საქართველოს პრეზიდენტი - ერის გაცოცხლება და მისი დამოუკიდებელ, სუვერენულ, თავისუფალ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება არის გამარჯვება ოკუპაციაზე, გამარჯვება არა მხოლოდ მტერზე, არამედ დროსა და ისტორიაზე, ტრაგედიასა და უსამართლობაზე!

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

„100 წელი გავიდა ქვეყნის ოკუპაციიდან, იმ დღიდან, როცა რუსეთის მე-11 არმიამ მდუმარე თბილისში რუსთაველის გამზირზე ჩამოიარა და დაიწყო 70 წლიანი მონობის ბნელი პერიოდი.


ეს დღე სახელმწიფოს მიერ გლოვის დღედ არის გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 წლის შემდეგ ჩვენს მეხსიერებაში ისევ ცოცხლობს თითოეული გმირი, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა და იცავდა სამშობლოს დამოუკიდებლობას სამფეროვანი დროშის ქვეშ.

საქართველო მარცხს არ შეჰპუებია. ის არ შეეგუა ოკუპაციას. შეუპოვრობა ჩვენი ერის უკვდავებისა და გამძლეობის გენეტიკური ნიშანია.

იმთავითვე, ოკუპაციის შემდგომ წლებში - 1922, 23, 24 წლებში, საქართველოს ყველა კუთხეში ქართველი ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას განაგრძობდა მანამდე, სანამ სასტიკმა ტოტალიტარულმა მანქანამ ერის ხმა არ ჩაახშო, თუმცა დროებით. 1956, 1978, 1989 წლები ეროვნული ენერგიის გაღვიძების თარიღებია.

საქართველო ოკუპაციას არ შეეგუა და საკუთარი იდენტობა და მეობა კულტურის დაცვასა და განვითარებაში გადაიტანა. ამ წლების თავისუფალი სული ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, შალვა ქიქოძისა თუ ქეთევან მაღალაშვილის ტილოებშია, ევგენი მიქელაძის მუსიკაში, პეტრე ოცხელის შემოქმედებაში, გალაკტიონისა თუ პაოლოს პოეზიაში, სწორედ ისინი არიან დამოუკიდებლობის სულის გამგრძელებლები და ეროვნული სულისკვეთების გადამრჩენელები.

საქართველო ოკუპაციას არ შეეგუა.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას არასოდეს შეუწყვეტია სამართლებრივი არსებობა, არ უღიარებია საბჭოთა ძალაუფლება. მან საზღვარგარეთ გააგრძელა ბრძოლა: ემიგრაციაში გაიტანა სამფეროვანი დროშა, სუვერენობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა სამართლებრივ დონეზე გააგრძელა - ამერიკის კონგრესის მოსმენებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებში და ევროპული ქვეყნების მთავრობებთან, რათა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა არ გამქრალიყო და არც გამქრალა. როგორც პარიზის წმინდა ნინოს ეკლესია დაარსებიდან ქართული ეკლესიის ტრადიციას, თავისუფალ სულს ატარებდა და ატარებს.

საქართველო მარცხს არ შეეგუა! და პირიქით, მან მარცხი საკუთარ გამარჯვებად აქცია: აღდგა ეროვნული მოძრაობა და 1991 წლის 9 აპრილს აღდგა დამოუკიდებელი საქართველო, როგორც პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე.

ერის გაცოცხლება და მისი დამოუკიდებელ, სუვერენულ, თავისუფალ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება არის გამარჯვება ოკუპაციაზე! ეს არის გამარჯვება არა მხოლოდ მტერზე, არამედ დროსა და ისტორიაზე, ტრაგედიასა და უსამართლობაზე! გამარჯვება, რომლის გარდაუვალობის გვჯეროდა ქვეყნის გარეთ - ემიგრაციაში - და რომლისაც სჯეროდათ ქვეყნის შიგნით, შიდა ემიგრაციაში, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ხვედრი იყო.

ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენი დღევანდელი ტრაგედიაა, თუმცა ქვეყანა დამოუკიდებელია, სუვერენულია და მყარად დგას განვითარების გზაზე! ეს არის ჩვენი გამარჯვება! გამარჯვებაა ისიც, რომ კონფლიქტებისა და ომის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გზას ევროპისკენ, გზას დემოკრატიის მშენებლობისკენ!

მოდის დრო, როცა მეხსიერება ისტორიად უნდა იქცეს, ანუ მარადისობაში გადავიდეს. ასე იწერებოდა და დაიწერება სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის ისტორია. გლოვასაც თავისი დრო აქვს.ალბათ მოვიდა დრო, რომ გლოვა დავასრულოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა გამარჯვებული დარჩა ამ 70 წლის ოკუპაციის შემდეგ. ჩვენ კი გვჯერა, რომ მივაღწევთ ჩვენს მიზანს - ქვეყნის გამთლიანებას და გაერთიანებას.

25 თებერვალი უნდა იქცეს იმ დღედ, როცა გავიხსენებთ, როგორ იმარჯვებს სიმართლე და ღირსება, როგორ შეიძლება პატარა ერი გამარჯვებული გამოვიდეს დიდ იმპერიასთან ჭიდილიდან, როგორ შეუძლია ქვეყანას თავის ტრადიციებსა და იდენტობაზე დაყრდნობით დაისახოს მომავალი და მიაღწიოს შედეგებს, რომლებიც თუნდაც 30 წლის წინ წარმოუდგენელი იყო - ევროპის ასოცირებულ წევრობას და ნატო-ს პარტნიორობას.

მინდა ამ დღეს დავუკავშირო ჩემი ერთი მოსაზრება და თქვენ წარმოგიდგინოთ. მემორიალური კომპლექსის დაარსებით მივაგოთ პატივი მათ, ვინც ამ 100 წლის განმავლობაში იბრძოდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. შევქმნათ მემორიალი, რომელიც ასახავს ამ უწყვეტი ბრძოლის ისტორიას, მის ფურცლებს, მისი გმირების ღვაწლს - ყველასი: 1921 წლის მებრძოლების, აჯანყებების მონაწილეების, რეპრესირებული ადამიანების, რომლებიც სასტიკად იდევნებოდნენ, მეორე მსოფლიო ომის მეომრების, 1956 წლის სტუდენტების, 9 აპრილის მსხვერპლთა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტებში და 2008 წლის ომში დაღუპულების, - ყველასი, ვინც იბრძოდა ერთიანი, დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოსთვის.
ასეთი მემორიალი, დაყოფილი ჩვენი ისტორიის ამდენივე ფურცლად, ამავე დროს, ახალგაზრდა თაობებს ჩვენი ისტორიის გაცნობისა და გაცნობიერების საშუალებას მისცემს, უცხოელ სტუმრებს კი გააგებინებს, რა შეუპოვრად იბრძოდა საქართველო თავისუფლებისთვის. სამშობლოს სიყვარულისათვის გაერთიანებული და დაღუპული გმირები შეიძლება კიდევაც გამოგვადგეს შერიგების მაგალითად“ - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.