საქართველოს პარლამენტს
საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წლის 7 ივნისს მიღებულ და ხელმოსაწერად წარმოდგენილ ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე.
,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იზრდება იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელთა მიმართებითაც შესაძლებელია ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. წარმოდგენილი ცვლილებით ასევე იზრდება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადებიც.
ამასთან, ხელმოსაწერად წარმოდგენილი ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 143-ე−1432 , 144-ე−1443 , 223-ე−2241 , 230-ე−232-ე, 234-ე−2351 და 2551 მუხლებით, 260-ე მუხლის მე-4−მე-7 ნაწილებით, 261-ე მუხლის მე-4−მე-8 ნაწილებით, 262-ე და 263-ე მუხლებითა და XXXVII−XXXVIII და XLVII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც იარსებებს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა თითოეულ ჯერზე შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 90 დღით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ამავე დანაშაულებთან მიმართებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ იმ პირისთვის შეტყობინება, რომლის მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, შეიძლება გადავადდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს აუცილებელი იქნება, რათა საფრთხე არ შეექმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგსა და სამართალწარმოების ინტერესებს.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული და ხელმოსაწერად წარმოდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვნად აუარესებს ფარული საგამოძიებო მოქმედების დროს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს. წარმოდგენილი ცვლილებებით უარესდება ის სტანდარტებიც, რომლებიც დადგინდა 2014 წლის პირველ აგვისტოს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით. მათი შემუშავებისა და მიღების პროცესში მონაწილეობდა არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტი, ორგანიზაცია, დარგის მაღალი რანგის სპეციალისტი, შედეგად მიღებულ იქნა ცვლილებები, რომლებმაც დადებითი შეფასება დაიმსახურა.
ხელმოსაწერად წარმოდგენილი კანონის შესახებ მოვისმინეთ კრიტიკული შეფასებები როგორც შინაარსთან, ისე კანონის მიღების პროცესთან მიმართებით, რამდენადაც, ერთი მხრივ, უარესდება მოქმედი რედაქციით დადგენილი სტანდარტები და, მეორე მხრივ, კანონის მიღების პროცესი წარიმართა საზოგადოების სათანადო, საჭირო ფორმითა და მასშტაბით ჩართულობის გარეშე. მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული ცვლილებების განხილვა მომხდარიყო ფართო საზოგადოების, მათ შორის, ადგილობრივი თუ უცხოელი ექსპერტების აქტიური მონაწილეობით, ისე როგორც ეს მოხდა 2014 წელს განხორციელებული ცვლილებების მომზადებისა და მიღების პროცესში.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. დღეს, როცა საქართველო ელოდება უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, საქართველოს პარლამენტი იღებს კანონს, რომელიც ნამდვილად არ არის ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი და აფერხებს აღნიშნული ინტეგრაციის პროცესს, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ გაცხადებული მიზნის მიღწევას.
ვინაიდან დემოკრატია კერძო და საჯარო ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის არსებობას ეყრდნობა, უფლებათა უმრავლესობის შეზღუდვის არიდება შეუძლებელია, რადგან მათი რეალიზაცია ხშირად წარმოშობს ღირებულებათა კონფლიქტს. მაშინ, როდესაც ინტერესების დაპირისპირება გარდაუვალია, წარმოიშობა მათი სამართლიანი დაბალანსების აუცილებლობა. შესაბამისად, თანამედროვე სახელმწიფოში უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს ხელისუფლებისა და ადამიანის ურთიერთობის გონივრულად დაბალანსებული სისტემის შექმნა.
პირადი ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანის თავისუფლებისა და თვითრეალიზაციისათვის, მისი სრულყოფილად გამოყენების ხელშეწყობა და დაცვა არის ის, რაც არსებითად განსაზღვრავს დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას.
გაცილებით მკაცრია მოთხოვნები ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მომწესრიგებელი კანონმდებლობის მიმართ, რომელიც ადამიანის უფლებაში ინტენსიური ჩარევის საფუძველს ქმნის. ამ ნორმების შემოწმებისას გასათვალისწინებელია ასეთი ქმედებების ფარული ხასიათი, ბუნება, რომელიც ისედაც ობიექტურად ამცირებს მათზე კონტროლის განხორციელების გზებსაც და კონტროლის არსებული შესაძლებლობების ეფექტიანობასაც.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული და ხელმოსაწერად წარმოდგენილი კანონის განმარტებით ბარათში ინიციირებული ცვლილების მიზეზად აღნიშნულია, რომ ,,დღესდღეობით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხები ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. განსაკუთრებით საყურადღებოა ჰიბრიდულ ომსა და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები. შესაბამისად, დღეს არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ამ საფრთხეების თავიდან აცილება და მათზე სათანადო რეაგირება საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ... აქედან გამომდინარე, აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების გადასინჯვა და გაუმჯობესება, რათა საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა უფრო ეფექტიანად განხორციელდეს...“.
რა თქმა უნდა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, თუმცა ამან არ უნდა განაპირობოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევა. ამიტომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მონახოს გზა, რომელიც შესაძლებელს გახდის როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების, ისე ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და თავისუფალი განვითარების ფუნდამენტური უფლებების დაცვას. კონსტიტუცია არ უშვებს მცირე ალბათობასაც კი, რომელიმე ლეგიტიმური ინტერესის დაცვა შესაძლებელი იყოს ამა თუ იმ უფლების დარღვევის ხარჯზე. სახელმწიფომ უნდა შეძლოს, დააბალანსოს ინტერესები ისე, რომ თავი გაართვას კონსტიტუციის უპირობო მოთხოვნას - დაცული იყოს როგორც ფუნდამენტური უფლებებით შეუბღალავად სარგებლობის შესაძლებლობა, ისე კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა ლეგიტიმური ინტერესები. ამიტომ, მოცემულ შემთხვევაშიც, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა, დაიცვას სახელმწიფო უსაფრთხოება, უზრუნველყოს დანაშაულის გამოძიება, ისე როგორც მისი პრევენცია, მაგრამ, იმავდროულად, საფრთხე არ შეუქმნას ადამიანების თავისუფალი განვითარების პერსპექტივას, მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეალური, ფაქტობრივი ხელშეუხებლობა ადამიანის პირადი სივრცისა, არამედ ასეთი ხელშეუხებლობის მყარი შეგრძნება, განცდა, მისი აღქმა ადამიანის მიერ. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო ხელისუფლების ქმედებებიც და სამართალიც იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს ადამიანებისათვის, რომ ისინი არ ცხოვრობდნენ მუდმივი ეჭვით, არის თუ არა მათი პირადი სივრცე რეალურად დაცული, ხელშეუხებელი. წარმოდგენილი ცვლილებებით შესაძლებელი ხდება, პირმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიტყოს, რომ მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედება ხორციელდება. შესაბამისად, რეალური საფრთხე ექმნება ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას.
ზოგადად, მოთხოვნები კანონმდებლის მიმართ მით უფრო მკაცრია, რაც უფრო ინტენსიურია ჩარევა ადამიანის უფლებებში. წარმოდგენილი ცვლილებები სამართლიანად იმსახურებს საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების თუ სპეციალისტების შეშფოთებას და კრიტიკას. კანონმდებლის მიერ დარღვეულია ის გონივრული ბალანსი, რომელმაც, ერთი მხრივ, უნდა უზრუნველყოს სახელმწიფოს უსაფრთხოება და მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოტივირებული შენიშვნებით გიბრუნებთ საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წლის 7 ივნისს მიღებულ და ხელმოსაწერად წარმოდგენილ ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონს და გთავაზობთ, გარდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლში განსახორციელებელი ცვლილებებისა, რომელიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადის გამოთვლას ითვალისწინებს, უცვლელი სახით შენარჩუნდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქცია.
სალომე ზურაბიშვილი