საქართველოს რეგიონების გაძლიერების მხარდაჭერასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის პრიორიტეტის შესაბამისად, პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი წელსაც რეგიონში გაიმართა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას ქრისტეშობის დღესასწაული გორიდან მიულოცა.
"მინდა ყველას მოგილოცოთ შობა-ახალი წელი და გისურვოთ ბედნიერება! პირველ რიგში, მინდა მივულოცო ეს დღე ყველა იმ ბავშვს, რომელიც ამ ზეიმს ესწრება და ვისურვო მათ დაწყნარებულ, გაერთიანებულ და გამთლიანებულ ქვეყანაში ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, ასეთი იქნება მათი საქართველო, თუ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ გორში ვიმყოფებით. იმ სოფლებთან ახლოს, რომლებიც დღეს ყველაზე რთულ მდგომარეობაში არიან და ქვეყნის გამთლიანებას ელოდებიან. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივ მოსახლეობას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გორის ცენტრში გამართულ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა ასევე, გორის თეატრის მსახიობებმა, გორის ფოლკლორულმა ანსამბლებმა, გორის ქალთა კაპელამ და გორის გოგონათა გუნდმა.
პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმზე მისულ ბავშვებს საშობაო საჩუქრები დაურიგდათ.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, შარშან პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი ზუგდიდში ჩატარდა.