საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება N 1
N 1 2020 წლის 21 მარტი ქ. თბილისი
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ
2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიად გამოცხადების, მისი მასობრივი გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით, ვითარების ნორმალიზაციისათვის, რათა სახელმწიფომ შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება – უზრუნველყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოება და ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
2. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2020 წლის 21 აპრილის ჩათვლით.
3. ბრძანება დაუყოვნებლივ გადაეცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი ბრძანება დაუყოვნებლივ გამოცხადდეს საქვეყნოდ, ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით და მისი ტექსტის გადაცემა მოხდეს მთელი დღის განმავლობაში.
5. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი ბრძანება დაუყოვნებლივ წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.
6. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
7. ეს ბრძანება ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან.
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება N 1