საქართველოს პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში
დავით თევზაძე დაიბადა 1949 წლის 30 იანვარს ქ. სოხუმში. 1971 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფოსისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლის კვალიფიკაციით, 1974 წელს – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა; 1978 წელს – თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის საღამოს განყოფილების ინგლისური ენის ფაკულტეტი, 1988 წელს – ამავე ინსტიტუტის სინქრონული თარგმნის უმაღლესი კურსი (ინგლისური ენის სპეციალობით). 1983 წელს უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
1990 წელს დავით თევზაძემ საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო ინსტიტუტში გაიარა ფიზიკური კულტურისა და სპორტის ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსები ჯიუ-ჯიცუს სპეციალობით. 1994 წელს – NATO-ს თავდაცვის კოლეჯში გაერთიანებული NACC/CSSCE კურსი (იტალია, რომი), 1995 წელს დაამთავრა სტრატეგიულ სწავლებათა და თავდაცვითი ეკონომიკის კოლეჯი, უსაფრთხოების კვლევათა ჯ. მარშალის სახელობის ევროპული ცენტრი (გერმანია, პარტენკირხენი), 1996 წელს – თავდაცვის ენათა ინსტიტუტი (აშშ, ლეკლენდი), 1997 წელს – აშშ არმიის სამეთაურო და გენერალური შტაბის კოლეჯი (ფორტ ლევენვორტი).
დავით თევზაძემ 1974 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში და იყო ჯერ უმცროსი მეცნიერი, ხoლო 1983 წლიდან –უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.
1992 წლის იანვრიდან იგი შეუერთდა ეროვნული გვარდიის რიგებს, მეთაურობდა სარეზერვო ბატალიონ „ორბს“, ამავე წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ერთიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. 1992-1993 წლებში იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-11 მოტომსროლელი ბრიგადის ბატალიონის მეთაური, 1993-1994 წლებში – ბრიგადის მეთაური. 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიის საქართველოს სამხედრო ძალების მთავარ სამხედრო ინსპექციას.
1998-2004 წლებში დავით თევზაძე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი, 2004 წელს – საქართველოს ელჩი NATO-ში. 2004-2005 წლებში ხელმძღვანელობდა სტრატეგიული კვლევების ჯგუფს. დათხოვილია თადარიგში 2004 წლიდან. 2017 წლიდან იგი იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი.
დავით თევზაძე ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას, 2002-2004 წლებში ხელმძღვანელობდა სამხედრო-საინჟინრო აკადემიის სამხედრო ხელოვნების კათედრას, 2005-207 წლებში იყო ინტერდისციპლინარულ კვლევათა ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის პროფესორი (ომის თეორია და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირება), 2007-2014 წლებში – IB ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის სრული პროფესორი და რექტორის მოადგილე, 2009-2012 წლებში – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიწვეული პროფესორი, 2018 წლიდან არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მიწვეული პროფესორი.
2022 წლის 21 თებერვალს დავით თევზაძე დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მთავარ მრჩეველად სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში.
დავით თევზაძე 1993 წელს დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით, ამავე წელს მიენიჭა პოლკოვნიკის, ხოლო 1998 წელს – გენერალ-მაიორის და 1999 წელს – გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება.
დავით თევზაძე არის საქართველოს გენერალთა კლუბის იდეის ავტორი და თანადამფუძნებელი, ევროპულ იდეათა შესწავლის საერთაშორისო საზოგადოებისა და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
1989 წელს მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა ქართულ და აღმოსავლურ ორთაბრძოლათა ასოციაცია და გახდა ასოციაციის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
დავით თევზაძის თაოსნობით IB ევრო-კავკასიურ უნივერსიტეტში გაიხსნა სტრატეგიულ შეფასებათა ინსტიტუტი და დაფუძნდა ჟურნალი „სტრატეგიული კვლევები, რომელიც 2014 წლამდე გამოდიოდა მისივე რედაქტორობით. იგი არის სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ავტორი უსაფრთხოების კვლევებში. 2009-2013 წლებში ამავე უნივერსიტეტის დაფინანსებით ორგანიზებული აქვს ოთხი საერთაშორისო კონფერენცია.
დავით თევზაძე არის 50-ზე მეტი სტატიისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მონაწილეობა აქვს მიღებული 40-მდე სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში, ფორუმსა და სემინარში.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ექვსი შვილი.