ორბელიანების განახლებულ სასახლეში 2018 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციაა განთავსებული. XIX საუკუნის თბილისის ამ გამორჩეულ ნაგებობას საქართველოს
ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენლობითი შენობის ფუნქცია აქვს.შესაბამისად,
საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ორბელიანების სასახლეში მართავს ოფიციალურ
შეხვედრებს და მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლებს. პროტოკოლით
გათვალისწინებული საპატიო ყარაული ეწყობა სასახლის წინ მდებარე ქუჩაზე, აქვე იგება წითელი
ფიანდაზი. საპატიო სტუმრების დახვედრის ცერემონიისათვის თვალის დევნება
შესაძლებელია როგორც 9 აპრილის ბაღის, ისე ათონელის ქუჩის მხრიდან.
ორბელიანების სასახლე, მისი დღევანდელი შინაარსი, ასახავს საქართველოს კულტურულ
მრავალფეროვნებას, ქვეყნის ისტორიას, ქართული კულტურის უმთავრეს პერიოდს,
რომელსაც როგორც ეროვნული, ისე ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა აქვს.
ორბელიანების სასახლე პერიოდულად, საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო გრაფიკის
გათვალისწინებით, ღიაა დამთვალიერებელთათვის.
სასახლე თავდაპირველად აიგო როგორც ორბელიანთა ოჯახის რეზიდენცია. აქ თავს იყრიდა მაშინდელი საქართველოს მაღალი საზოგადოება, კულტურული და ინტელექტუალური ელიტა, მასპინძლობდნენ დედაქალაქის საპატიო სტუმრებს.
საქართველოს რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ სასახლე ოჯახს ჩამოერთვა და მასში უცხოეთთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის ქართული საზოგადოება (ე.წ. ГОДИКС) ფუნქციონირებდა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლამდე იარსება.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შენობაში წლების განმავლობაში აშშ-ის საელჩო ფუნქციონირებდა, საელჩოს ახალ ადგილსამყოფელში გადასვლის შემდეგ კი ერთხანს უფუნქციოდ დარჩა. მოგვიანებით მიღებული გადაწყვეტილებით, აქ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განთავსდა. დღეს ორბელიანების სასახლე არის საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური შეხვედრებისა და მიღებების სივრცე, ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლობითი შენობა. მას დაუბრუნდა თავდაპირველი სახელწოდება - ორბელიანების სასახლე. სასახლის უკან, თანამედროვე მინაშენში კი პრეზიდენტის სამუშაო სივრცე და ადმინისტრაცია არის განთავსებული.
ორბელიანების სასახლის არქიტექტორი და აგების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ შენობის ისტორიზმის სტილი, სტრუქტურა, ნაძერწი არქიტექტურული დეტალები და მშენებლობის ტექნიკა მიანიშნებს, რომ ის, სავარაუდოდ, მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედს განეკუთვნება.
სასახლის ინტერიერი წარსულში არაერთგზის გადაკეთდა და გაიძარცვა. ერთ დროს სასახლის მდიდრული და მაღალმხატვრული მორთულობიდან, სამწუხაროდ, დღემდე არაფერი შემორჩა. ინტერიერმა დღევანდელი იერსახე ბოლო წლების რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის შედეგად შეიძინა.
სასახლის ფასადი ავთენტურია, პირველი სართულის ინტერიერში მაქსიმალურად არის შენარჩუნებული სასახლის თავდაპირველი დეკორი, ხოლო სასახლის ზედა სართულის ინტერიერმა ნაწილობრივი რეკონსტრუქცია განიცადა.
განახლებული სასახლის ინტერიერი მოირთო ეპოქის შესაბამისი მაღალმხატვრული ავეჯითა და ინვენტარით. ინტერიერის მოწყობისას გათვალისწინებულია XIX - XX საუკუნეების მიჯნის თბილისის სასახლეებისათვის დამახასიათებელი მორთულობის სტილი და ესთეტიკა, ქართულ საზოგადოებაში ისტორიულად არსებული ინტერესი და ტრადიცია გარკვეული ტიპის ავეჯისა თუ ინტერიერის აქსესუარების მიმართ, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ორბელიანების სასახლის თითოეული დარბაზის ინტერიერის დღევანდელი სტილი და ფუნქცია.
„ამრა” ორბელიანების სასახლის ერთ-ერთი მთავარი დარბაზია. პროტოკოლის მიხედვით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი და უცხო ქვეყნის მეთაურები რკალისებრი კიბის ავლის შემდეგ ამ დარბაზში შემოდიან. დარბაზი „ამრა“ არის აფხაზეთის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის სიმბოლო, წარმოაჩენს ქართულ-აფხაზურ კულტურულ კავშირებს და ავლენს აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ ქართული სახელმწიფოს დამოკიდებულებას. დარბაზი დეკორირებულია კარელიის არყისა და პალისანდრის ხის ჯიშებისაგან დამზადებული ავეჯით, დომინირებს ამპირისა და ჟაკობის სტილი. კლასიცისტურ მოოქრულ წყვილ სარკესთან განთავსებულია ონიქსის კონსოლები. ბუხარს ამშვენებს მოოქრული ბრინჯაოს ამპირის სტილის საათი კალიდონისნადირობის მონაწილე მელეაგროსის გმირობის (კალიდონზე გამწყრალი არტემიდეს მიერ მოვლენილი ტახის მოკვლა) გამოსახულებით. დარბაზის მთავარი მშვენებაა ადრეული ამპირის (გვიანი კლასიციზმის) სტილის ჭაღი.
რუსთაველის დარბაზი ორბელიანების სასახლის ცენტრალური საზეიმო სივრცეა. პროტოკოლის მიხედვით, დარბაზში ძირითადად იმართება პრესკონფერენციები და ბრიფინგები, იგი აგრეთვე განკუთვნილია პრეზიდენტის შეხვედრებისათვის საზოგადოებასთან. შოთა რუსთაველის დარბაზი არის ქართული რენესანსისა და საქართველოს ოქროს ხანის სიმბოლო. დარბაზის მთავარი მორთულობაა პატინირებული ბრინჯაოს ამპირის სტილში შესრულებული ჭაღი სატირების გამოსახულებით. კედლებს ამშვენებს ქართველი ნონკონფორმისტი მხატვრის სიმონ გირკელიძის ნამუშევრები.
„ოქროს საწმისის“ დარბაზი ძველად ორბელიანების სასახლის სასადილო სივრცეს წარმოადგენდა, რომლის ღიობებიც სასახლის უკანა ეზოში გადიოდა, დღეს კი გალაკტიონის დარბაზს ესაზღვრება. პროტოკოლის მიხედვით, დარბაზში ძირითადად იმართება საზეიმო მიღებები პრეზიდენტის სახელით და კლასიკური მუსიკის კონცერტები. „ოქროს საწმისი“ ქართული სახელმწიფოს საფუძვლის - კოლხეთის სამეფოსა და უძველესი ქართული კულტურის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის სიმბოლოა. დარბაზის მთავარი მორთულობაა შმიდტის მანუფაქტურაში დამზადებული XIX საუკუნის მოოქრული კლასიცისტური გარნიტური, თეთრი მარმარილოს ბუხარზე განთავსებულია ამპირის სტილის მოოქრული ბრინჯაოს საათი ოქროს საწმისის მითოლოგიური სცენით. დარბაზში დგას სტენვეის საკონცერტო როიალი.
გალაკტიონის დარბაზი სასახლის ძველ და ახალ ნაგებობას შორის მოქცეულ შუშით დახურულ ატრიუმს წარმოადგენს. პროტოკოლის მიხედვით, დარბაზში ძირითადად იმართება საზეიმო მიღებები პრეზიდენტის სახელით, სხვადასხვა თემატური გამოფენები. გალაკტიონის დარბაზი არის ქართული მოდერნიზმის ეპოქისა და მარად განახლებადი ქართული კულტურის სიმბოლო. გალაკტიონის დარბაზში დგას ლუდოვიკო XV-ის სტილის ვარდის ხის მაგიდა, რომელიც განკუთვნილია შთაბეჭდილებათა წიგნისა და საზეიმო ხელმოწერებისათვის.
ბაგრატიონების დარბაზი შედარებით მომცროა, დამშვენებულია კლასიცისტური და როკოკოს ელემენტებით. პროტოკოლის მიხედვით, დარბაზი პრეზიდენტთან აუდიენციის მსურველთა მოსაცდელად არის განკუთვნილი. ბაგრატიონების დარბაზი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქართული სამეფო დინასტიის პატივისცემის სიმბოლოა. დარბაზში დგას წითელი ხის ამპირის სტილის XIX საუკუნის 20-იანი წლების გარნიტური, ასევე ლუდოვიკო XV-ის სტილში შესრულებული ნაპოლეონ III-ის ხანის კომოდი, რომელსაც ამშვენებს მინანქრის ფერწერული ოვალური მედალიონი გალანტური ეპოქის, ბუშესა და ფრაგონარის სტილის პასტორალური სცენით.
იეთიმ გურჯის ორიენტალური სტილის დარბაზი ორბელიანების სასახლის ერთ-ერთი მშვენებაა. პროტოკოლის მიხედვით, დარბაზში იმართება არაფორმალური შეხვედრები პრეზიდენტსა და მაღალი რანგის სტუმრებს შორის, ხოლო უცხო ქვეყნის პრეზიდენტების ვიზიტისას - ოფიციალური შეხვედრები მათ მეუღლეებთან. იეთიმ გურჯის დარბაზი თბილისის, როგორც კავკასიის კულტურული ცენტრის, მრავალეროვანი, კულტურული მრავალფეროვნებითა და ტოლერანტული ტრადიციებით გამორჩეული ქალაქის სიმბოლოა. დარბაზის მორთულობა ეკლექტური და ფერადოვანია, ევროპულ ავეჯთან ერთად წარმოდგენილია სპარსული ხელოვნების ნიმუშები. დარბაზში გამოფენილია ყაჯარული პერიოდის შვიდი ფერწერული ნამუშევარი (ყაჯარული პერიოდის ფერწერის უმეტესი ნაწილი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში) და მამლების ფოლადის ფიგურები გაწყობილი ოქროს ზარნიშით. დარბაზის ჭერს დავით სარაჯიშვილისეული ირანული სტილის ჭაღი ამშვენებს.
ელისაბედ ორბელიანის კაბინეტი ყველაზე მომცროა ორბელიანების სასახლის ოთახებს შორის. მისი ერთი სარკმელი სასახლის ეზოს გადაჰყურებს, კარით კი სასახლის აივანზე ვხვდებით. ელისაბედ ორბელიანი, ორბელიანების სასახლის დიასახლისი, გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელთაგანი, პირველი ლექტორი ქალი, ქალთა უფლებების გაუმჯობესებისათვის მებრძოლი, პოეტი, ქველმოქმედი და მეცენატი. პროტოკოლის მიხედვით, მცირე კაბინეტი განკუთვნილია უცხოური დელეგაციების საქმეთწარმოებისათვის. ოთახი ძირითადად თანამედროვე ავეჯითა და აქსესუარებით არის მორთული. გამონაკლისია ნაპოლეონ III-ის ხანის პალისანდრის ფრანგული სეკრეტერი და ოვალური ფორმის ამპირის კომოდი.
„მერანი“ ორბელიანების სასახლეში ერთადერთი არ-ნუვოს სტილის დარბაზია. პროტოკოლის მიხედვით, დარბაზი გამოიყენება უცხო ქვეყნის დელეგაციების მოსაცდელ ოთახად სახელმწიფო მეთაურებს შორის დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრების დროს. დარბაზი „მერანი“ უმნიშვნელოვანესი მოვლენისა და ევროპული კულტურის ნაწილის - ქართული რომანტიზმის ეპოქის სიმბოლოა. იგი საგანგებოდ აღნიშნავს ორბელიანების სასახლესთან უდიდესი ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის კავშირს, რომელმაც ლექსი „მერანი“ შამილის ტყვეობაში მყოფ ილია ორბელიანს მიუძღვნა. „მერანი“ ეროვნული შეგნების მხატვრული სახეა. დარბაზი ძირითადად მსხლის ხისაგან დამზადებული არ-ნუვოს სტილის ავეჯით არის მორთული.
სულხან-საბა ორბელიანის საპრეზიდენტო კაბინეტი ორბელიანების სასახლეში ერთ-ერთი უდიდესი დარბაზია. პროტოკოლის მიხედვით, დარბაზი პრეზიდენტის სამუშაო სივრცეა. აქ იმართება შეხვედრები მთავრობის წევრებთან, პრეზიდენტის ვიზიტორებთან, ასევე ორმხრივი შეხვედრები უცხო ქვეყნების პირველ პირებთან. სულხან-საბა ორბელიანის საპრეზიდენტო კაბინეტი არის ქართული პოლიტიკური აზროვნების პროევროპულობის, ქართული დიპლომატიისა და ქართული განმანათლებლობის ეპოქის სიმბოლო. კაბინეტის ძირითადი მორთულობაა წითელი ხის ამპირის სტილის ავეჯი ბრინჯაოს მოოქრული დეტალებით. დარბაზს ამკობს ამპირის სტილში შესრულებული მოოქრული ბრინჯაოს ჭაღი (XIX საუკუნის 20-იანი წლები). საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სამუშაო მაგიდა პრეზიდენტის საჩუქარია ორბელიანების სასახლისათვის. იგი ეკუთვნოდა მის მამას, ლევან ზურაბიშვილს, რომელიც საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე გახლდათ. მაგიდა ლუი XV-ის სტილშია შესრულებული.
პრომეთე საერთო გმირია ქართული (ამირანი) და ბერძნული მითოლოგიისათვის. ღმერთების წინააღმდეგ ამხედრებულ, კავკასიის ქედზე მიჯაჭვულ პრომეთეს, ხალხის მოამაგესა და წინამძღოლს, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კავკასიელ ხალხთა იდენტობაში. მისი ქედუხრელობა საკაცობრიო მაგალითია. მიჯაჭვული გმირის სახე გახდა სიმბოლო „პრომეთელთა მოძრაობისა“, რომლის მიზანი იყო ეხსნა კავკასია რუსეთის საბჭოთა მონობიდან. პრომეთეს დარბაზი არის კავკასიისა და ქართული ანტიკური კულტურის სიმბოლო, იგი ხაზგასმით მიუთითებს ჟურნალ „პრომეთეს“ პოლიტიკურ მნიშვნელობას ზოგადკავკასიური პოლიტიკის კონტექსტში. პროტოკოლის მიხედვით, პრომეთეს დარბაზში იმართება გაფართოებული შეხვედრები საერთაშორისო ვიზიტების დროს. ამავე დარბაზში პრეზიდენტი ხვდება საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დარგობრივ ექსპერტებს, მართავს თემატურ შეხვედრებს.
ორბელიანების გვარის წარმოშობა
ყაფლანიშვილები, იგივე ორბელაშვილები, იგივე ორბელიანები XIX საუკუნეში ჯამბაკურ-ორბელიანებად იყვნენ ცნობილი. ორბელაშვილ-ყაფლანიშვილები ქაჩიბაძე-ბარათაშვილების ერთი შტოა. ქაჩიბაძეთა გვარმა XV საუკუნეში ქვემო ქართლის ტერიტორიაზე შექმნა დიდი სათავადო, რომელიც რამდენიმე გაყრის შემდეგ რიგ სათავადოებად დაიშალა. 1536 წელს გაიყარნენ იოთამ გიორგის ძე და ორბელ ბარათაშვილები. ისინი იყვნენ ცალკე ოჯახების მეთაურები, რომლებმაც შემდეგ დასაბამი მისცეს ორ ფეოდალურ საგვარეულოს-იოთამიშვილებისას და ორბელიშვილებისას (ორბელიანები).
ცნობილი პირები ორბელიანებს შორის
ყაფლანიშვილ-ორბელიშვილთა ძველმა და დიდებულმა გვარმა არაერთი გამოჩენილი ადამიანი მისცა საქართველოს: მწერალი, მეცნიერი, ლექსიკოფრაფი, სამოგზაურო ჟანრის ფუძემდებელი და დიპლომატი სულხან-საბა ორბელიანი; პოეტი დიმიტრი ორბელიანი; პოეტი და საზოგადო მოღვაწე, რომანტიზმის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი გრიგოლ ორბელიანი; ჰაგიოგრაფი, ჰიმნოგრაფი და ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ბესარიონ ორბელიშვილი; მწიგნობარი და ლექსიკოგრაფი ზაალ-ზოსიმე ორბელიანი; პოეტი მზეჭაბუკ ორბელიანი; ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე პაპუნა ორბელიანი, ავტორი თხზულებათა „ამბავნი ქართლისანი“.
ორბელიანების მემკვიდრეობა თბილისში
ორბელიანების სასახლე თბილისის ისტორიულ უბანში - გარეთუბანში მდებარეობს. ფეოდალური ხანაში თბილისს გარს ერტყა გალავანი, გალავანს გარეთ დარჩენილ ნაწილს გარეთუბანი ერქვა. ვახუშტი ბატონიშვილის აღწერით, ,,ზღუდეს გარეთ უხმობენ აწ გარეთუბანს, სადაც არს ასპარეზი“. „ასპარეზი“ დღევანდელი 9 აპრილის ბაღია, რომელიც ორბელიანების სასახლის მოპირდაპირედ მდებარეობს. გარეთუბანი იყოფოდა მუხრანბატონიანთ, ვანქის, ორბელიანთა და შუა კარის უბნებად. გარეთუბნიდან დაიწყო თბილისის ევროპული სტილის ნაგებობებით განაშენიანება. ორბელიანების სასახლე მდებარეობს ორბელიანების უბანში. ეს ტოპონიმი დღეს სასახლის მიმდებარე მოედანს შემორჩა და მას ორბელიანების მოედანი ეწოდება. ორბელიანების საკუთრება იყო აგრეთვე მდინარე მტკვრის კუნძული (ორბელიანების კუნძული), წარსულში ახალი ბაღი მეიდნისა, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილის 1735 წლის თბილისის გეგმაზეა დატანილი. აღნიშნული ტერიტორია თავდაპირველად ქართლის სამეფო კარს ეკუთვნოდა, 1751 წელს მეფე თეიმურაზ II-მ სარდალ რევაზ ორბელიანს უწყალობა, მას შემდეგ კუნძულსა და მიმდებარე უბანს ორბელიანების სახელი ეწოდა. XIX საუკუნის 20-იან წლებში ორბელიანების კუნძული მადათოვმა შეიძინა და მას მადათოვის კუნძული დაერქვა. კუნძულის ქალაქთან დასაკავშირებლად პირველი ერთმალიანი ხიდი (დღევანდელი მშრალი ხიდი) იტალიელმა არქიტექტორმა სკუდიერმა ვორონცოვის დროს (1844-1853) ააგო. მეორე, ხუთმალიანი ,,მიხეილის ხიდი“ 1853 წელს აშენდა ვახტანგ მუხრანბატონის ხელმძღვანელობით.
ელისაბედის წინაპრები
თამარ დავითის ასული ჭავჭავაძე (1852-1933) შესანიშნავი გარეგნობის, სათნო, მრავალმხრივ განათლებული, მუსიკისა და ხელოვნების მოყვარული, თავადაც ფორტეპიანოზე უბადლო შემსრულებელი ყოფილა. თამარის დედა, ანა გრუზინსკაია, გიორგი XII-ისა და დედოფალ მარიამის (ციციშვილი) შვილის, ილია ბატონიშვილისა და ანასტასია ობოლინსკაიას ქალიშვილი იყო. თამარის მამას, დავით ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძეს, სამი და ჰყავდა: ეკატერინე ჭავჭავაძე - სამეგრელოს მთავრის დავით დადიანის მეუღლე, ნინო - ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე და სოფიო - ბარონ ალექსანდრე ნიკოლაის მეუღლე. დავით ჭავჭავაძესა და ანას თერთმეტი შვილი შეეძინათ. ზაფხულს წინანდალში ატარებდნენ, ხოლო ზამთარს - თბილისში. ასეთ მრავალრიცხოვან ოჯახს დაემოყვრა ერეკლე (ირაკლი) ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი (1826-1882; გრუზინსკი), რომელიც ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო.
გადმოცემით, ევროპაში ყოფნისას ერეკლე (ირაკლი) და თამარი ეკატერინე ჭავჭავაძის მეგობარ ბერტა ზუტნერთან (მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალი; 1905) შეხვდნენ ერთმანეთს. 1867 წელს აქვე შეუღლდნენ თამარი და ირაკლი, რომელთაც ორი ქალიშვილი: ეკატერინა და ელისაბედი შეეეძინათ. ეკატერინა და ელისაბედი იზრდებოდნენ ლიტერატურულ-სალონურ გარემოში, სადაც ტრიალებდა ეპოქის სული, ყალიბდებოდა პოლიტიკური მრწამსი და მსოფლმხედველობა.
ელისაბედ და მამუკა ორბელიანები
ელისაბედ ბაგრატიონი (გრუზინსკაია) 1870 წლის 25 ნოემბერს დაიბადა. 11 წლისას მამა გარდაეცვალა და დედამ, თამარმა, შვილები საზღვარგარეთ წაიყვანა. საქართველოდან გამგზავრების ამბავს წლების შემდეგ თავად ასე იგონებდა: „ყველას, ვინც კი ხელმწიფის შთამომავალი იყო, ცდილობდნენ, გაეძევებინათ და ჩვენ, როგორც ხელმწიფის შთამომავალნი, გაძევებული ვიყავით საქართველოდანო“. საფრანგეთში ელისაბედი კეთილშობილ ქალთა კათოლიკურ პანსიონ „სკორში“ მიაბარეს. მას უცხოეთში Lise de George-დ იცნობდნენ. სასწავლებლის წარჩინებით (ოქროს მედალი) დამთავრების შემდეგ სწავლა სორბონაში განაგრძო. მიიღო შესანიშნავი განათლება, იცოდა ფრანგული, ინგლისური, იტალიური და რუსული ენები. საზანდრის (Sazan d’Ary) ფსევდონიმით ფრანგულად წერდა ლექსებს, რომლებიც წიგნადაც გამოსცა. დიდხანს ცხოვრობდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
1895 წელს 24 წლის ელისაბედი სამშობლოში დაბრუნდა. 1898 წლის 11 ოქტომბერს ცოლად გაჰყვა მამუკა ორბელიანს. ელისაბედმა განაგრძო წინაპართა ლიტერატურულ-სალონური ტრადიციები. მისი ოჯახი ქართული კულტურის მოღვაწეთა შეხვედრის კერად იქცა. იოსებ გრიშაშვილი იგონებს: „მე ხშირი სტუმარი ვიყავი ელისაბედის სალონისა. იქ ყველას ერთნაირად მიგვეჩქაროდა. ელისაბედი გვხიბლავდა თავისი მაღალი კულტურით, შინაარსიანი საუბრით, თავაზიანი სიტყვა-პასუხით. აქ ვმსჯელობდით, ვპაექრობდით. აქ ბევრ კარგ საზოგადოებრივ წამოწყებას შეესხა ფრთები.“
როგორც ირკვევა, ელისაბედ ორბელიანის სალონის ხშირი სტუმარი ყოფილა ვაჟა-ფშაველა. ლიტერატურის მუზუემში დაცულია ელისაბედის ალბომი, რომელშიც ვაჟას მიერ ელისაბედისადმი მიძღვნილი ლექსია შემონახული: ,,რა მოვიგონო, ან რა დავწერო? დღედაღამ ვსტირი, გულს მაწევს სევდა, ერთი დარდი მაქვს, ერთი ნაღველი, საგანი ნაღვლის - ქართველი დედა, იმასთან ერთად ივერის ბედი, დღეს უპატრონო, მას უნდა შველა და ალბომებში ლექსების წერით გახდება რასმე?! ვაჟა-ფშაველა“.
1907 წელს პარიზში გამოვიდა ლერმონტოვის „დემონის“ ელისაბედის მიერ შესრულებული ფრანგული თარგმანი ცნობილი ფრანგი მწერლის, საფრანგეთის აკადემიის წევრის ფრანსუა კოპეს წინასიტყვაობით. ამ თარგმანმა ელისაბედს დიდი აღიარება მოუტანა.
ელისაბედი მრავალმხრივი შემოქმედია - პოეტი, მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი და თეატრმცოდნე. ელისაბედ ორბელიანს შალვა ასლანიშვილთან ერთად ფრანგულად უთარგმნია „აბესალომ და ეთერის“ ლიბრეტო. განსაკუთრებით აღსანიშნავია სოლომონ იორდანიშვილთან ერთად შესრულებული „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგული თარგმანი, რომლის რედაქტორიც შალვა ნუცუბიძე იყო. თარგმანი უნდა დაბეჭდილიყო შოთა რუსთაველის იუბილესათვის (1937), მაგრამ ვერ მოხერხდა. მათი თანამშრომლობა გაგრძელდა მარჯორი უორდროპისეული „ვეფხისტყაოსნის“ შევსება-რედაქტირების დროს (დაიბეჭდა 1938 წელს მოსკოვში). ასევე, ს. იორდანიშვილთან ერთად გამოსცა „ფრანგული ენის პრაქტიკული სახელმძღვანელო“ (1925). ელისაბედმა ფრანგულად თარგმნა ქართველი კლასიკოსების: აკაკის, ილიას, ვაჟას ლექსები.
აღსანიშნავია, რომ გალაკტიონის დიდი სურვილი ყოფილა ელისაბედის ლექსები ეთარგმნა ვინმეს, რასაც მოწმობს ჩანაწერი გალაკტიონის დღიურში. ელისაბედი რედაქტორობდა თბილისში გამომავალ ფრანგულ და ინგლისურენოვან გაზეთებს, სადაც ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აშუქებდა და აქვეყნებდა წერილებს საქართველოს წარსულის, მომავალის, კულტურის, ტრადიციების, ისტორიული ძეგლებისა და ზნე-ჩვეულებების შესახებ. იგი ცდილობდა, ევროპელი მკითხველისთვის პირუთვნელად გაეცნო იმდროინდელი საქართველოს რეალური მდგომარეობა.
ელისაბედი ცნობილი იყო როგორც ქველმოქმედი, „მაღალი პატრიოტული სულის“ ადამიანი. აქტიურად მონაწილეობდა ქართული უნივერსიტეტის დაარსებაში. იყო პირველი ლექტორი ქალი. ელისაბედის მეუღლე მამუკა (მაკარი) ივანეს ძე ორბელიანი (1873-1924) იყო ბორჩალოს მიწების მეპატრონე, ჭრელი აბანოს (ორბელიანების აბანოსაც ეძახდნენ) მფლობელი. იგი იყო შეძლებული, სტუმართმოყვარე და ხელგაშლილი კაცი, ელისაბედის ყველა წამოწყების მხარდამჭერი და დამფინანსებელი. 1924 წლის შემდეგ, როდესაც მამუკა გარდაიცვალა (მიზეზი უცნობია), ელისაბედი გადავიდა წყნეთის ქ. 11-ში (მელიქიშვილის ქ. 11), სადაც ცხოვრობდა შვილთან - თამაზთან და დედასთან ერთად. შინაურ საქმეებში ლუკა რაჭველიშვილი ეხმარებოდა, ქრისტეფორე რაჭველიშვილის მამა. ელისაბედი თავს კერძო გაკვეთილებით ირჩენდა ღამეებს მუშაობაში ატარებდა. მიუხედავად ხელმოკლეობისა, თვითმხილველთა გადმოცემით, მის ოთახს ყოველთვის ამშვენებდა ყვავილები. როდესაც მუსიკა მოენატრებოდა, მეზობელთან შედიოდა დასაკრავად. გარდაიცვალა 1942 წელს.
ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანის სიტყვა, წარმოთქმული თბილისის უნივერსიტეტის გახსნის დღეს
„ბატონებო,
დიდი მღელვარებით აღსავსე გამოვდივარ თქვენ წინაშე, რადგანაც გათვალისწინებული მაქვს ამ წუთის სიდიადე და განსაკუთრებულად ვაფასებ იმ პატივს, რომელიც წილად მხვდა მე. ვხსნით ჩვენს საკუთარ ქართულ უნივერსიტეტს და ამით ხელახლად ვნასკვავთ ჩვენი ძველი კულტურის შეწყვეტილ ძაფს.
აღმოსავლეთის მზეზედ გაბრწყინვებული კულტურა უფრო მშვენიერდებოდა დასავლეთის აზროვნებასთან დაახლოვებით. ევროპა გვიცნობდა და ჩვენ მას ვუყვარდით, ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში რომი გვიგზავნიდა მისსიონერებს. მე-15 საუკუნეში ჩვენ უახლოვდებით საფრანგეთს - საბა სულხან ორბელიანი ელჩად მიდის ლიუდოვიკო მე-14-სთან და თავის იგავ-არაკებში თითქოს ლაფონტენის გავლენითაც გაიმსჭვალა. კრებიონი თავის ტრაგედიის რადემისტის დედა აზრს სესხულობს ჩვენი ისტორიიდან.
უკანასკნელმა ასმა წელმა ძალაუნებურად დაგვაშორა საფრანგეთის აზროვნების თავისუფალ აღორძინებას. ეხლა საჭიროა დაკარგული დროის მოგება. ბედნიერად ვსთვლი მე ჩემს თავს, რომ მოვალეობად მარგუნეს, თქვენ ფრანგული შეგასწავლოთ, რათა თვით დედანის საშუალებით გაიცნოთ და იგემოთ მისი გენიოსების ნაწარმოები. ნუ დაგვავიწყდება, რომ საფრანგეთის 1789 წლის წყალობითაა, რომ 1918 წელს გვაქვს თავისუფალი ქართული უნივერსიტეტი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს აზრი თქვენც საკმაოდ გიწინამძღვრებსთ და აღგაფრთოვანებთ“.
თამაზ ორბელიანი
ელისაბედ ორბელიანის უფროსი ვაჟი, თამაზი, თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის მოსწავლე, ნიჭიერი, მაგრამ ცელქი ბავშვი ყოფილა. მისი გიმნაზიის მეგობარი მიხეილ (ბუჭუ) დადიანი (ბაბო დადიანის ძმა) წლების შემდეგ იხსენებს: „ქართულ ენას გვასწავლიდა პეტრე მირიანაშვილი, რომელიც მე ყველა მასწავლებელზე უფრო მიყვარდა. მას ხშირად ვხვდებოდი სასწავლებლის გარეშეც, ელისაბედ და მამუკა ორბელიანების სასახლეში, რომელთა უფროსი ვაჟი, თამაზი, ჩემი გულითადი მეგობარი იყო სასწავლებელში შესვლის დღიდან საქართველოს დატოვებამდე. როგორც შემდეგში გავიგე, მან არ მოინდომა საზღვარგარეთ წამოსვლა მშობლების გამო.
ეგონა, რომ შესძლებდა მშობლების მოვლას და პატრონობას და ამიტომ დარჩა, მაგრამ ეს მისი სურვილი დიდ ხანს არ გაგრძელებულა.“ 30-იან წლებში დედასთან ერთად წყნეთის (მელიქიშვილის) ქუჩაზე ცხოვრობდა, იყო უცოლშვილო.
მუშაობდა უცხო ენების ლექტორად სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. აღსანიშნავია, რომ კონსერვატორიის პედაგოგს, პროფესორ ტრუსკოვსკის, თამაზი ბევრად უფრო ნიჭიერად მიაჩნდა, ვიდრე მისი უმცროსი ძმა ერეკლე.
კ. კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში (76) დაცულ ერეკლე ტატიშვილის (1884-1946) ცხოვრების ამსახველ დოკუმენტურ მასალაში (N135) შემონახულია თამაზ ორბელიანის თარგმანი - ალენის „ქართველი ერის ისტორია დასაბამიდან რუსეთის შეერთებამდე XIX ს.-ში“ - ერეკლე ტატიშვილის რედაქციითა და აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლის დირექტორის სერ დენისონ როსის შესავლით.
ორბელიანის გვარის ეს ნიჭიერი წარმომადგენელი უკვალოდ გაქრა
ერეკლე ორბელიანი
ერეკლე ორბელიანი, ელისაბედისა და მამუკას მეორე ვაჟი, დაიბადა თბილისში 1901 წლის ნოემბერში. სწავლობდა ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, ამავდროულად ეუფლებოდა მუსიკას პედაგოგ მარიამ ზაქარიას ასულ გაბაშვილთან. სწავლა თბილისის კონსერვატორიაში განაგრძო პოლონელი პიანისტის, პროფესორ ტრუსკოვსკის ჯგუფში. 19 წლისამ წარჩინებით დაამთავრა კონსერვატორია. ახალდამყარებულმა საბჭოთა ხელისუფლებამ, კონსერვატორიის დირექტორის რეკომენდაციით, ერეკლე ორბელიანს ნება დართო, გამგზავრებულიყო საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. თავდაპირ ველად კონსტანტინეპოლში ჩავიდა, შემდეგ კი ბერლინში. გერმანიაში სწავლობდა მაიერმაჰის ხელმძღვანელობით, პირველი კონცერტიც მალევე გაიმართა. 1924 წლიდან პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ასევე წარმატებული მუსიკალური კარიერა ჰქონდა, თუმცა, მატერიალურად ძლიერ უჭირდა. ოლღა რატიშვილის (ერეკლეს დეიდაშვილი) გადმოცემით, იგი კონცერტებში ბენიამინო ჯილისთან ერთად მონაწილეობდა. ელისაბედ ორბელიანის ოჯახის დიდი მეგობრის, რუსი კომპოზიტორის რახმანინოვის აზრით კი, მის ნაწარმოებებს ავტორის შემდეგ ყველაზე უკეთ ერეკლე ორბელიანი ასრულებდა. XX საუკუნის 30-იანი წლებიდან ერეკლე ორბელიანი ამერიკაში გადადის საცხოვრებლად.
სიცოცხლის ბოლომდე ერეკლე ორბელიანი ამერიკაში მოღვაწეობდა, სადაც აქტიურად ჩაება ქართული სათვისტომოს საქმიანობაში. 1932 წელს პავლე და თამარ კვარაცხელიების ოჯახში აკურთხეს ქართული სათვისტომო, რასაც ერეკლე ორბელიანის გარდა, ესწრებოდნენ გიორგი მაჩაბელი, პავლე ჭავჭავაძე, მოსე შანიძე, დავით ალავიძე და სხვანი. ამერიკაში ცხოვრების პერიოდში ერეკლე, როგორც შემოქმედი, ძალიან დაკავებული იყო (მართავდა კონცერტებს, წერდა რომანსებს ქართველი პოეტების შალვა ამირეჯიბის, სიმონ ბერეჟიანის ლექსებზე), ასევე იღვწოდა ქართული სათვისტომოს საკეთილდღეოდ. იგი ზრუნავდა თავისი ოჯახის წევრებზე, თბილისში დარჩენილ დედას, ბებიასა და ძმას ხშირად ეხმარებოდა, ამანათებს უგზავნიდა, მაგრამ, როგორც ელისაბედის მეზობელი იგონებს, ამანათის გამოტანა ძვირი ჯდებოდა და ზოგჯერ ადრესატამდე ვერ აღწევდა.
ევროპული ენების სრულყოფილად მცოდნე, განათლებული და ერუდირებული ერეკლე ორბელიანი რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ განყოფილების ხელმძღვანელად მიიწვიეს ცივი ომის დასაწყისში. ერეკლე ორბელიანი 1954 წლის 31 მარტს ნიუ-იორკში გარდაიცვალა.
სიტყვა, წარმოთქმული ქართულენოვანი რედაქციის გახსნისას აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ
რადიო „ამერიკის ხმის“ ქართულენოვანი რედაქცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს გაიხსნა. იმავე დღეს ეთერში ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრმა აჩესონმა:
„ბევრი რამ გამიგონია თქვენს მშვენიერ ქვეყანაზე, მის დიდებულ მთებსა და მდიდარ ველებზე, წარსულის ძვირფას ნაშთებზე: ხალხის მშვენიერ ბუნებასა და მის მაღალ სულზე... გამიგონია, როგორ მედგრად იცავდა თქვენი ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე თქვენს ძველ კულტურას და ქრისტიანულ ცივილიზაციას... თქვენ შესძელით საუკუნეთა განმავლობაში შეგენახათ თქვენი ეროვნული თავისუფლება... ჩვენ, ამერიკელები, თაყვანს გცემთ ასეთი შეუდრეკელობისათვის... დღეიდან „ამერიკის ხმა“ თქვენ მოგაწოდებთ მშობლიურ ენაზე სიმართლეს, რომლისაც კომუნისტებს ეშინიათ და ცდილობენ დაგიმალონ... ამერიკის ხალხის და მთავრობის საბოლოო მიზანია, შექმნას მშვიდობიანი მსოფლიო, სადაც აღარ იქნება მძლავრი და სუსტი და ადამიანებს შეეძლებათ იცხოვრონ და იმუშაონ თავისუფლად და ბედნიერად და ჰქონდეთ უფლება თაყვანი სცენ ღმერთს თავისი სურვილისამებრ.“
ტექსტზე მუშობდნენ: ეკატერინე გოგიჩაიშვილი თამარ შანიძე მაია ჩიკვაიძე რედაქტორი: ქეთევან ჯაყელი საარქივო მასალა: • კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი • გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი • საქართველოს ეროვნული მუზეუმი • წინანდლის სამუზეუმო კომპლექსი