1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 2018 წლის 21 დეკემბრიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად.
2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
3. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 14 დღისა (მისამართი: ქ. თბილისი, აბდუშელიშვილის ქ. №1, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საკონკურსო კომისია).
4. თუ ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატურა არ იქნება წარდგენილი, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატურის წარდგენა.
5. საკონკურსოდ წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: კანდიდატის გვარი, სახელი, უმაღლესი განათლება, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს), მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად), სამუშაო ადგილი და თანამდებობა, საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:
ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის - თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ასლი;
ვ) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და CV;
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
თ) არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს);
ი) ხელწერილი, რომელიც ადასტურებს პირის შესაბამისობას საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.
6. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ლაშა ჟვანია | - | საქართველოს პრეზიდენტის ადმინის-ტრაციის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე |
დიმიტრი გაბუნია | - | საქართველოს პრეზიდენტის საპარლა-მენტო მდივანი |
ზურაბ მაჭარაძე | - | საქართველოს პრეზიდენტის საპარლა-მენტო მდივნის მოადგილე |
მირანდა მაჭარაძე | - | საქართველოს პრეზიდენტის ადმინის-ტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი |
სულხან სალაძე | - | „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე |
მიხეილ ბენიძე | - | „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკ-რატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი |
ნატალია ხოხიაშვილი | - | ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის |
გრიგოლ გაგნიძე | - | ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის თავმჯდომარე. |
სალომე ზურაბიშვილი