საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 27
N 27 2019 წლის 17 იანვარი ქ.თბილისი
საქართველოს სახელმწიფო პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესი და პირობები.
მუხლი 2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 23 მარტის N104 ბრძანებულება.
მუხლი 3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სალომე ზურაბიშვილი
დამტკიცებულია
საქართველოს პრეზიდენტის
2019 წლის 17 იანვრის
N27 ბრძანებულებით
საქართველოს სახელმწიფო პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესი და პირობები
მუხლი 1. შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის მინიჭების პირობები 1. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს ხუთისა, თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია პირს ენიჭება ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.
2. პირს, რომელსაც მიენიჭება შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, გადაეცემა პრემიის ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი.
მუხლი 2. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების პირობები 1. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა 2 წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს ერთისა, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია პირს ენიჭება ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებ(ებ)ისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.
2. პირს, რომელსაც მიენიჭება ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია, გადაეცემა პრემიის ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი.
მუხლი 3. საქართველოს ეროვნული პრემიის მინიჭების პირობები 1. საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა ყოველწლიურად, არა უმეტეს ორისა, თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს ეროვნული პრემია პირს ენიჭება საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ და/ან ეკონომიკურ განვითარებაში.
2. პირს, რომელსაც მიენიჭება საქართველოს ეროვნული პრემია, გადაეცემა პრემიის ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი.
მუხლი 4. შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების კომისია/კომისიები 1. შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების (შემდეგში - პრემია) მინიჭების ღონისძიებათა უზრუნველყოფის, კონკურსის გამოცხადების, განაცხადების მიღებისა და განხილვის, პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით, იქმნება შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების კომისია/კომისიები (შემდეგში – კომისია).
2. კომისიის 9-წევრიან შემადგენლობას (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარეს) სამეცნიერო, სახელოვნებო და/ან სალიტერატურო სფეროს აღიარებული, საზოგადოებისათვის ცნობილი წარმომადგენლები-საგან განსაზღვრავს და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული კომისიის შემადგენლობა საქმიანობას წყვეტს ამ ბრძანებულებით დადგენილი წესით ლაურეატთა სიის გამოქვეყნებისთანავე.
5. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველ-ყოფას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტი.
მუხლი 5. კონკურსის გამოცხადებისა და კანდიდატთა წარდგენის წესი 1. პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი, როგორც წესი, ცხადდება ყოველი საკონკურსო წლის მარტში.
2. პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან არა უმეტეს 2 თვის განმავლობაში. საკონკურსო დოკუმენტაციის ნუსხას განსაზღვრავს კომისია.
3. პრემია, როგორც წესი, ენიჭება საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრემია შეიძლება მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.
4. პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ შესაბამისი ავტორიტეტისა და კომპეტენციის მქონე იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც საქმიანობენ მეცნიერების, ხელოვნებისა და/ან ლიტერატურის დარგში.
5. პირი არ შეიძლება წარდგენილი იყოს ორი პრემიის მოსაპოვებლად ერთი ნაწარმოების/სამეცნიერო ნაშრომისათვის.
6. პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი პირი იმავდროულად არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი.
7. ლიტერატურული ნაწარმოების წარდგენა დასაშვებია მისი დასრულებული სახით გამოქვეყნების შემდეგ.
8. მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში ნაწარმოების წარდგენა დასაშვებია მას შემდეგ, რაც მას გაეცნობა ფართო საზოგადოება კონცერტებზე, გამოფენებზე, კინოთეატრებში, პრესის, რადიოს თუ ტელევიზიის საშუალებით.
9. არქიტექტურული ნაწარმოების წარდგენა დასაშვებია მხოლოდ ობიექტის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ.
10. მეცნიერების დარგში პრემიის მისანიჭებლად ნაშრომის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ მისი გამოქვეყნებისა და/ან პრაქტიკული გამოყენების შემდეგ.
11. ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მისანიჭებლად საკონკურსოდ დაიშვება საკონკურსო წლამდე 5 წლის განმავლობაში ქართულ ენაზე გამოქვეყნებული ორიგინალური ნაწარმოები.
12. დაუშვებელია ერთი და იმავე ნაწარმოების/ნაშრომის განმეორებით წარდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაწარმოები/ნაშრომი საკონკურსოდ დაშვებული არ იქნა ტექნიკური ხარვეზის გამო.
13. პრემია შეიძლება მიენიჭოს გარდაცვლილ მეცნიერს, შემოქმედსა და/ან სხვა ავტორს იმ შემთხვევაში, თუ მისი ნაშრომი/ნაწარმოები გამოქვეყნდა საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულებამდე და აკმაყოფილებს „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ პირობებს.
14. პირის გარდაცვალების შემდეგ მისთვის პრემიის მინიჭების შემთხვევაში, შესაბამისი ერთდროული ფულადი გასაცემელი ეძლევა ამ პირის მემკვიდრეს (არსებობის შემთხვევაში) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 6. გადაწყვეტილების მიღების წესი 1. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება 7 წევრი მაინც.
2. კომისია უფლებამოსილია განსაზღვროს ნაწარმოების/ნაშრომის შეფასების მეთოდიკა.
3. კომისია უფლებამოსილია ცალკეული საკითხების შესწავლის, ასევე წარდგენილი ნამუშევრების (ნაწარმოებების) რეცენზირებისა და ექსპერტიზის მიზნით, შექმნას შესაბამისი დარგის კვალიფიციური სპეციალისტებისაგან შემდგარი ქვეკომისია/ქვეკომისიები.
4. პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილ კანდიდატს თავდაპირველად განიხილავს ქვეკომისია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც კომისიისათვის წარსადგენად ამზადებს საექსპერტო დასკვნას. ქვეკომისია დასკვნას ამტკიცებს წევრთა უბრალო უმრავლესობით.
5. დასაშვებია გაიცეს ორი ან ორზე მეტი პრემია ერთსა და იმავე დარგში.
6. ავტორთა ჯგუფისათვის/თანაავტორებისათვის პრემიის მინიჭებისას შესაბამისი ერთდროული ფულადი გასაცემელი ავტორთა ჯგუფის წევრებს/თანაავტორებს შორის ნაწილდება თანაბრად.
7. კომისიის გადაწყვეტილება ლაურეატობის კანდიდატების შერჩევისა და პრემიის მინიჭების შესახებ მიიღება ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა ხმების არანაკლებ ორი მესამედით.
8. კომისია გადაწყვეტილებას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად.
მუხლი 7. კონკურსის შედეგების დამტკიცება და გამოქვეყნება 1. კომისიის გადაწყვეტილების მოწონების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგებსა და პრემიის ლაურეატთა სიებს ამტკიცებს განკარგულებით.
2. პრემიის ლაურეატთათვის გადასაცემი სამკერდე ნიშნების აღწერილობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.
3. კონკურსის შედეგები ქვეყნდება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 27