცნობ შიგნიდან, შეიძლება მშვენივრად მოეწყოს საერთაშორისო საკონფერენციო სივრცე, რომელიც ძალიან გვაკლია საქართველოში. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გავხდი, უკვე ძალიან ბევრი შეტყობინება მივიღე. სურთ ფორუმის მოწყობა საქართველოში, ასეთი ადგილი და სივრცე, ბათუმის გარდა, არ არსებობს.
ქუთაისს აქვს ყველაფერი: აეროპორტი, მალე აეროპორტთან რკინიგზის გადაბმა მოხდება, გზა, რომელიც აშენდა და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც საკონფერენციო ცენტრისთვის არსებობს. ყველაფერია ამ შენობაში პრაქტიკულად, რაც საჭიროა.
შესაძლოა, ინვესტორები ამით ბევრად უფრო დაინტერესდნენ, თუ იქნება ეს მიბმა ქუტაისისა და წყალტუბოს ეკონომიკური მიბმა. მართლაც დაიტვირთება სასტუმროები ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციების საშუალებით“, აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათზე დგას დღეს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება.
"მე რაც ვნახე ამ რეგიონში ძალიან იმედისმომცემია. რეგიონების განვითარება მხოლოდ პატარა და მცირე ბიზნესზეა აგებული, ჩვენ ვერ დავბრუნდებით დიდი ფაბრიკების დროში, ეს გასულია. მაგრამ მცირე ბიზნესს, რომელიც ძალიან მოქნილია შეუძლია ძალიან სწრაფად ევროპულ დონეზე აიყვანოს თავი. ამის მაგალითები არის აქ- აღფრთოვანებული ვარ კომპანიით "ჰერბია", რომელიც სამაგალითოა - როგორ შეიძლება პატარა ოჯახური ბიზნესი გახდეს საშუალო და იყოს სამაგალითო რეგიონისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალები არიან ჩართულები ამ მიმართულებით და ეს არის ამ რეგიონის განვითარების ძალიან დიდი გზა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი თავის გამოსვლაში გეგუთის გზაზე დაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ არ შეიძლება საქართველოს კულტურის დედაქალაქში არსებობდეს ასეთი ადგილები.
"ვიცი, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად არსებობს პროექტი, ვიცი რომ ამაზე მუშაობენ და მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ეს მუშაობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, რადგან, ტურიზმის განვითარება, ქალაქის და კულტურის განვითარება, სხვაგვარად შეუძლებელია", - აღნიშნა პრეზიდენტმა