პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლონელ და შვედ პარტნიორებს ამ ინიციატივისათვის, რომელმაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა ევროკავშირთან. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ინსტიტუციურ სიახლოვეს, აქ საუბარია კულტურისა და საზოგადოების სიახლოვეზე. ამან განამტკიცა ჩვენი დემოკრატიული განვითარება. დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავიზო რეჟიმი, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება, საშუალება გვაქვს ევროკავშირთან ერთად მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვანი, პოლიტიკური გადაწყვეტილებები და უფრო დიდი საზოგადოებისა და დიდი ოჯახის წევრად ვგრძნობთ თავს. ჩვენ გვესმის, რომ გვაქვს ერთნაირი მისწრაფებები, საზიარო ღირებულებები და სოლიდარობა, ამასთან, ვგრძნობთ სრულ პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა, ვპასუხობთ უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით არსებულ სირთულეებს. მეტი დემოკრატიის, მეტი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად უნდა მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის კონსოლიდაცია. უფრო საიმედო და ნათელი მომავალის მისაღწევად, ეს ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს და განმტკიცდეს, რათა გადავლახოთ უფრო პრობლემური ეტაპები, სხვადასხვა იურიდიულ, თუ ეკონომიკურ სფეროებში.
ჩვენ არ უნდა ვიცადოთ კიდევ შემდეგი ათი წელი. მე ასე არ ვფიქრობ, ასეთია ჩემი პირადი რწმენა და ინტუიცია. ევროკავშირში ინტეგრაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად, კრეატიულად უნდა ვიაზროვნოთ, რაღაც ახლებური, არაორდინალური გზები გამოვნახოთ, ამისათვის ახალი ინსტრუმენტები და ახალი ტიპის ძალისხმევა გვჭირდება. სხვა ალტერნატივა საქართველოს, მის ხელისუფლებასა და მის მოქალაქეებს არ გააჩნიათ. ჩვენი მიზანი ახალი კონსტიტუციისთვის ახალი პირობების და ახალი ჩარჩოს შექმნაა. მე ამ დოკუმენტის - კონსტიტუციის გარანტორი და დამცველი ვარ. ჩვენი კონსტიტუცია ევროსკეპტიკური ტალღის მიმართ მდგრადია და იმედი მაქვს, მომავალშიც ასეთად დარჩება. საქართველო აღიარებს ევროკავშირთან საზიარო ღირებულებებს - კულტურულ ფასეულობებსა და მომავალის ხედვებს. რა თქმა უნდა, ევროკავშირთან დაკავშირებით არსებობს სირთულეები და გამოწვევები, რომლებიც შიდა და გარე ფაქტორებითაა განპირობებული. ევროკავშირსაც თავისი სირთულეები აქვს - შიდა და გარე კრიზისები. რაღა თქმა უნდა, ჩვენ ვიზიარებთ ამ სირთულეებს, მათ შორის პოლარიზაცია, რომლებიც ბევრი ქვეყნისათვის საერთოა და არც საქართველოა აქ გამონაკლისი.
ქვეყანაში პოლარიზებულია საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და მედია. მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გავხდი ვცდილობ ეს პოლარიზაცია დავძლიოთ და გადავლახოთ. პოლარიზებული საზოგადოება ვერ გადალახავს სირთულეებს. გაყოფილი საზოგადოება ვერ დაძლევს ეგზისტენციალურ პრობლემებს, მით უმეტეს, როდესაც იგი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ის ვერ დაძლევს ამ ოკუპაციის პრობლემას და ვერ მიიღებს პარტნიორების სრულ მხარდაჭერას. გაყოფილი საზოგადოება ვერ იპოვის პოლიტიკურ გამოსავალს; ვერ ჩაერთვება პოლიტიკურ დიალოგში, დიალოგი კი აუცილებელია: პოლიტიკურ ძალებს, ყველა შესაბამის აქტორსა და დაინტერესებულ პირს შორის; არსებული მოლაპარაკებების ფორმატები სხვა პოლიტიკურ დონეზე უნდა ავიდეს, ამას ალტერნატივა არ აქვს. ჰუმანიტარულ საქმეებზეც კი, პროფესიული ვალდებულების შესრულებისას, 1 თვის წინ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მაგალითზე ვხედავთ, რომ ვერც ჟენევის და ვერც სხვა ფორმატები გამოსავალს ვერ პოულობს და თავს ვერ ართმევს ამ პრობლემას ბიუროკრატიულ დონეზე. ექიმები პოლიტიკური საზღვრების გარეშე უნდა იყვნენ. პარტნიორობა ევროკავშირის პოლიტიკური მოთამაშეების ჩართულობით პოლიტიკური გამოსავლის მოძებნას გულისხმობს. არ უნდა მოხდეს არსებული პრობლემების ესკალაცია.
სტაბილურობა აუცილებელია როგორც საქართველოსათვის, ასევე რეგიონისა და ევროპისთვისაც. არავის ინტერესებში შედის ესკალაცია, განსაცდელით სავსე სამყაროში. რუსეთის ოკუპაციის დასაძლევად ყველამ ერთად უნდა შევიმუშავოთ უფრო ეფექტიანი გზები და საშუალებები. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისათვისაც უნდა ვუზრუნველვყოთ ოთხი ძირითადი უფლების განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის. ვერ დავასრულებ ამ სიტყვას იმის გარეშე, რომ არ გთხოვოთ თქვენც, რადგან ეს არის თხოვნა, რომლითაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივმართავ. დღეს, 9 დეკემბერს, ერთი თვე გავიდა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შემდეგ. მინდა თხოვნით მოგმართოთ ასამბლეას, რომ შემოგვიერთდეთ ამ ჩვენს მიმართვაში, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. იმედი მაქვს, აქ ყველა შეუერთდება და გაიზიარებს ამ მიმართვას. დღეს ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება ამ ადამიანის გათავისუფლებაა.