"კოვიდკრიზისი საქართველოსათვის, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ქვეყნებისათვის, რთული გამოცდილება იყო. თუმცა, მან გარკვეულწილად გამოგვცადა და ვიტყოდი, რომ ჩვენ ეს ტესტი ჩავაბარეთ. მან გამოსცადა ჩვენი ნდობა და დემოკრატია. ჩვენ შევძელით სწორად გვემართა ნდობის სამკუთხედი - მცოდნე ეპიდემიოლოგები, ეფექტური ხელისუფლება და პასუხისმგებლიანი საზოგადოება.
ამ გამოცდას ვერ ჩავაბარებდით, ხელისუფლების მიერ ჯანდაცვის სექტორის მცოდნე ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებებისა და საზოგადოების მხრიდან ამ გადაწყვეტილებებში ნდობის არქონის გარეშე. საქართველო პატარა ქვეყანაა. სწორედ ამ სამკუთხედის ეფექტიანმა შესრულებამ მიგვაღებინა შესაბამისი შედეგები. თუმცა, ჩვენ თავშეკავებულები უნდა ვიყოთ ამ წარმატების შეფასებისას, რადგან, არავინ იცის როგორ განვითარდება შემდგომში მოვლენები. ჩვენ ასევე გამოვცადეთ ჩვენი დემოკრატია და ვფიქრობ, მოვახერხეთ პროპორციული ზომების მიღება და მრავალი სხვა ქვეყნისაგან განსხვავებით, საგანგებო მდგომარეობის დროს სრულად არ ჩავკეტეთ ქვეყანა: ჩვენ გვქონდა მსუბუქი კომენდანტის საათი, იზოლაცია და პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, კარანტინი მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში მოქმედებდა, საგანგებო მდგომარეობა დროულად მოიხსნა და ამ ყველაფრის ერთობლიობამ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აღიარება მოგვიტანა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პროცესებმა გაზარდა საზოგადოების თავდაჯერებულობა და ასეთ გადაუდებელ სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობები. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება, მრავალი საუკუნის განმავლობაში, გამძლეობას იჩენდა საომარი მდგომარეობების მიმართ. ამჯერად, კი, ჩვენ საგანგებო სიტუაციების მიმართ გამოვცადეთ ჩვენი გამძლეობა. ჩვენ სრულად ვაფასებთ ევროკავშირის, საერთაშორისო საზოგადოებისა და ფინანსური ორგანიზაციებისაგან მიღებულ ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას. ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია ევროკავშირის მიერ საქართველოს შეყვანა 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში.
ეს იმის ნიშანია, რომ საქართველო და ევროპა ერთმანეთისათვის მხოლოდ სამოგზაურო ადგილი არაა, ეს ჟესტი სოლიდარობის ნიშანიცაა, რომელიც ვაქცინის გამოგონებასთან ერთად, მომავალშიც უნდა შენარჩუნდეს და თითოეულ ქვეყანას თანაბრად უნდა ჰქონდეს მასზე წვდომა. ჩვენ თავი უნდა დავიცვათ ნებისმიერი სახის შიდა, თუ გარე კამპანიისაგან, რომელიც მომავალი ვაქცინებისა და ჯანმრთელობის რეკომენდაციების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ჩემი აზრით, ეს ჩვენს წინაშე არსებული საერთო გამოწვევაა.
მინდა პატივისცემა გამოვხატო ქართული ჯანდაცვის სისტემის მიმართ, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა პანდემიის პერიოდში. ხაზგასასმელია, რომ ჯანდაცვის სისტემის ეს წარმატება გამონაკლისი არაა. ის ერთ-ერთია საქართველოს მრავალი წარმატებიდან. იქნება ეს ჯანდაცვის უნივერსალური სისტემა, თუ C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა.
ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მრავალმა მიმართულებამ კოვიდკრიზისზე მნიშვნელოვანი რეაგირება შეძლო. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ განსაახლებელია ჯანდაცვის სისტემის გარკვეული მიმართულებები. ყველასათვის ცნობილია, რომ ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ბავშვთა ონკოლოგიას, პირადად ვარ დაინტერესებული ამ საკითხით.
ასევე, ხაზგასასმელია ლუგარის ლაბორატორიის მუშაობა - მათი შრომა პანდემიის თითოეულ ეტაპზე დასაფასებელი იყო და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, წინ აღვუდგეთ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ფეიკ ნიუსებითა, თუ რეალური შეტევებით მიზნად ისახავს ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციას. ჩვენ, უნდა შევინარჩუნოთ შედეგები და თავიდან ავიცილოთ მეორე ტალღისა და მკაცრი ზომების მიღების რისკი.
სიფრთხილე გვმართებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთბაშად არ გავხსენით საზღვრები, რეგიონში არსებული მდგომარეობის გამო თავი შევიკავეთ სახმელეთო საზღვრების გახსნისაგან და არ მიგვიღია გადაწყვეტილება სექტემბერში სკოლების გახსნასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლასთან ერთად შევძელით წინსვლა - ეს უკვე პოლიტიკური წარმატების ისტორიაა. მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები. მიუხედავად საკმაოდ დაძაბული და რთული დასაწყისისა, პროცესი, როგორც შემოდგომაზე დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობაა, თავის პოზიტიურ დასასრულამდე მივიდა.
ისევე როგორც კოვიდთან ბრძოლა, წარმატება პოლიტიკურ სფეროშიც ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგია. დამაკმაყოფილებელი შედეგისა და კონსენსუსის მიღწევაში დიდი წვლილი მიუძღვის დიპლომატიური საზოგადოებისა და ფასილიტატორი ელჩების პირდაპირ ჩართულობას.
სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის როლი იყო დროული, რათა მომხდარიყო იმ სიტუაციის პრევენცია, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო რაიმე ფორმის დესტაბილიზაციის შესაქმნელად, რაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააზიანებდა.
სწორედ, შიდა სტაბილურობაზე ზრუნვა და დეპოლარიზაციისაკენ სვლა იყო და მომდევნო საარჩევნო პერიოდშიც დარჩება ჩემს მთავარ მიზნად და ორიენტირად. ახალი ბალანსი პარლამენტში პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეულ წევრებს შორის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) რეკომენდაციების შესრულება და დამატებითი ცვლილებები (ყველაზე დაბალი ბარიერი, კვოტები ქალებისთვის, დაფინანსების ახალი სისტემა) უზრუნველყოფს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების გარემოს. საერთო ჯამში, კოვიდს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებისათვის ხელი არ შეუშლია.
ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მან ხელი არ შეუშალოს და გავლენა არ იქონიოს ასევე, მომავალ საარჩევნო კალენდარზე. პერსონალურად ვიმუშავებ იმის უზრუნველსაყოფად, რომ თითოეული მოქალაქე იყოს ინფორმირებული ხმისმიცემისა და უსაფრთხოების პირობების შესახებ და არჩევნებზე მისვლისას თავი დაცულად იგრძნონ. მე ვიცი, რომ პარლამენტი, ჯანდაცვის სექტორთან ერთად, უკვე მუშაობს საარჩევნო უბნებსა და ამომრჩევლებისათვის უსაფრთხოების პირობებზე, იმ ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელთაც კოვიდის პირობებში ჩაატარეს არჩევნები. ეს წარმატება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზეა და მომავალი რამდენიმე თვე მარტივი და არჩევნებისაკენ სწორხაზოვნად მიმავალი გზა იქნება.
კოვიდის მიუხედავად, კვლავ არის გამოწვევები. სამწუხაროდ, აღინიშნება გარკვეული მოძრაობები, რომლებმაც შესაძლოა, გავლენა იქონიონ ქვეყანაში სტაბილურობაზე. მე უკვე ვახსენე თავდასხმები ლუგარის ლაბორატორიაზე, რომელიც პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის ქვაკუთხედი იყო. მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად აჰყავთ მძევლები, გრძელდება ბორდერიზაცია და გამშვები პუნქტების დაუსრულებლად გახსნა - დაკეტვა, რაც უკიდურესად მწვავე ჰუმანიტარულ მდგომარეობას უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ადმინისტრაციულ ზოლზე მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას.
პანდემიის მიუხედავად, ადმინისტრაციულ ხაზზე განახლებული დაძაბულობა მიანიშნებს იმას, რომ დეესკალაციისა და კონფლიქტის გადაჭრის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდება არ იქნა გათვალისწინებული. მაწუხებს, რომ ქვეყნის მიერ კოვიდის სამაგალითო მართვა, მისი აღსანიშნავი დემოკრატიული პროგრესი, მისი სტაბილურობა რეგიონში - შესაძლოა, ყველას არ მოსწონდეს და მე ძალისხმევას არ დავიშურებ და ზედამხედველობას გავუწევ, რომ ამ მიღწევებს არ შეექმნათ საფრთხეები არც ქვეყნის შიგნიდან და არც ქვეყნის გარედან. როგორც ქვეყნის სტაბილურობის გარანტი, ჩემს პირად პასუხისმგებლობად მივიჩნევ ნებისმიერი მსგავსი მცდელობის პრევენციას.
მე აუცილებლად ვიქნები ამ ბრძოლის წინა ხაზზე და საჭიროების შემთხვევაში მოგმართავთ თქვენ. თქვენც მოგიწოდებთ, რომ გამოიჩინოთ უდიდესი ყურადღება იმ ნებისმიერი მცდელობის მიმართ, რომელიც საქართველოსა და მის ძირითად პარტნიორებს შორის უნდობლობისა და გაუგებრობის შექმნას ისახავს მიზნად.
თქვენ, როგორც უცხო ქვეყნების წარმომადგენლებმა, ამ პერიოდში უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ყურადღება უნდა მიაქციოთ თუ როგორ არის ქართველი საზოგადოებისათვის მიწოდებული თქვენი კომენტარები და თქვენი ქვეყნის რეაქციები; ჩვენ გვესმის ენასთან და ზოგ შემთხვევაში, თარგმანთან დაკავშირებული პრობლემები. მსურს, რამდენიმე მაგალითი წარმოგიდგინოთ, თუ როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია ასეთ გაუგებრობებს ჩვენს ურთიერთობასა და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე. აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტში კანონპროექტის ბოლოდროინდელი განხილვა და გარკვეული ცვლილებები საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ "სანქციებად" წარმოაჩინეს.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს დამახინჯებული წარმოჩინებაა და დღეს ნამდვილად არ არსებობს სანქციების საფუძველი - მდგომარეობა საპირისპიროა. ჩვენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მადლიერები ვართ. ისინი, მათ შორის აშშ-ის საელჩო საქართველოში, ზემოთ აღნიშნული განვითარებების მიმართ პატივისცემას იჩენენ. თუმცა, ასეთი ფორმულირება და არასწორი წარმოჩინება, ჩვენს ქვეყნებს შორის ჰარმონიული და მჭიდრო ურთიერთობებისათვის საზიანოა და მხოლოდ ჩვენი პარტნიორობის დასუსტების მსურველთა წისქვილზე ასხამს წყალს.
ამ საკითხსაც აუცილებლად გავაკონტროლებ. კიდევ ერთი, მსგავსი მაგალითი - არის მცდელობები, რომ პანდემიასთან დაკავშირებით ევროკავშირში მოგზაურობის რეგულაციები წარმოაჩინონ, როგორც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობა. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების თავდაპირველ და შემდგომ სიაში რომ არ მოხვედრილიყო, ეს მტრულ გადაწყვეტილებად წარმოჩინდებოდა, რასაც მოსახლეობაში იმედგაცრუების დათესვისათვის გამოიყენებდნენ.
ნათელია, რომ ასეთ ქმედებებს, რასაც ვერ დავარქმევდი ფეიკნიუსებს, თუმცა ვუწოდებდი დამახინჯებულ სიახლეებს, ერთი საერთო მიზანი აქვთ: მოახდინონ საქართველოს მოსახლეობაში ძირითადი პარტნიორების მიმართ უნდობლობის გენერირება, რაც მტკიცე მიზანდასახულობის დასუსტებას ემსახურება, რომელიც მოიცავს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და რეგიონში მშვიდობიანი ურთიერთობებს. ცრუ, ან დამახინჯებულ ახალი ამბებს მიღმა ასევე, არის რეალური ამბებიც, რომლებიც მიზნად ისახავს ურთიერთობების შეფერხებას.
ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა უკრაინასთან. ამ ქვეყანასთან ვიზიარებთ საერთო წარსულსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ამ პარტნიორობის დასუსტების ნებისმიერი მცდელობა, ამ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ევროკავშირი თავისი მომავლის ფორმირების პროცესის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული წევრების ადგილისა და მათი მომავლის გადახედვას გეგმავს, მხოლოდ დაასუსტებს ჩვენს ორ ქვეყანასა დასაქართველო-უკრაინის გავლენას ამ გადამწყვეტ განხილვაში.
საქართველოს მთავრობის მიმართ პროვოკაციული ტონი, რომელიც ასევე შეიცავს ხელისუფლების არალეგიტიმურად დახასიათებას და მომდინარეობს უცხო ქვეყნის სამსახურში მყოფი, უცხო ქვეყნისმ ოქალაქისგან, უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. მინდა თქვენ და თქვენი საშუალებით თქვენს ხელისუფლებებს მოგმართოთ, მოახდინოთ ზომიერი და საგულისხმო გავლენა, წაახალისოთ გარკვეული რაციონალურობა, რათა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა ორივე სახელმწიფოს საერთო ინტერესების გათვალისწინებით წარიმართოს.
პირადად მე მზად ვარ, შესაძლებლობისთანავე განვახორციელო დიდწილად კოვიდის მიზეზითა და შესაძლოა, არა მხოლოდ ამის გამო გადადებული ვიზიტი, შევეცადო ჩვენი ურთიერთობებისა და ჩვენს შორის არსებული ტრადიციული მეგობრობის განახლებას. ასეთი ურთიერთობა აუცილებელია ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი საერთო გზისა და ასევე, შავი ზღვის პროექტების განახლებული მნიშვნელობის ფონზე, რომელიც დამოკიდებულია საქართველოს, უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის თანამშრომლობაზე.
ასევე, არსებობს კოვიდთან დაკავშირებული გრძელვადიანი ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები. ყველამ ნახეთ ხელისუფლების მიერ შემუშავებული სხვადასხვა გეგმა, რომლებიც მზადყოფნაშია ეკონომიკურად და სოციალურად რთულ შემოდგომასთან გასამკლავებლად, რაც სავარაუდოდ დიდხანს გასტანს. ჩვენ ქართული ეკონომიკის განახლების ახალი გზები უნდა ვიპოვოთ. ეკონომიკა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ტურიზმზე, ცხადია დღევანდელ მსოფლიოში ეკონომიკის აღდგენის კუთხით დამატებით გამოწვევებს ქმნის. ვხედავთ, რომ დღევანდელ მსოფლიოში, ამ ეტაპზე, ვერ შევძლებთ ტურიზმის ჩვეულ ფარგლებში დაბრუნებას. ამიტომ, საქართველომ უნდა იპოვოს ახალი მიმართულებები და განვითარების ახალი სექტორები. თავის სასარგებლოდ გამოიყენოს გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები, წარმოების ქსელის გადანაცვლება.
ასევე, მოგვიწევს ტრადიციულ ინდუსტრიებსა და სექტორებთან დაბრუნება, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში, შესაძლოა, უგულებელყოფილი იყო ტურიზმის გამო, რადგან ის ქმნიდა საქართველოში ეკონომიკურ აქტივობას. ასე რომ, ეს აერთიანებს ჩვენ ქვეყნებს. ეს ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რათა ამ პერიოდში განვაგრძოთ ჩვენი მსხვილი პარტნიორებისაგან სოლიდარობისა და მხარდაჭერის მოპოვება.
მიუხედავად ჩვენს წინაშე არსებული რეალური გამოწვევებისა, საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე ვთვლი, რომ ჩვენ წავალთ თავისუფალი არჩევნების მიმართულებით, რაც საქართველოს დემოკრატიის ახალი ეტაპი იქნება. ეტაპი, რომელიც ნათლად წარმოაჩენს თუ რა მიმართულებით მიდის საქართველო. საქართველო იქნება უფრო ძლიერი, მიუხედავად იმისა რომ მოგვიწევს ეკონომიკურ გამოწვევებთან შეჭიდება და განახლებული მიზანდასახულობით გადავალთ შემდეგ ეტაპზე - ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
რადგან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და რადგან მცირეოდენი ვიცი ევროკავშირის ისტორიის შესახებ, დარწმუნებული ვარ, რომ ამჟამინდელი მრავალმხრივი კრიზისიდან მეტად ძლიერი და გაბედული ევროკავშირი აღმოცენდება და როდესაც ეს მოხდება, საქართველო მზად იქნება გააქტიურებული პარტნიორობისათვის განავითაროს საკუთარი ხედვა და განახლებული პერსპექტივები, უფრო მეტი კონკრეტული ნაბიჯებით - ამას ვუმეორებ ჩვენს ყველა ევროკავშირელ პარტნიორს; ჩვენ გვჭირდება მეტად კონკრეტული ნაბიჯები, ნაბიჯები, რომლებიც თვალსაჩინო იქნება ჩვენი მოსახლეობისათვის.
როგორც უკვე განვაცხადეთ, და გავიმეორებ, ჩვენ დავაკაკუნებთ ყველა კარზე და ჩვენი საბოლოო მიზნისკენ მიმავალ გზაზე არ დავტოვებთ გადაუბრუნებელ ქვას.
ჩვენ ასევე უნდა განვაგრძოთ სვლა ნატოსკენ. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ გადადო ნატოს გარკვეული აქტივობები, (მათ შორის მნიშვნელოვანი - Defender Europe), ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ვნახავთ მეტ წვრთნებს, ვარჯიშებსა და აქტივობებს მომავალ წლებში. ასევე, თანაბარი მნიშვნელობის იქნება თუ როგორ შეძლებენ საქართველო, ევროკავშირი და ნატო საერთო ძალისხმევით შავი ზღვა გახადონ კავშირის, თანამშრომლობისა და სტაბილურობის ზღვა.
ეს კონკრეტული წამოწყება იქნება, ის რაც მოსახლეობას აჩვენებს, რომ ვუახლოვდებით ალიანსს და ევროპის კონტინენტს. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების განმტკიცება, რაც ნატოსთან და საგარეო სამხედრო მისიებთან თანამშრომლობის ქვაკუთხედია.
საქართველოს საშინაო და საგარეო მიღწევების მიღმა ჩვენი მომავალი, რეგიონის სტაბილურობას უკავშირდება. მინდა მოვუწოდო ჩვენს ორ მეზობელსა და მეგობარს მათ შორის არსებული დაძაბულობა მშვიდობიანი გზით გადაჭრას. ეს დაძაბულობა ნეგატიურად აისახება მთელ რეგიონსა და მის შესაძლებლობებზე. თურქეთთან ჩვენი სტრატეგიული და ეკონომიკური კავშირები რეგიონული სტაბილურობის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება.
განგრძობადი სტაბილურობისათვის საქართველოს გადაწყვეტილება, უარი თქვას ძალის გამოყენებაზე, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ შევეგუოთ ჰუმანიტარულ ტრაგედიებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამშვები პუნქტების დაკეტვასა, თუ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლიდან ადამიანების მძევლად აყვანას.
ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ასეთ სტატუსკვოს, უნდა მივისწრაფოდეთ დეესკალაციისაკენ ჩვენს ხელთ არსებული ერთადერთი საშუალებით, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას და ყველა მნიშვნელოვან პარტნიორს შორის დიალოგს გულისხმობს. ამის მანიშნებელი იქნება ის, თუ რუსეთი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უფრო ფართო არეალზე მუშაობის საშუალებას მისცემს.
ეს იქნება მცირე, მაგრამ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის იმპლემენტაციისა და ნდობის აღდგენისაკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. რის გარეშეც დიალოგისაკენ მოწოდებები საფუძველს მოკლებულია. დაბოლოს, კოვიდპანდემიამ მსოფლიო აიძულა საკუთარი თავისათვის შეეხედა და არჩევანი გაეკეთებინა იზოლაციასა და გლობალურ სოლიდარობას, კონფლიქტსა და გლობალურ სოლიდარობას შორის.
ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს არჩევანი ნათელია - ეს არის სოლიდარობისა და მშვიდობის არჩევანი.
გმადლობთ!