- ბატონო პრეზიდენტო,
ბატონო გენერალურო დირექტორო,
პატივცემული მინისტრებო
დასაქმებულთა და დამსაქმებლების წარმომადგენლებო,,
ქალბატონებო და ბატონებო,
100 წლის წინ, ქაოსის ეპიცენტრსა და ამავე დროს სწრაფი სოციალური და ტექნოლოგიური ცვლილებების დასაწყისში, მსოფლიო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის მოწმე გახდა. ეს ინსტიტუტი მსოფლიოს დახმარებას ისახავდა მიზნად, რათა ნგრევიდან და იმედგაცრუებიდან, რომელიც ომმა მიანიჭა, მკვეთრი ცვლილება განეცადა და ადამიანის ღირსება და სოციალური სამართლიანობა მამოძრავებელ ძალად გარდაექმნა შერიგებისა და განვითარებისათვის - და ეს ასეც შეძლო.
1918 წელს, 100 წლის წინ და კიდევ უფრო ადრე, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა და 1920 წლის ადრეული პერიოდიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტმა კანონმდებლობის პირველი კომპლექტიდან მიიღო კანონი შრომითი ხელშეკრულების შესახებ, რომელმაც განსაზღვრა ყველა სახის ფუნდამენტური წესი დასაქმებისთვის - დასაქმებულთა უფლებების დაცვა, კოლექტიური ხელშეკრულებების დაშვება, შრომის სასამართლოები და შრომის ინსპექტირება.
მართლაც, 1921 წლის კონსტიტუცია იყო ერთ-ერთ უძველეს კონსტიტუციათა შორის, რომელიც შრომის უფლებების დაცვას ყოვლისმომცველად უზრუნველყოფდა. მან შეკრებისა და გაფიცვის უფლებების ცნება დანერგა, ასევე სახელმწიფოს ვალდებულება დაუწესა დასაქმების სააგენტოების შესაქმნელად და უმუშევართა მხარდასაჭერად. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ საქართველომ იმავე წელს მიმართა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას გაწევრიანების თაობაზე.
დღეს, არ შემიძლია, არ წავიკითხო წერილი, რომელიც, 1920 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ხელისუფლების მიერ იყო გამოგზავნილი. ჟენევის ასამბლეის გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობამ, ერთა ლიგაში მონაწილეობა სწორედ იმ უფლებით მიიღო, როგორც ლიგის სხვა ქვეყნების მთავრობებმა. განსაკუთრებული სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც შრომის საერთაშორისო ბიურო იმყოფება, რომლის პრეზიდენტი თქვენ ბრძანდებით, აღნიშნული წერილით, პატივი მაქვს საქართველოს მთავრობის სახელით, თქვენო აღმატებულებავ, მოგთხოვოთ საქართველოს აღნიშნულ ბიუროში სწრაფი გაწევრიანება. ზემოთაღნიშნული წერილი, ხელმოწერილია ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი გეგეჭკორის მიერ.
სამწუხაროდ, ცნობილმა ისტორიულმა მოვლენამ - საბჭოთა ოკუპაციამ - ჩვენი გეგმები 70 წლის ვადით გადაავადა და შრომითი უფლებები შრომითი ბანაკებით ჩაანაცვლა. თუმცა, ისტორიამ მეორე შესაძლებლობა მოგვცა და 1993 წელს მას შემდეგ, რაც 1991 წელს დამოუკიდებლობა ხელმეორედ მოვიპოვეთ, საქართველომ კვლავ მიმართა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას საბოლოოდ შეუერთდა.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ, შრომის ბაზარზე თამაშის წესები, უკანასკნელი 100 წლის მანძილზე შეცვალა და დღეს, შედეგად მსოფლიო სოციალური დიალოგის საშუალებით დასაქმებულთა უფლებების დაცვასა და სოციალური სამართლიანობის გაუმჯობესებას ხედავს სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებსაც ვიცავთ, თითოეულ ჩვენთაგანს გვავალდებულებს ვუზრუნველყოთ, რომ ყველა ადამიანს შრომის უსაფრთხო პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდეს, რაც თავისუფლებისა და ღირსების, ეკონომიკურ უსაფრთხოებისა და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპებს ემყარება.
მიუხედავად ამისა, ეს პრინციპები ქვეყნების უმრავლესობაში მიზნებია, რომლებიც კვლავ მისაღწევია.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების ძალისხმევაზე, შემოქმედებაზე და ცოდნაზე დგას.
ჩვენ ყველამ ვიცით თუ რამხელა ძალისხმევა ჩადო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ და თითოეულმა წევრმა ქვეყანამ, რათა ხელი შეუწყონ შრომის სათანადო გარემოს შექმნას და სამუშაო ძალისთვის ღირსეული პირობების შექმნას.
ამის მიუხედავად, ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი:
ერთობლივად წესებზე ვთანხმდებით, კონვენციებს ვიღებთ. ეს პრინციპები შემდეგ ეროვნულ კანონმდებლობაში ინერგება და ვცდილობთ მათ განხორციელებას - და ეს არის ურთულესი ნაწილი!
საქართველო არ არის გამონაკლისი. მე, როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც ამ კონფერენციაზე სიტყვით გამოდის, ვსარგებლობ შემთხვევით და მცირეოდენს გიამბობთ ჩვენი მიღწევებისა და სამომავლო გამოწვევების შესახებ.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციში გაწევრიანების შემდეგ, 18 კონვენციის რატიფიცირება მოვახდინეთ, მათ შორის, ყველა ფუნდამენტური კონვენციისასულ ახლახანს, 2018 წელს საქართველომ C144 სამმხრივი საკონსულტაციო კონვენციის რატიფიცირება მოახდინა.
საქართველოს უახლესი კონსტიტუცია, რომელიც 2018 წელს მივიღეთ, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ და შრომით უფლებებს უზრუნველყოფს. მუხლი 26, სამუშაო ადგილის არჩევის თავისუფლებას განსაზღვრავს; აგრეთვე, შრომით უსაფრთხოებასა და სხვა შრომით უფლებებს; პროფესიული კავშირების შექმნას და მათში გაერთიანებას; გაფიცვის უფლებასა და მეწარმეობის თავისუფლებას.
შრომის კოდექსი მუდმივად უმჯობესდება, რათა მოხდეს მისი მდგრადი განვითარების მიზნებთან,[L1] შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პრინციპებთან და ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზება და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა.
შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის მიღება ახლახანს მიღწეული წინგადადგმული ნაბიჯი გახლავთ. იგი დაცვის მაღალ სტანდარტებს ადგენს, ეფექტურ სანქციებს აწესებს, შრომის ინსპექტირების მანდატს აფართოებს და მიზნად ისახავს შრომის კულტურის შეცვლას. კანონი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ევროკავშირის შესაბამის დირექტივებს ასახავს. მთავრობა ახლა უკვე შრომის ინსპქტირების გაძლიერებაზე მუშაობს, რათა შესაბამისი სტანდარტების განხორციელება უზრუნველყოს.
საქართველოს მთავრობა და ქვეყნის პარლამენტი შრომის კოდექსის შემდგომ განახლებას ისახავენ მიზნად; აგრეთვე, პროფესიული კავშირების შესახებ კანონის, შრომის მედიაციისა და მინიმალური ხელფასის ოდენობის განსაზღვრას.
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ 2014 წელს მიღებული კანონი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის მოქალაქეთა თანაბარი მოპყრობის უფლებების უზრუნველსაყოფად, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დროს.
საბოლოოდ, ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო არის იმ მცირერიცხოვან ქვეყანათა შორის, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და ერთი თვის წინ შრომის თანასწორობისა და წინა-სახელშეკრულებო ურთიერთობებში, დასაქმებისა და სამუშაოს დაკავების დროს სექსუალური შევიწროების ცნება განსაზღვრა და აკრძალა.
ქალთა და კაცთა თანაბარი შესაძლებლობები და თანაბარი მოპყრობა არის ის პრინციპები, რომელიც მუდმივ ყურადღებას საჭიროებს. მე, როგორც ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი ამ საკითხს ჩემს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობად მივიჩნევ; ამასთან დაკავშირებით კანონმდებლობა საჭიროებს შემდგომ გადამუშავებას, მათ შორის სახელფასო განსხვავების, მასობრივი დათხოვნის, დროის ფიქსირებული ხანგრძლივობის ან დროებითი შრომითი ურთიერთობების და სამუშაო დროის ორგანიზების გარკვეული ასპექტების გადახედვას. თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი საქართველოში განვითარების პროცესშია: სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია (TSPC) 2013 წელს შეიქმნა. მთავრობა ქმედით ნაბიჯებს დგამს, რათა გაზარდოს კომისიის როლი ახალი ინიციატივების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში, მათ შორის რეგიონალურ დონეზე.
სწრაფი, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რომელიც ემყარება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე სრული და პროდუქტიული დასაქმების შესაძლებლობების გაძლიერება და ხელშეწყობა არის მაღალი დღის წესრიგის განხილვის საგანი და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი, როგორც საქართველოს 2020 წლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში გაცხადდა.
ამ მიღწევების მიუხედავად, საკანონმდებლო ნორმების პროგრესისა და ხელისუფლების მხრიდან აშკარა პოლიტიკური ნებისა ჩვენ კვლავ ვაწყდებით გამოწვევებს: უმუშევრობის მაღალი დონე; კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა. შრომის უსაფრთხოების სტანდარტს ჯერ კიდევ უნდა მივაღწიოთ. ინკლუზიურობა კვლავაც მიზნად რჩება.შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა - გამოცდილების გაზიარება, ახალი სტანდარტების დანერგვა - არის გზა ცვლილებებისკენ.ერთ-ერთი პასუხია ყურადღება გამახვილდეს პროფესიულ განათლებასა და გადამზადებაზე ყველა სამუშაოს მაძიებელთათვის. მოთხოვნად პროფესიებზე კვალიფიკაციის ამაღლება უნდა ვუზრუნველყოთ.
საქართველოს მთავრობამ გადაწვიტა, რომ მთავარ საბიუჯეტო პრიორიტეტად განათლება, კერძოდ კი პროფესიული განათლება და გადამზადება აქციოს.
ცირკულარული მიგრაციის საკითხები ჩვენი კიდევ ერთი პრიორიტეტია, როგორც მიგრაციის დაძლევის და საზღვარგარეთ დროებით ლეგალური დასაქმების მხარდამჭერი ინსტრუმენტი.
ცირკულარული მიგრაცია სარგებელს მოუტანს მიგრანტებს ორივე ქვეყანაში - როგორც წარმოშობის, ასევე მიმღებ ქვეყანაში. საქართველოსთვის ეს არის მექანიზმი რომ არარეგულარული მიგრაცია გარდავქმნათ და შევამციროთ და ამრიგად დავიცვათ შრომითი მიგრანტების უფლებები, ხელი შევუწყოთ უნარ-ჩვევების გაძლიერებას და ადამიანის შესაძლებლობების განვითარებას.
უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა ორმხრივი შეთანხმებების განვითრებაზე ამ სფეროში. 2018 წლის დეკემბერში მსგავსი შეთანხმება გაფორმდა საფრანგეთთან.
ცირკულარული მიგრაციის სქემების საპილოტე ვერსიები წარმატებით ხორციელდება პოლონეთთან და ქვეყნებმა, როგორიცაა ბულგარეთი, ესტონეთი, უნგრეთი, პორტუგალია, უკვე გამოთქვეს მზაობა თანამშრომლობაზე. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენას დროებითი ლეგალური დასაქმების მიმართულებით.
ვერც ერთი აღნიშნული საკითხი ვერ და არ მიიღწევა საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციისა და ევროკავშირის ტექნიკური და ფინანსური დახმარებისა და ორმხრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის პროექტების განვითარების გარეშე.
საქართველოს კარგად ესმის რომ საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის პრინციპებთან შესაბამისობა ჩვენს ქვეყანას უფრო დაახლოვებს ევროკავშირის სტანდარტებთან და ხელს შეუწყობს ჩვენი ინტეგრაციის შესაძლებლობას.
გარდა ამისა, საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის პრაქტიკის საქართველოში სრულად დანერგვა გულისხმობს შრომის ევროპული ხარისხის შემოტანას და ჩვენი მოსახლეობის სოციალურ დაცვას; ამრიგად, ხელს შეუწყობს მიგრაციისკენ სწრაფვის შემცირებას და ჩვენს დაახლოვებას ევროპასთან. ჩვენი მიზნები არის საერთო მიზნები.
***
ჩვენი მიღწევები, პროგრესი და ახალი უფლებები, სამწუხაროდ, არ არის ხელმისაწვდომი ჩვენი ქვეყნის სრულ ტერიტორიაზე და მთლიანი მოსახლეობისთვის.
როგორც იცით, საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანთა უფლებებისა და ჰუმანიტარული მიმართულებებით მძიმე მდგომარეობაა; შრომითი უფლებები არ არის გამონაკლისი.
ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამხედრო გაძლიერება, სასაზღვრო პუნქტების ჩაკეტვა, უკანონო პატიმრობა და გატაცება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ; გახშირებულია ეთნიკური ნიშნით ადამიანთა უფლებების დარღვევა, სიცოცხლის უფლების ჩამორთმევა, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, ისევე როგორც აფხაზურ, ოსურ ან ენებზე რუსიფიკაციის პოლიტიკიდან გამომდინარე, გადაადგილების თავისუფლების, ბინადრობის და საკუთრების უფლებების შეზღუდვა.
შეუძლებელია არსებული მდგომარეობის საერთაშორისო მონიტორინგი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც საქართველოს სრულ ტერიტორიაზე აქვს მუშაობის მანდატი, რუსეთის ფედერაციისგან არ აქვს ოკუპირებულ რეგიონებში გადაადგილების უფლება.
დეოკუპაციის მცდელობაში საქართველო დამოკიდებულია და საჭიროებს საერთაშორისო საზოგადოების, მრავალმხრივი ორგანიზაციებისა და სანდო პარტნიორებისგან მტკიცე მხარდაჭერას.
***
108-ე სესიის ფარგლებში კონფერენცია გლობალური კომისიის მუშაობისა და მოხსენების “შრომა უფრო ნათელი მომავლისთვის“ საფუძველზე საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის ასწლოვან დეკლარაციას მიიღებს.
კომისიამ, მის აღმატებულება ბატონი სირილ რამაფოსას და მის აღმატებულება ბატონი სტეფან ლოფვენის თანა-თავმჯდომარეობით და საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციის სამდივნოს მხარდაჭერით, მოამზადა მნიშვნელოვანი ანგარიში, რომელიც ხაზს უსვამს მთავარ გამოწვევებს - შრომის მახასიათებლების ცვლილებას ტექნოლოგიური ინოვაციების, კლიმატის ცვლილებების, მიგრაციის და გლობალიზაციის ასპექტებში.
გარკვეულწილად, საერთაშორისო შრომითი ორგანიზაცია დღეს იგივე რადიკალური გამოწვევების წინაშე დგას, როგორც ეს იყო ასი წლის წინ, მისი შექმნის დროს: ყალიბდება ახალი სამყარო, რომელიც განსაზღვრავს შრომის ახალი ბუნების ჩამოყალიბებას მომავალ წლებსა და ათწლეულებში.
არსებული ცვლილებების გათვალისწინებით, საერთაშორისო შრომითი ორგანიზაციისა და ჩვენი ყველასი მთავარი გამოწვევაა დავიცვათ ადამიანის ღირსება და სოციალური სამართლიანობა, ისე როგორც არასდროს.
საქართველო იზიარებს ანგარიშში გამოკვეთილ თითოეულ გამოწვევასა და მიზანს. ჩვენ ხშირად ინდივიდუალურად ვცდილობთ გავუმკლავდეთ ამ დაბრკოლებებს ჩვენი ხალხების განვითარებისა და ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ.
რეალურად, ამ მოცულობის გამოწვევების ეფექტურად დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების გზით.
ამიტომაც, 100 წლის წინ მსოფლიომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია შექმნა. ჩვენ მოვდივართ აქ და ვაცნობიერებთ, რომ ამ ბრძოლაში არ ვართ მარტო. აქ ჩვენ ცოდნასა და საუკეთესო პრაქტიკას ვუზიარებთ ერთმანეთს. აქ, ჩვენ ერთად ვფიქრობთ და ვპოულობთ ერთობლივ გამოავალს.
შემოთავაზებული მიდგომა „ადამიანზე ორიენტირებული დღის წესრიგი შრომის მომავლისთვის“ არის ერთადერთი, რომელიც არა მხოლოდ ათწლეულებს, არამედ კიდევ შემდგომ საუკუნეს გაუძლებს.
საქართველო დეკლარაციის სულისკვეთებას იზიარებს და წევრი სახელმწიფოების მიმართ მოწოდებას სრულად უჭერს მხარს. ჩვენი ქვეყნის მთავრობა და ქართველი ხალხი მზად ვართ მხარი დავუჭიროთ შრომის მომავლისთვის ადამიანზე ორიენტირებული დღის წესრიგის გაძლიერებას.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ ვულოცავ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას და მის ყოველ წევრს 100 წლის იუბილეს. ჩვენ დღემდე ერთად მოვედით და ამდენად, გისურვებთ წარმატებას თქვენ, ისევე როგორ საკუთარ თავს, მრავალი წლის განმავლობაში.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის!