პატივცემულო საზოგადოება,
ისტორიული თვალსაზრისით, 25 წელი თვალის ერთი დახამხამებაა, თუმცა ეს საუკუნის მეოთხედია და მოიაზრებს თაობათა ცვლას.
გენდერული თანასწორობის კუთხით პროგრესი დააჩქარა პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის მიღებამ. მას შემდეგ, ჩვენ მომსწრენი გავხდით, რომ შესრულდა ქალთა გაძლიერების დაპირება, როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ დონეზე.
გენდერული თანასწორობა საქართველოსთვის ახალი არაა. 100 წელზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ქალებს ხმის მიცემის უფლება მიანიჭა და ხუთი ქალი პარლამენტის წევრად აირჩია. 2018 წელს კი, საქართველომ რეგიონში პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია. უფრო მეტიც, იმავე წელს კონსტიტუციის ახალ ცვლილებებში წარმოდგენილი თანასწორობის მუხლი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფომ არ უნდა დაიშუროს ძალისხმევა და რესურსები, მათ შორის სპეციალური ზომები.
ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველომ შეიმუშავა კანონმდებლობა და პოლიტიკა:
- ქალთა მიმართ ყველანაირი ძალადობის ფორმის აღმოფხვრაზე,
- ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისათვის - საქართველომ შეინარჩუნა თავისი პოზიცია იმ 34 ერს შორის, რომელიც ასრულებს ყველა ვალდებულებას,
- ადრეული ქორწინების აღმოფხვრასა და სხვა მავნე პრაქტიკებზე;
- პოლიტიკაში ქალთა თანასწორი მონაწილეობისათვის კვოტების დაწესებაზე.
ამ წლების განმავლობაში საქართველომ წარმოაჩინა თავისი ძლიერი ჩართულობა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების კუთხით, აშკარა წინსვლა განიცადა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და გოგონათა განათლებისა და აკადემიური მიღწევების მიმართულებით. თუმცა, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერებისათვის, არაფორმალურ ეკონომიკასა და მოწყვლად დასაქმებაში ჩართული ქალებისათვის და ბოლო [თუმცა არა უკანასკნელი], გენდერული ნიშნით ანაზღაურების სხვაობის აღმოსაფხვრელად.
COVID-19-ს მიმდინარე პანდემია სერიოზული გამოწვევაა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების, მათ შორის, მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის, განხორციელების გადადების რისკს შეიცავს. ვინაიდან გლობალურად და ინდივიდუალურად ვაყალიბებთ მდგომარეობიდან გამოსვლის პოლიტიკას, ჩვენ ზედმიწევნით უნდა განვიხილოთ ქალებისა და გოგონების ჩართულობა და ხელი შევუწყოთ მათ აქტიურობას. მაშინ, როდესაც ვცდილობთ რესურსების მობილიზებას, სამუშაო ადგილების შექმნას, კლიმატური ცვლილების მოგვარებასა და ადამიანის შესაძლებლობების გაზრდას, გენდერზე ორიენტირებულმა ბიუჯეტმა სრულიად ახალი მნიშვნელობა შეიძინა.
ჩვენ უნდა განვაგრძოთ იმ არასასურველ სოციალურ სტერეოტიპებთან ბრძოლა, რომლებიც ასაზრდოებენ უთანასწორობასა და დისკრიმინაციას. ჩვენ ვსაუბრობთ ქალებსა და გოგონებზე და ვცდილობთ გავაუმჯობესოთ მათი ცხოვრება. თუმცა თუ ჩვენ არ ჩავრთავთ კაცებსა და ბიჭებს, ჩვენს მცდელობებს არ ექნება სასურველი ეფექტი. ტრადიციულ სტერეოტიპებთან გამკლავებისა და უკეთესი, დაბალანსებული საზოგადოების შექმნისათვის, ბიჭებისა და გოგოებისათვის განათლების მიცემა ერთადერთი შესაძლო და მდგრადი გამოსავალია.
მსოფლიო იცვლება და ჩვენ ყველა ინოვაციური გამოსავლების ძიებაში ვართ. არსებული კრიზისის გადალახვის მთავარი შემადგენელი ნაწილი ქვეყნებს, საზოგადოებებს, გენდერსა და თაობებს შორის სოლიდარობა და თანამშრომლობაა.
მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენ პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის ერთგულნი ვრჩებით და გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას 25 წლის წინ დადებული პირობის შესასრულებლად.
იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოებები უკეთ განვითარდეს, უნდა გადავაქციოთ COVID-19-ს მიერ შექმნილი სირთულეები შესაძლებლობებად და პეკინის დეკლარაციისა და მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგები ერთმანეთს მჭიდროდ დავუკავშიროთ.
ქალთა გაძლიერებაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა გავიხსენო მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგი, რომლის როგორც ქალთა უფლებებისათვის ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მებრძოლის მემკვიდრეობა, განაგრძობს სიცოცხლეს. ქალები მას არ დაივიწყებენ.
გმადლობთ!