საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტს მიმართა

- მოგესალმებით, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
პატივცემულო დეპუტატებო!
პირველ რიგში, მინდა, მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.
ქრისტე აღდგა!
 
ასევე, მინდა ჩემი სამძიმარი გამოვთქვა იმ ოჯახების მიმართ, რომელთა წევრებიც (დღეს ახალი შემთხვევა მოხდა) ამ ეპიდემიის დროს გარდაიცვალნენ.
 
ასევე, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მოვახსენო მადლობა ჩვენს საზოგადოებას, რომელმაც გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, მოსალოდნელი რისკები და  მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მაგალითი გვაჩვენა.
 
ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ამ დარბაზში შევიკრიბეთ და, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. 
 
საგანგებო მდგომარეობის საშუალებით ჩვენ შევძელით პირველ ეტაპზე ვითარების მაქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის დაცვა უკიდურესი გართულებებისგან.
 
ეს, ერთი მხრივ, მთავრობის დროული და ეფექტიანი ნაბიჯების, ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობისა და მეორე მხრივ, ჩვენი ექიმების დაუღალავი ძალისხმევის პირდაპირი შედეგია.
 
ამიტომ მე მგონი, რომ არ შეიძლება, რომ ამ დროს, ექიმებისა და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდადებული ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები. ეს ჩვენ არ გვეკადრება.
 
ყველა მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღემდე ვინარჩუნებთ სხვებთან შედარებით დაბალ მაჩვენებლებს და ვიმსახურებთ მაღალ საერთაშორისო შეფასებას. ამის კიდევ ერთი მაგალითია გუშინდელი ჩემი საუბარი გაეროს გენერალურ მდივანთან, ბატონ გუტიერეშთან. მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს; კერძოდ, ხაზი გაუსვა იმას, რომ სწორედ  წინსწრებით მიღებულმა ზომებმა განაპირობა პირველ ეტაპზე მიღწეული წარმატებები. ამით ყველა უნდა ვამაყობდეთ.  
 
თუმცა, ახლა, როცა პიკის ფაზაში შევდივართ, ასეთი შეფასებების მიუხედავად, თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ. მოდუნება არ შეიძლება, პირიქით, - ყველამ ვიცით, რომ დაწყებული შიდა გავრცელება სიტუაციის უფრო დამძიმებას გამოიწვევს. 
 
მთავარია, შიდა გავრცელების ზრდის ტემპი დარჩეს კონტროლქვეშ და ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს. მთავარია, ყველა მძიმე პაციენტის მკურნალობა იყოს შესაძლებელი, მათთვის იყოს ადგილები, როგორც აქამდე შევძელით. 
 
ყველა მონაცემიდან გამომდინარე, ამ სიტუაციის მართვისთვის აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება. დღეს ამისათვის შევიკრიბეთ.
 
ამ გადაწყვეტილების გარშემო, ისევე, როგორც ერთი თვის წინ, უნდა ვიყოთ ერთიანი, რათა საზოგადოებამ ბოლომდე გააცნობიეროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეორე ეტაპის ისევე წარმატებულად მართვა, როგორც ეს პირველ ეტაპზე შევძელით.
 
დღეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობაზე განსხვავებული აზრი ვერ იქნება. ყველამ უნდა დავუჯეროთ ჯანდაცვის ექსპერტებს, ექიმებს და ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო რეკომენდაციებით და პრაქტიკით.
 
ზოგიერთი ანტიკრიზისულ გეგმას ახლავე ითხოვს. ამ გეგმის აუცილებლობაშიც ყველა ვთანხმდებით, თუმცა ეს ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნა არ უნდა გახდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შეფერხების მიზეზი. 
 
დღეს პოპულიზმისა და ცრუ დაპირებების დრო არ არის. კრიზისიდან გამოსვლა ყველა ქვეყანაში მძიმე და რთული იქნება. 
 
არავის, თუნდაც ძალიან მდიდარ და ჩვენზე ბევრად მდიდარ ქვეყნებს, არ აქვთ არც მზა ფინანსური რესურსები, არც სასწაულმოქმედი კომპლექსური ანტიკრიზისული გეგმა. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ შეძლო და ერთ-ერთმა პირველმა მიმართა საერთაშორისო საფინანსო და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს. 
 
ჩვენი დამაჯერებელი ნაბიჯების საპასუხოდ  მივიღეთ ფინანსური დახმარების პირველი მასშტაბური ნაკადი, რომლის საფუძველზე მუშავდება სწორედ კრიზისის დაძლევის გეგმა. 
 
ამ დღეებში მთავრობისგან ამ გეგმის პრეზენტაციას ველოდებით და მაქვს მოლოდინი, რომ იგი  უპასუხებს იმ მოქალაქეებისა და საწარმოების საჭიროებებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ.
 
სოლიდარობისთვის ყველა მზად უნდა ვიყოთ.
 
სწორედ იმისათვის, რომ სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის  სიმძიმე შევამციროთ და ჩვენს მოსახლეობაზე მისი შედეგები შევამსუბუქოთ, საჭიროა, საგანგებო მდგომარეობა დღეს შენარჩუნდეს, რადგან სამაგიეროდ, შეზღუდვების ნაადრევ მოხსნას შეეძლო გამოეწვია უდროო და დიდი საფრთხეები. კერძოდ მეორადი აფეთქება, რის შედეგადაც ზომების კიდევ უფრო გამკაცრება დაგვჭირდებოდა. ასეთი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. 
 
შესაბამისად, ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოვეცი ბრძანება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ბრძანების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდება 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით. ამავე ვადით გაგრძელდება არსებული დეკრეტის მოქმედება, რომელიც ხაზს ვუსვამ, არ ითვალისწინებს დამატებით შეზღუდვებს. 
 
ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ქვეყანას ვაძლევთ საშუალებას, წარმატებულად გავიაროთ რთული გზა, ბრძოლის დასრულებამდე. აქამდე ჩვენ გადავდგით სამაგალითო ნაბიჯები; შევძელით და საგანგებო მდგომარეობა  არ გასცდა თავის მიზანს, - შეზღუდვები არ შეეხო მაგალითად, სიტყვის და მედიის თავისუფლებას; მინიმალურად შეეხო (სხვა ქვეყნებს შევხედოთ) ადამიანის უფლებებს, კერძოდ - გადაადგილებისა და შეკრების უფლებას.
 
ასევე, ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებამ უარყოფითი გავლენა არ იქონიოს საკონსტიტუციო ცვლილებების დროულ მიღებაზე და, მაშასადამე, საარჩევნო კალენდარზე და ჩვენ დემოკრატიულ სვლაზე.
 
ძალიან დიდი იმედი მაქვს, მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ შესაძლებელია, პატარა ქვეყანამ მისცეს არამხოლოდ ჯანდაცვის კრიზისის დაძლევის, არამედ ეკონომიკური კრიზისიდან ახალი პოტენციალით გამოსვლის და, ამავე დროს, სოლიდარობის საუკეთესო მაგალითი. ეს იქნება ჩვენი - ყველას ნამდვილი გამარჯვება.