საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პრეზიდენტის სასახლეში, გიორგობის დღესასწაულზე საქათველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი მეომრების დაჯილდოებისას

მოგესალმებით,
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურო,
მოგესალმებით თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარევ,
თავდაცვის მინისტრის მოადგილევ,
მოგესალმებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოადგილევ და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარევ,
ბატონო გენერლებო, ოფიცრებო და ვეტერანებო,
ჩვენი დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებო,
პატივცემულო სტუმრებო!
 
დღეს გიორგობის დღესასწაულს ვზეიმობთ და მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს დღე. ვულოცავ მთელ საქართველოს.
 
განსაკუთრებით გილოცავთ ამ დღესასწაულს საქართველოსთვის ომში დაღუპული ჩვენი მეომრების ოჯახის წევრებსა და ვეტერანებს.  
თქვენ ყველაზე კარგად იცით სამშობლოს, მშვიდობისა და ერთიანობის ფასი.
 
სამშობლო ის უმაღლესი ღირებულებაა, რისთვისაც ჩვენი გმირები იბრძოდნენ. თავდადებისთვის მზადყოფნის გარეშე  მშვიდობა დაუცველია. ომშიც და მშვიდობაშიც მხოლოდ ერთიანობა გვაძლიერებს და გვამარჯვებინებს.
 
მშვიდობა თითოეული თქვენგანის მონაპოვარია. აქ შეკრებილი საზოგადოება იმ ღირებულებებს განასახიერებთ, რომლითაც ჩვენმა ქვეყანამ ყველა განსაცდელს გაუძლო და დღემდე მოვიდა. თქვენ განასახიერებთ იმ სულისკვეთებას, რომელზეც დგას ქართული ეროვნული ენერგია.
 
ძალიან ნიშანდობლივია, რომ წმინდა გიორგი საქართველოს სახელმწიფო გერბზეა გამოსახული. წმინდა გიორგი, როგორც გამარჯვების, სიმართლის ზეიმის სიმბოლო, ჩვენი სახელმწიფოს არსს წარმოაჩენს. საქართველო ხომ, საუკუნეებია, სწორედ ამ გზით მოდის - ბრძოლებითა და  საბოლოოდ, მაინც -  გამარჯვებით.
 
დღეს შევიკრიბეთ იმისათვის, რათა გამოვხატოთ პატივისცემა საქართველოსთვის თავდადებულთა მიმართ. ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის დიდი პატივია, დავაჯილდოვო აფხაზეთში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრები. სიკვდილის შემდეგ, დღეს 24 ადამიანი დაჯილდოვდება სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოთი.
 
მათ შორის, დღეიდან გვეყოლება კიდევ ერთი, ეროვნული გმირი ავთანდილ იოსელიანი. მე ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე.
 
ამ ჟესტით დღეს სახელმწიფო კიდევ ერთხელ გამოხატავს მოწიწებას თავისი გმირების მიმართ.
 
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამშობლოსათვის დაღუპულთა მიმართ პატივისცემა თაობიდან თაობაში გადადიოდეს. ქვეყნის მომავალი ამ მეხსიერებაზე შენდება; ერის მთავარი ღირებულებების შენარჩუნებისა და სახელმწიფოს გაძლიერებისთვის სწორედ ამ მეხსიერებას სჭირდება გაფრთხილება.
 
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულებიდან 26 წელი გავიდა. დიდმა ტკივილმა და მსხვერპლმა ვერ უნდა დაგვხიოს უკან, პირიქით, მომავალზე სწორება - ესაა ჩვენი მთავარი გზა გამარჯვებისკენ, ოკუპაციის დაძლევისკენ, მავთულხლართების დარღვევისკენ, აფხაზებთან და ოსებთან შერიგებისკენ და ამ გზით საქართველოს გამთლიანებისკენ.
 
შერიგება იქნება ჩვენი მთავარი გამარჯვება, რაზეც უნდა დაშენდეს გამთლიანებული საქართველოს მომავალი.
 
დღეს საქართველო კიდევ ერთხელ გადის მისთვის უკვე ჩვეულებრივ გამოცდებს: კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მისი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია. კიდევ ერთხელ იჩინა თავი შიდა დაქსაქსულობამ, დაპირისპირებამ; ჭარბობს შური და ღვარძლი, რაც ესოდენ ასუსტებს სახელმწიფოს და მხოლოდ მტერს თუ გაახარებს.
 
დღეს კიდევ ერთხელ ებრძვიან ეკლესიას, რომლის ირგვლივაც ქართველები ყოველთვის იკრიბებოდნენ და იკვრებოდნენ განსაცდელის დასაძლევად; ებრძვიან ეკლესიას, რომელზეც იდგა და დგას საქართველოს დამოუკიდებლობა.
 
ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ, დღეს განსაკუთრებით, მოვუწოდო ყველას: დაპირისპირების დრო არ არის, მით უმეტეს მაშინ, როცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყოველდღიური გამოწვევების წინაშე ვართ; როდესაც ვხედავთ, თუ როგორ იყენებს ზოგი ჩვენს დღევანდელ დასუსტებას. დაპირისპირების დრო არ არის  მაშინ, როდესაც ცხინვალში ჩვენი ღირსეული ექიმის გათავისუფლებისთვის უნდა იყოს მიმართული ჩვენი საყოველთაო ძალისხმევა და ეს ამოცანა უნდა გვაერთიანებდეს.
 
მინდა მოვუწოდო ყველას: პარლამენტში - იქ, სადაც საამისო ადგილია, მოინახოს გამოსავალი, რომელიც, ალბათ, ყველას ვერ დააკმაყოფილებს, მაგრამ შესაძლებელს გახდის  დაძაბულობის განმუხტვას.
 
და, რაც მთავარია, მოვუწოდებ ყველას, გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კოდექსზე, რათა ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება სამართლიანი არჩევნების გზით, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება. ეს იქნება გამარჯვება, ეს იქნება გიორგობის გამარჯვება.
 
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას გიორგობას! მისი მადლი გფარავდეთ თქვენ და მთელ საქართველოს!