​პარიზში დიასპორას პრეზიდენტმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან დაკავშირებული რამდენიმე ინიციატივა წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
 
სალომე ზურაბიშვილი დიასპორასთან შეხვედრისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივით გამოვიდა. პრეზიდენტის აზრით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მრავალრიცხოვნობის გამო, აუცილებელია, ქართულ დიასპორას ჰყავდეს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.
 
"კომპეტენტურ უწყებებთან ერთად დავიწყებთ მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე, რაც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების პარლამენტში არჩევას. 
 
მსგავსი პრაქტიკა არსებობს ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, იტალიაში. იდეა მდგომარეობს შემდეგში: არსებულ საარჩევნო ოლქებს შესაძლებელია დაემატოს ერთი, ან მეტი საარჩევნო ოლქი (მაგალითად, ევროპა და აშშ), რომლებშიც კენჭს იყრიან ამავე ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები კანდიდატები.
 
ეს არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ არჩეული პარლამენტარები იყვნენ თქვენი ინტერესების დამცველები. ისე ვერავინ გაიგებს თქვენს სათქმელს, ინტერესებსა და პრობლემებს, როგორც ერთ-ერთი თქვენგანი, რომელიც იქნება თქვენი წარმომადგენელი პარლამენტში. იმედი მაქვს რომ ამ საკითხზეც მოვახერხებ პარლამენტში ჩემი კოლეგების დარწმუნებას," - განაცხადა პრეზიდენტმა.
 
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტული ქართველები ერთი მხრივ, დიდი ტკივილია და მეორე მხრივ, ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი კაპიტალი. პრეზიდენტის აზრით,  საქართველოს სახელმწიფო და პირადად, როგორც პრეზიდენტი, ვალდებულია, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს დიასპორას, რაც პირველ რიგში, ორმაგი მოქალაქეობის სრულყოფილად ამოქმედებას ნიშნავს.
 
"ბევრი ვიწვალეთ იმისთვის, რომ დაგვერწმუნებინა ადამიანები და შეცვლილიყო კონსტიტუცია, რომ ის აკრძალვა, რომელიც წლების მანძილზე არსებობდა მოხსნილიყო. დღეს ყველას შეუძლია, რომ იყოს საქართველოს მოქალაქეც და სხვა ქვეყნის მოქალაქეც. ეს არის ელემენტარული უფლება დღევანდელ მსოფლიოში, რაც პრაქტიკულად ყველა: ევროპულ, დასავლურ, განვითარებულ ქვეყნებში, ყველაგან მიღებულია.
 
სამწუხაროდ, მე უნდა ვაღიარო, რომ კონსტიტუციის ცვლილებამ ჯერ არ მოიტანა ის შედეგები, რასაც ველოდით და ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ ის დაპირება, რეალურად  შესრულდეს, ანუ გამარტივდეს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის და არდაკარგვის საკითხი. ამ დღეებში, უნდა  შევიტანოთ ახალი ცვლილება კანონში, იმისთვის, რომ ბევრად უფრო ადვილი იყოს ეს პროცესი ყველასთვის", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
 
მისი თქმით, მოქალაქეობა არის ის პირველი ნაბიჯი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ წლების განმავლობაში უცხოეთში წასულებმა არ დაკარგონ კავშირი სამშობლოსთან. 
 
"ვინც აქ, უცხოეთში დაიბადა, ან ჩამოვიდა კიდევ ახალგაზრდა, პატარა ასაკში, ისინი ნელნელა დაკარგავენ ამ კავშირებს, თუ არ არის ეს სამართლებრივი კავშირი - პასპორტი,  მოქალაქეობა"- აღნიშნა პრეზიდენტმა. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმის, შესახებ, რომ დიასპორისათვის თბილისში, ერთი ფანჯრის ფორმატის, მონაცემთა ბაზა შეიქმნას, სადაც დიასპორისათვის შესაძლებელი იქნება ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება. ვისაც სჭირდება სწავლა, მუშაობ, ბინის ქირა, ყველა ინფორმაცია რაც შეიძლება აინტერესებდეს დიასპორიდან ჩამოსულ ადამიანს უნდა იყოს ერთ ადგილას, ადვილი და ხელმისაწვდომი.
 
პრეზიდენტის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დასაქმების მსურველებისათვის გამოაქვეყნებს მარტის ბოლოს კონკურსს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის.
 
"ზაფხულში ვაპირებთ ავიყვანოთ სტაჟიორი დიასპორიდან, რომელიც დაგვეხმარება სხვადასხვა ინიციატივები წამოიღოს აქ და შემოიტანოს ჩვენთან ახალი იდეები. ბევრი ადამიანია, რომელიც ძალიან წარმატებულია სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად არიან ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც აქტიურად  მუშაობენ სხვადასხვა სფეროებში, ექიმები, ინჟინრები. ზოგი ჩამოდის და გვთავაზობს პროექტებს, ეს ყველაფერი ძალიან საჭიროა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
მისი თქმით, საქართველოს საელჩოების და საკონსულო დაწესებულებების მიმართ თხოვნაა, რომ კიდევ უფრო გააქტიურდნენ და გააღრმავონ მასპინძელ ქვეყანაში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობა.
 
"საჭიროა, საქართველოს მოქალაქეების უფრო აქტიურად ჩართვა ქართული კულტურის და საქარველოს პოპულარიზაციის პროცესში. საჭიროა, დიასპორის წარმომადგენლების მეტი ჩართულობა ქართული კულტურის დღეების, გამოფენების, სამეცნიერო კონფერენციების მოწყობაში," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო მსოფლიო ასპარეზზე უნდა წარმოჩინდეს არამხოლოდ ღვინოთი, საჭმლით და ტურიზმით, არამედ თავისი უნიკალური კულტურითაც.
 
"სწორედ ამაზე ვისაუბრებ საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას. ჩვენი ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საფრანგეთი უნდა იყოს საქართველოს კულტურის დამცველი ევროკავშირში და ყველანაირად მხარი უნდა დაგვიჭიროს და ხელი შეგვიწყოს, რომ საქართველო გახდეს ცნობილი იმით, რაც რეალურად გვაქვს. კულტურით ქართველები არიან მსოფლიოსა და ევროპისათვის არამხოლოდ საინტერესო, არამედ საჭიროც. პირველი კუთხე საიდანაც უნდა შევაღწიოთ ევროკავშირში ეს არის კულტურის კუთხე და ეს არის ჩემი მცდელობები", - განაცხადა საქარველოს პრეზიდენტმა.
 
პარიზში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიასპორებში მშობლიური ენის შენარჩუნების საკითხსაც შეეხო. პრეზიდენტის თქმით, განათლების სამინისტროსთან ერთად მუშავდება გეგმა, ქართული ენის დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით.
 
"ეს არის ქართული ენის სწავლების ერთ-ერთი ფორმა, რითიც შეგვიძლია დავეხმაროთ დიასპორას. ლონდონის საელჩოში მიმდინარეობდა ასეთი საპილოტე პროექტი. შესაძლებელია ამ მეთოდის გამოყენება. ასევე ჩემი ადმინისტრაციაც დაეხმარება დიასპორაში ქართული ენის შენარჩუნების ხელშეწყობას. ჩვენთან არსებობს ინიციატივა, რომ საქართველოში შეიქმნას ზაფხულის ახალგაზრდული ბანაკები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დიასპორიდან საქართველოში ჩასული ახალგაზრდები, რომლებიც იცხოვრებენ ერთად, გაიცნობენ ერთმანეთსაც და ქართველ თანატოლებსაც, ჩაუტარდებათ ქართულის გაკვეთილები და ისაუბრებენ ქართულად", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
 
საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანას მომავალი არ აქვს თუ რაღაც ფორმით საზოგადოების გაერთიანებას ვერ მივაღწიეთ. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ხვალ ერთნაირად ვიფიქრებთ ყველა პრობლემის მიმართ, მაგრამ ეს არც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ჩვენ არ ვიყოთ ერთიანი ქვეყნისათვის მთავარ საკითხებთან დაკავშირებით. 
 
"დღეს ჩვენ ვართ ქვეყანა თავისი ოკუპირებული ტერიტორიებით, ძალიან რთულ რეგიონში, რთულ მეგობრებს შორის. ჩვენ გვჭირდება შიდა ერთიანობა, იმისთვის რომ  მტერმა ვერ შეძლოს ჩვენი დაყოფა და შემდეგ ამის გამოყენება. კონსტიტუციით საზოგადოების გაერთიანება და გამთლიანება პრეზიდენტის  ერთ-ერთი მთავარი როლია", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.