მოგესალმებით,
ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ ვარ თქვენ გვერდით ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს.
დღეიდან, UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქია. პირველ რიგში, ვულოცავ თბილისის მერიას ასეთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო წარმატებას და მინდა მივულოცო წიგნის ყველა მოყვარულს!
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, როცა წიგნის მიმართ ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულებას ბევრი სხვა კონკურენტი უჩნდება, იუნესკოს ეს ინიციატივა საშუალებას გვაძლევს, წიგნის მნიშვნელობა და მისი შეუცვლელობა გავახსენოთ თუ გავაგებინოთ ყველას, დიდსა და პატარას, აქაურს თუ უცხოელ სტუმარს.
ერთი წლით, სხვადასხვა ფორმატში, საზოგადოებრივ თუ სახელმწიფო საწყისებზე უნდა გამოვიყენოთ ეს პერიოდი და ახალი შესაძლებლობები გავუჩინოთ ავტორებს, როგორც გამომცემლებს, მწერლებს, როგორც მკითხველებს: უნდა შევქმნათ ახალი პროექტები და გზა ახალ ინიციატევებს გავუხსნათ.
საქართველო თავისი 16 საუკუნოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობით, თბილისი თავისი ლიტერატურული და საგამომცემლო ტრადიციებით, მრავალენობრიობით, მრავალანბანურობით, ღიაობით და თავისუფალი ცხოვრების სტილით იყო და დღესაც, ნამდვილად არის მსოფლიოში გამორჩეული ქალაქი, რომელსაც შესწევს ძალა და შემოქმედებითი ენერგია, ღირსეულად უმანსპინძლოს ლიტერატურით დაინტერესებულ სტუმრებს მთელი მსოფლიოდან! იყოს ახალი წამოწყებებისა და ინიციატივების ადგილი, იყოს მწერლებისთვის ახალი შთაგონების წყარო.
რადგანც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო მოვლენაზე, მინდა ხაზი გავუსვა ერთ აუცილებლობას: ჩვენ მეტი მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ ჩვენს მთარგმნელებს, რამეთუ ჩვენი ადგილი მსოფლიო ლიტერატურულ სამყაროში თარგმანზე გადის.
მაშასადამე, ამ მოვლენასთან დაკავშრებით მსურს გამოვაცხადო ჩვენი ინიციატივა: პრეზიდენტის ეგიდით დაწესდა ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია ახალგაზრდა მთარგმნელის პირველი თარგმანისათვის, რომელიც გაიცემა UNESCO-ს წლის ფარგლებში, მომავალი წლის 22 აპრილს.