საქართველოს პრეზიდენტმა, მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, თბილისში მიმდინარე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა და სიტყვით მიმართა:
პატივცემულო სტუმრებო,
პატივცემულო პარლამენტარებო,
ქალბატონებო და ბატონებო,
მივესალმები უცხოელ სტუმრებს. კეთილი იყოს თქვენ მობრძანება საქართველოში!
ვულოცავ მაკკეინის ინსტიტუტსა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს თბილისის საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების ტრადიციის შენარჩუნებას. ჩემთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა.
ჯონ მაკკეინის მემკვიდრეობა სცდება აშშ-ს საზღვრებს. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა მისი პატრიოტიზმის, სიმტკიცისა და ჭეშმარიტებისადმი თავდადების დადასტურებაა.
მე ამაყი და მადლიერი ვარ, როგორც ყველა ქართველი, რადგან ჯონ მაკკეინი ყველა პოლიტიკურ დონეზე საქართველოსთვის რთულ ვითარებაში ადვოკატირებას უწევდა ჩვენს ქვეყანას, როგორც აშშ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. რომ არა მისი ძალისხმევა, თავდადება და მხარდაჭერა ჩვენ არ გვექნებოდა რეფორმების განხორციელებისა და წინსვლის შესაძლებლობა.
საერთაშორისო კონფერენციის თბილისში ჩატარება მისი მემკვიდრეობის გაგრძელების მკაფიო გამოხატულებაა. ჩვენ ყველას გვახსოვს, როცა იგი 2008 წელს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, წუთიერად შეჩერდა, რათა სოლიდარობა გამოეხატა პატარა, მამაცი ქვეყნისათვის, რომელიც ძლევამოსილ, ატომური იარაღის მქონე მეზობლისაგან იცავდა თავს და დღესაც ცოცხალია გამოთქმა - ,,დღეს ყველანი ქართველები ვართ!“.
წლების განმავლობაში ის განაგრძობდა საქართველოს და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ჯონ მაკკეინს ესმოდა ჩვენი ტკივილი და იზიარებდა მას. ამისათვის მინდა მადლიერება გამოვხატო მის მიმართ და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, კონფერენციის მონაწილეებს, აქ მობრძანებისათვის, რაც უწყვეტი სოლიდარობის დადასტურებაა!
ეს ოკუპაციის 11 წელი და მძიმე ტრაგედიაა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ძალიან განიცდის. ხშირად გვავიწყდება, რომ მას წინ უსწრებდა 16 წლიანი ჯერ ღია, შემდეგ კი, გაყინული კონფლიქტები. ბევრი არაფერი შეცვლილა ამ დროის განმავლობაში, გარდა იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 % კვლავ ოკუპირებულია, ადმინისტრაციული ხაზი განუწყვეტლივ იცვლის ადგილს და გამშვები პუნქტები უმნიშვნელო მიზეზების გამო იკეტება, რაც ხელს უშლის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.
თითოეული ჩვენი მოქალაქე მოკლებულია ადამიანის უფლებების დაცვას, ჯანდაცვის შესაბამისი სერვისებით სარგებლობას. ზოგიერთისათვის აკრძალულია მშობლიურ, ქართულ ენაზე სწავლება, ისევე როგორც ზოგიერთებისათვის აკრძალულია აფხაზურ ან ოსურ ენებზე სწავლება.
ჩვენ ასევე მომსწრენი ვართ, გალში ქართველების მიმართ ეთნიკური ნიშნით გამოვლენილი გახშირებული დარღვევებისა.
ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე სოფლებიდან იტაცებენ საქართველოს მოსახლეობას, ითხოვენ გამოსასყიდს და ზოგიერთ შემთხვევაში აწამებენ და კლავენ მათ. ამის მიზეზად კი, ოფიციალურად არარსებული საზღვრის დარღვევა და უპატივისმცემლობა მოაქვთ.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები გაყინულია. ინციდენტების პრევენციის მექანიზმი ძალიან იშვიათ შემთხვევაშია წარმატებული ტექნიკური საკითხების მოგვარებაში.
ამ ორივე ფორმატის მოლაპარაკებები, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, მუდმივად იშლება.
მიმდინარე ზაფხულმა, 20 ივნისის მოვლენებმა - საქართველოს მოსახლეობის სპონტანურმა რეაქციამ და მისი უფრო ღრმა და ფართო გაღიზიანების გამოხატულებამ, აჩვენა ამ სტატუსქვოს ლიმიტი.
საზოგადოების არც ერთი ნაწილი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობა არ უნდა შეეგუოს ამ გაყინულ ვითარებასა და ჩვენი მოქალაქეების გამყოფ ხაზს, რაც ჩვენთვის განუკურნებელ ღია ჭრილობას წარმოადგენს.
ჩვენ ვხედავთ, რომ მდგომარეობა უფრო და უფრო მყიფე ხდება - მეტი პროვოკაცია, მეტი მძევლები, მეტი ინციდენტი ეს სიტუაცია ნებისმიერ დროს შესაძლოა კიდევ გამწვავდეს. ჩვენი პასუხისმგებლობა, უპირველესად, ვითარების გამწვავებისა და პროვოკაციების აცილებაა. საქართველოს პასუხი პროვოკაციებზე ორმხრივია.
პირველი იყო - შერიგებისა და გაერთიანებისათვის არსებული ყველა ღია გზის შენარჩუნება. ჩვენ გვჭირდება, განვაგრძოთ ვითარების მშვიდოებიანი გადაჭრის გზების ძებნა. ჩვენ გვჭირდება, მოვძებნოთ ჩვენი მოქალაქეების გაჭირვებისაგან გამოსაყვანი გზა. ეს ყველაფერი ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ნაწილია.
ჩვენი პოლიტიკა იმ მშვიდობიანი ნაბიჯებისაგან შედგება, რომლებიც მიმართულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისაკენ. განათლების და ჯანდაცვის პროგრამებისა და ბიზნესშესაძლებლობებით ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ კავშირები მათთან.
ამ მიმართულებით ჩვენი პოლიტიკა თავშეკავებულობის პოლიტიკაა. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად, საოკუპაციო ხაზთან საქართველოს შეიარაღებული ძალები არ არის განლაგებული. ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად განთავსებულია მხოლოდ საპოლიციო ძალები. ჩვენ ჩვენი ნებით, ვთქვით უარი ძალის გამოყენებაზე. ჩვენ ვართ ერთადერთი მხარე ვინც ეს გააკეთა.
ჩვენი პასუხია არშეგუება! არ უნდა მივცეთ ნება კონფლიქტსა და ოკუპაციას გავლენა მოახდინოს ჩვენი ბედის თავისუფალ განსაზღვრაზე.
ჩვენი პასუხია - ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, ეკონომიკური განვითარება და ზრდა, დემოკრატიული განვითარება არჩევნებიდან არჩევნებამდე, სტაბილურობა, ტოლერანტობა, ჩვენ შევინარჩუნეთ სტაბილურობის კუნძული პრობლემურ რეგიონში და ჩვენ არაფერს არ უნდა მივცეთ უფლება, რომ გადაგვახვევინოს ამ გზიდან. ასეთია ჩვენი სიმტკიცე და ეს სიმტკიცე ჩვენი გამარჯვებაა! ჩვენ არ უნდა მივცეთ დესტაბილიზაციის მცდელობებს ჩვენს მოთმინებაზე გამარჯვების უფლება. თუმცა უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის.
ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ ეფექტიან დიპლომატიაზე. ძალა არ არის გამოსავალი. საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი სამხედრო ძალის მქონე, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ გიგანტს უპირისპირდება, ქვეყანას, რომელმაც აჩვენა, რომ თავისი მიზნების მისაღწევად მზადაა ძალა გამოიყენოს.
ჩვენთვის ვითარების მშვიდობიანი გადაწყვეტა უალტერნატივოა. დიპლომატიის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს.
2008 წელი აჩვენებს იმას, რომ ჩვენ სამხედრო დაპირისპირებას ვერ მოვიგებთ. თუმცა იყო პატარა არ ნიშნავს შეეგუო ბედისწერას. ვიცი, რომ საქართველოს შეუძლია იპოვოს გამოსავალი. ეს რწმენა, ნაწილობრივ, ჩემი წარსულიდან მოდის. ქართული ემიგრაციას, რომელსაც 70 წლის განმავლობაში არასოდეს შეჰპარვია ეჭვი საქართველოს დამოუკიდებლობაში. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, შევძელი და 2005 წელს წარმატებით დავასრულე მოლაპარაკებები რუსეთთან, საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ. აქედან გამომდინარე, ვიცი, რომ წარმატებას ორი პირობა აქვს - საერთაშორისო მხარდაჭერა და ეროვნული ერთობა.
შესაბამისად, გვჭირდება, რომ ვიმუშაოთ ორი მიმართულებით: პირველი - უნდა გავითავისოთ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალი გზა და არ მივცეთ პოლიტიკურ კონიუნქტურას უფლება შეგვიყვანოს ილუზიებში.
რეალიზმი და ამბიცია - ეს არის ამ გარდამავალ პერიოდში, ჩვენი პოლიტიკა ბრიუსელში - ევროკავშირსა და ნატოში.
ჩვენ გვესმის ის ობიექტური სირთულეები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ნაკლებობა, როგორც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ასევე ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილებები საქართველოს ნაკლოვანებებით და პროგრესის სიმცირით არ არის განპირობებული.
მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია ამ რეალობას დროებით შევეგუოთ, ვართ ამბიციურები და უნდა დავინახოთ კონკრეტული პრაგმატული დაახლოება კონკრეტული პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის, რათა ვაცოცხლოთ ჩვენი მამოძრავებელი ძალა და ჩვენი ხალხის იმედი.
ჩვენ აქტიურად უნდა ჩავრთოთ ჩვენი პარტნიორები კონფლიქტის გადაჭრის საკითხში.
ჩემი არჩევის შემდეგ, ჩემი კონტაქტების გამოყენებითა და ვიზიტებით აქტიურად ვმუშაობ საერთაშორისო რუკაზე და პარტნიორების გონებაში საქართველოს დასაბრუნებლად, რათა გავცდეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არსებულ ფორმალურ დეკლარაციებს. ეს არ არის საკმარისი. ეფექტიანი დიპლომატია უფრო მეტია.
მაშასადამე, ჩნდება საჭიროება, რომ ახალი ძალა მივცეთ ჟენევის ფორმატს, აღვადგინოთ მისი პოლიტიკური მასშტაბი და განზომილება, იმისათვის, რომ დავიწყოთ შინაარსობრივი დისკუსია - პოლიტიკურ ხასიათის დისკუსია მინისტრების და არა ექსპერტების დონეზე.
ჩვენ უნდა შევქმნათ ფორმატი კონფლიქტის გადასაწყვეტად და არა მის სამართავად.
შესაბამისად, ჩნდება საჭიროება ჩვენმა პარტნიორებმა კვლავ დააყენონ საქართველოს საკითხი რუსეთთან ფორმალური და არაფორმალური დისკუსიებისას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და შეახსენონ მას აღებული ვალდებულებები, ასევე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, კონკრეტულად კი, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე დეესკალაციის თაობაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სადამკვირვებლო საქმიანობა განახორციელოს მთელ ოკუპირებულ რეგიონებში.
ამით უნდა დავიწყოთ!
შეგვიძლია განვიხილოთ დამატებითი ფორმატები. მაგალითად, რატომ არ შეიძლება ჰყავდეს აშშ-ს, ან ევროკავშირს წარმომადგენელი საქართველოსა კონფლიქტების საკითხებში, ისევე როგორც ესაა უკრაინის შემთხვევაში.
ჩვენ უნდა მოვძებნოთ გზები ნაკლებად ფორმალური პლატფორმის შესაქმნელად, რათა აღვადგინოთ ნდობა და აუცილებელი სივრცე პროგრესისათვის.
მთავარია, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, შევქმნათ დინამიკა და თავიდან გავაჩინოთ პერსპექტივა, რათა არ დავუშვათ, რომ უკრაინის უახლესმა კონფლიქტმა გადაფაროს, გააფერმკრთალოს, ნაკლებად აქტუალური გახადოს და გარკვეულწილად, დღის წესრიგიდან ამოაგდოს საქართველოს საკითხი.
თუმცა ეფექტიანი დიპლომატია მყარ და რაციონალურ საფუძვლებზე უნდა იყოს დამყარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად.
დღეს უკვე ისაუბრეს, მმართველი და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ქართული დემოკრატიის მომავალსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. დარწმუნებული ვარ, რომ მოისმინეთ ბევრი განსხვავებული აზრი და ეს ძალიან ჯანსაღი პროცესია.
მხარეები შესაძლოა, ბევრ რამეში ფუნდამენტურად არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს, რაც საქართველოსათვის ბუნებრივია, მაგრამ მჯერა, რომ ყველას ერთი რამ გვსურს - შევქმნათ უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისათვის!
ეს მომავალი უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიულ ღირებულებებს, ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სოციალურ უსაფრთხოებას.
ამისათვის ჩვენ ჩვენი უძველესი ღირებულებებისერთგულნი უნდა დავრჩეთ. ტოლერანტობა დღემდე საქართველოს კულტურისა და საზოგადოების ერთ-ერთ ძლიერ უძველეს ღირებულებად რჩება და ამის დასტურია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში არსებული რელიგიური მრავალფეროვნება. ასევე, ეროვნული უმცირესობების მდგომარეობა, რომლებიც სარგებლობენ ენობრივი და კულტურული თავისუფლებით. ამის კიდევ ერთი მაჩვენებელია, ქართველებისა და ებრაელების 27 საუკუნოვანი მეგობრობა. თუნდაც ის ფაქტი, რომ ომსა და ოკუპაციას არ შეუცვლია ქართული სტუმარმასპინძლობა მილიონ-ნახევარი რუსი ტურისტის მიმართ. და ის, რომ არც ერთი ინციდენტი არ დაფიქსირებულა, საბოლოოდ აქარწყლებს რუსეთის წუხილს საქართველოში არსებულ ე.წ. საფრთხეებთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც დაწესდა ავიაშეზღუდვები.
მაგრამ ტოლერანტობა, როგორც ერთმანეთის მიმართაც ასევე, პოლიტიკაშიც უნდა გამოვავლინოთ. ეს კი არ არის მარტივი.
ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დღეს ქვეყნის შიგნიდან მოდის. ჩვენ არ ვართ ერთადერთი, ვინც საზოგადოების შიდადაყოფისა და პოლარიზაციის პრობლემების წინაშე დგას. ეს ის საკითხებია, რომლებთან გამკლავებაც გამოცდილ დემოკრატიებსაც კი უჭირთ, ჩვენი დონის დემოკრატიისათვის კი დამანგრეველია.
შესაბამისად, ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება არა იმაზე რაც გვყოფს, არამედ იმაზე, რაც გვაერთიანებს.
მშვიდობიანი გზით საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები და ამ მიმართულებით პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა არის ის, რის გარშემოც უნდა გავერთიანდეთ.
ცვლილება რთულია, ის დროს მოითხოვს. ჩემს პირად გამოწვევად და მიზნად მივიჩნევ გავუძღვე და გამოვიყვანო ქართული საზოგადოება საბჭოთა მენტალიტეტის ნანგრევებიდან. ერთ-ერთი გზა ამ მიმართულებით კონსოლიდაცია და ინსტიტუციების პატივისცემაა, რაც მთლიანად სახელმწიფოში გაზრდის სტაბილურობასა და თავდაჯერებულობას.
ერთ დღესაც საქართველოს მოუწევს გაიაროს ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის გზა, რათა გაითავისოს ისტორია, წარსული და შემდეგ თაობებს მომავლის ასაშენებლად მყარი საფუძველი დაუტოვოს. მაგრამ ეს დრო ჯერ არ დამდგარა. დღეს ამ პროცესებმა შესაძლოა, უფრო დაგვყოს ვიდრე გაგვაერთიანოს. ამიტომ უნდა ვკონცენტრირდეთ უახლოეს მომავალზე. შევეცადოთ, რომ მომავალი საარჩევნო წელი იყოს არა პირადი შეურაცხყოფების, არამედ პოლიტიკური კონკურენციის. საზოგადოება დაიღალა. მას პერსპექტივა სჭირდება და არა ჩათრევა დაუსრულებელ კონფრონტაციაში.
მედიასივრცე განიცდის ტრანსფორმაციას და არა შევიწროებას, როგორც ეს ხშირადაა წარმოჩენილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრანსფორმაცია და ახალი მაუწყებლების შექმნა იძლევა შესაძლებლობას შევთანხმდეთ ქცევის წესებზე, თვითრეგულირებაზე - სიძულვილის ენისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ და ვკონცენტრირდეთ საერთო ბრძოლაზე, რადგან, არც ერთი საზოგადოება არ შეიძლება შედიოდეს საარჩევნო პროცესში დეზინფორმირებული, არ შეიძლება საზოგადოებას წაართვა შესაძლებლობა იყოს ინფორმირებული.
როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მუშაობის პირველივე დღიდან, ჩემი საინაუგურაციო სიტყვიდან მხარეებს შერიგებისაკენ მოვუწოდებ. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება არ მეპასუხა არც ერთი მხარის შემოტევისათვის და არ ჩავრეულიყავი პოლიტიკურ ორთაბრძოლებში და დღესაც მზად ვარ შევთავაზო ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა ყველა პოლიტიკურ მხარეს და საზოგადოებას, რათა განსხვავებების მიუხედავად, ერთად გადავჭრათ არსებითი საკითხები.
საჭიროების შემთხვევაში, ასევე მზად ვარ ამ საკითხებში ჩავრთო უცხოელი პარტნიორები და თქვენ. თქვენ შეგიძლიათ იყოთ მიუკერძოებლობის გარანტი, რომელიც სამწუხაროდ, კვლავ გვჭირდება ერთმანეთის ნდობისთვის.
ჩვენ გვაქვს საშინაო და საგარეო გამოწვევებით აღსავსე გზა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზის ბოლოს არის ის საქართველო, რომელზეც ყველა ვოცნებობდით და ვოცნებობთ.
ჩვენ და თქვენ აუცილებლად ვნახავთ ძლიერ და აყვავებულ საქართველოს!